"შუშანიკის სულებს აჩენს და თბილისის ოკრობოკრო ქუჩებში უშვებს... შუშანიკის შვილები ადვილად საცნობი ხალხია. მათ იოლად მიატოვებენ ხოლმე, მაგრამ ძნელად ივიწყებენ. მათ დაბადებას და გარდაცვალებას არავინ ამჩნევს. შუშანიკის შვილები სიხარული არიან, უაზრო, მაგრამ სიხარული. რომ გაიფიქრებ, ნეტა, რა მიხარიაო, იცოდე – შუშანიკის შვილმა გვერდით ჩაგიარა."
შუშანიკის შვილები ამ რომანის გმირები არიან – ადამიანები ცხოვრების დაისის დასაწყისში, ზრდასრული ადამიანები ბავშვური ოცნებებით. ადამიანები, რომლებიც მარტოსულები არიან, მაგრამ ეშინიათ მარტო დარჩენის, ადამიანები, რომელთაც უკვე აღარ სწამთ სიყვარულის, მაგრამ მაინც უყვართ.
Ana Kordzaia-Samadashvili (Tbilisi, 1968) est auteure, critique littéraire et traductrice littéraire allemand-géorgien. Entre 2003 et 2011, elle a publié un roman et deux recueils de nouvelles. Ses nouvelles ont aussi été publiées dans des anthologies de nouvelles. Ana Kordzaia-Samadashvili a traduit en géorgien des œuvres, entre autres, d’Elfriede Jelinek et Reinald Goetz. Prix obtenus (entre autres) : - Prix de la traduction du Goethe Institut pour la meilleure traduction (1999: Elfriede Jelinek, Die Liebhaberinnen) - Prix littéraire SABA pour le meilleur Début (2003) - Prix ‘Parnasi’ pour le Bestseller de l’année (2005)
ანა კორძაია–სამადაშვილი (თბილისი, 1968 წ.) არის მწერალი, კრიტიკოსი და გერმანული ლიტერატურის მთარგმნელი. 2003–დან 2011 წლამდე გამოქვეყნებული აქვს ერთი რომანი და მოთხრობათა ორი კრებული. მისი მოთხრობები ასევე შესულია სხვადასხვა ანთოლოგიებში. ქართულად ნათარგმნი აქვს ელფრიდე იელინეკის, რაინალდ გეცის და სხვათა ნაწარმოებები.
მოპოვებული აქვს ჯილდოები: – გოეთეს ინსტიტუტის პრემია საუკეთესო თარგმანისთვის (1999 წ., ელფრიდე იელინეკის „საყვარლები“) – ლიტერატურული პრემია „საბა“ საუკეთესო დებიუტისთვის (2003 წ.) – წიგნის მაღაზიათა ქსელ „პარნასის“ პრემია „წლის ბესტსელერისთვის“ (2005 წ.) - მესამე ადგილი "წლის საუკეთესო მოთხრობისთვის" (2005 წ., "ისტორიული მეხსიერება")
ეს მცირე რომანი იმ თბილისის შესახებ, რომელიც აღარ არსებობს, რომელიც მსგავსი ტექსტებით თუ შეგვიძლია გავიხსენოთ. ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გარემოს ის დეტალები, რომლებიც ავსებს ამ ტექსტს, კიდევ უფრო სრულყოფილად და ნაცნობად წარმოაჩენს.
ეს არის მცირე რომანი, რომლის გმირებიც ერთი ხელის მოსმით შექმნილია, შესაბამისად არც კი ითხოვ მათი რაიმე სახის განვითარებას... ეს უბრალოდ რამდენიმე საღამოს ამბავია, სამზარეულოებში მოყოლილი და გაერთიანებული ამ მცირე წიგნში.
ეს მცირე რომანია კარგი ადამიანების შესახებ. აი, ისეთების თუ გაიცნობ, აუცილებლად დაგამახსოვრდებიან სიცოცხლის ბოლომდე... თავიანთი ქალაქური ლექსიკით, უდარდელობით და ყოველდღიურობით.
ვერ ვიტყოდი თამამად, რომ 4 ვარსკვლავია, მაგრამ 3 ძალიან არასწორი იქმებოდა. მოკლედ, ანაა ეს წიგნი, და ეს წიგნია ანა. თითქოს მორიგ სიგიჟე ისტორიას მიყვებოდა და მეც ისევ პირღია ვუსმენდი. მოკლედ თბილი, ტკბილი და კარგა გვარიანად სევდიანი წიგნია თბილისურ ამბებზე და არამარტო თბილისურზე, ცოტა ხადას ხეობაზეც:))
"შუშანიკის სულებს აჩენს და თბილისის ოკრობოკრო ქუჩებში უშვებს... შუშანიკის შვილები ადვილად საცნობი ხალხია. მათ იოლად მიატოვებენ ხოლმე, მაგრამ ძნელად ივიწყებენ. მათ დაბადებას და გარდაცვალებას არავინ ამჩნევს. შუშანიკის შვილები სიხარული არიან, უაზრო, მაგრამ სიხარული. რომ გაიფიქრებ, ნეტა, რა მიხარიაო, იცოდე – შუშანიკის შვილმა გვერდით ჩაგიარა." შეიძლება მას მართა ერქვა, ნიკო, ან თამარ-სოლომონი. ჩაიქროლა 120-გვერდიანი წიგნის ფურცლებზე და გაქრა... როგორც ცხოვრება გაქრება ხოლმე...
ამბავი ადამიანებისა, რომლებიც დადიან ქალაქში, რომელსაც სულ უფრო ნაკლებად ცნობენ და რომელშიც სულ უფრო ნაკლები საყვარელი ადამიანი ეგულებათ. არ უნდათ, მაგრამ მაინც დადიან.
ძალიან კარგია. სახასიათო, მნიშვნელოვანი, თან ქართულ ფსევდოებს დასცინის, იგრძნობა იუმორი, რომლის მიღმა სევდა და წუხილი მოჩანს. პოსტს დავწერ და იქ უკეთესად ჩამოვაყალიბებ აზრს.
ვაფასებ ანას მგრძნობელობას, არატრადიციულ თხრობის სტილს, ხუმრობანარევ სევდიან მიზანთროპობასა და ლეგენდების ატმოსფეროს შექმნის უბადლო ნიჭს, მაგრამ, გულწრფელობაა კაცი და კაცია გულწრფელობა, ჰოდა, უნდა გამოგიტყდეთ, რომ ანა ჩემი მწერალი არ არის.
მაგრამ მშობლიურ ქალაქს ათასობით კილომეტრით განშორებული, თბილისური ქუჩების, გადაძახილების, დავიდარაბების, ბოსტნეულის მაღაზიების, თბილისური ურთიერთობების დანაკლისით რომ გაიღვიძებ, ან აკა უნდა წაიკითხო, ან - ანა. მერე რა, რომ მეც მართას მსგავსად უფრო და უფრო ნაკლები საყვარელი ადამიანი მეგულება ფანჯრებს მიღმა, მაინც არ მომბეზრდება ძველი (და არა მოდერნიზებული) უბნების სიცოცხლის ცქერა, იმიტომ, რომ იცით, რა არის, მოდი, ასე ვიტყვი - რაოდენ ძლიერიც არ უნდა იყოს საქართველოდან უკანმოუხედავად გაქცევის ჟინი, არსებობს რაღაცა, ალბათ შუშანიკის შვილების გრძელ ნაწნავებში ჩაბნეული ნოსტალგია-დარდების მაგვარი, რომელიც ყოველ ჯერზე, თუნდაც ცოტა ხნით, მიმაბრუნებს ძველისძველი ქალაქის გმირებთან.
“შუშანიკის შვილები არც ხეირი არიან, არც დანაკლისი, შუშანიკის შვილების დაბადებას და გარდაცვალებას არავინ ამჩნევს. შუშანიკის შვილებმა არასოდეს იციან, რომელი საათია ან რა რა ღირს, მიზანი არა აქვთ და თუ აქვთ - ძალიან სულელური. შუშანიკის შვილებზე იტყვიან ხოლმე, აბა რა უნდა მოსთხოვოო - და სწორია, არ უნდა მოსთხოვო, ისედაც ყველაფერს იძლევიან. შუშანიკის შვილები სიხარულები არიან, უაზრო, მაგრამ სიხარული. რომ გაიფიქრებ, ნეტა, რა მიხარიაო, იცოდე - შუშანიკის შვილმა გვერდით ჩაგიარა. უბრალოდ - ცხადია! ვერ შეამჩნიე."
მალხაზ ხარბედიას რეცენზია წავიკითხე. თურმე ანას სურვილი თბილისური მითოსის ფორმირება ყოფილა, აბა, მიუხედავად ძველისძველი სუნთქვისა, თბილისს თავისი ლეგენდის მსგავსი ისტორია არ აქვსო. ადგა ანაც და დაწერა შუშანიკის შვილების ამბავი, რომელიც არ სრულდება, ან თუ სრულდება, მხოლოდ და მხოლოდ მკითხველის სუბიექტურ წარმოდგენაში. და როგორ დაასრულებთ, ეგეც თქვენზეა.
“ისხდნენ, ეწეოდნენ. ისხდნენ, როგორც ავთანდილი და თინათინი, ან პირიქით - რას გაიგებ მათსას, როგორც თინათინი და ავთანდილი, ოღონდ ერთი პოეტისა არ იყოს, ცოტა გზააბნეულები, უფრო კი, ამბავაბნეულები… მართა ფიქრობდა, რომ ნიკო უყვარს. ნიკო ფიქრობდა, რომ მართა დედამიწაზე ყველასა და ყველაფერს ურჩევნია”
და არა, ეს არ არის ქალ-ვაჟური რომანტიული სიყვარულის ამბები. უფრო გაცნობის ამბავია, გრძელი განშორებების და, როგორც ერთმა დიდებულმა ქართველმა ქალმა თქვა, ყოველგვარი განშორების მიუხედავად, ცხოვრება ერთი დიდი შეხვედრაა, ამიტომ მართაც და ნიკოც, თამარიც და დავითიც, ყველა თბილისური პერსონაჟი თბილისური გამოცდილების ნიშნებით, შუშანიკის ტრაგიზმისა და გამარჯვების თანმდევი ცახცახით (არ შეიმჩნევენ, რა თქმა უნდა, სანამ იაფი არყით არ გამოთვრებიან ლამაზ ხეობაში) კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს, ალბათ, ახალ სხეულებში - რადგან ეს ამბავი სულების მოყოლილია. მჯერა, ჰადესის უკუნი ბნელეთიდან, გულისგამაწვრილებელი ანგარებიდან პერსეფონეს სეზონური ამოსვლის დროს არის ეს ამბავი მოყოლილი. და ამიტომ არ ქრება არც პირდაპირობა, არც ჟარგონი, არც ზიზღი თუ გაღიზიანება, რომელიც ძალიან აშკარაა ანას მხრიდან. არ ქრება იმიტომ, რომ გაზაფხულის მოყვანას დიდი ხანია უფრო მეტი მერცხალი სჭირდება.
კარგი იყო, ძალიან ნამდვილი და თბილისური.თითქოს თითოეულ პერსონაჟს პირადად ვიცნობდი, მაგრამ ძალიან მალე დამთავრდა, მინდოდა უფრო დეტალურად გამეგო მათი ცხოვრება, ოცნებები, სიზმრები, ყოველდღიური რუტინა და ა.შ თუმცა ალბათ სწორედ ამიტომ არის "ერთი რომანის სცენარი" და არა "ერთი რომანი". დანარჩენი უკვე შენზე და შენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.
ჩემი ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი წიგნია,ანა კორძაია-სამადაშვილის წიგნებიდანაც და ზოგადადაც. ნამდვილი, გაუპრანჭავი და პოპმეზურობისგან დაცლილი ამბავი იმაზე, თუ როგორ უყვარს ორ ადამიანს ერთმანეთი.
დაცემული ადამიანების ამბავია, რომელთაც შუშანიკის წარსულის ძონძებად ქცეული ამბები ფარავთ, მაგრამ სხეული შიშველი რჩებათ, ასეთი ადამიანები განწირულები არიან, ასეა უდაოდ...
ეს წიგნი იყო ის ნაცნობი სითბო რაც თბილისში გაზრდილ ადამიანს გულზე მალამოდ მოეფინება ხოლმე. დამახასიათებელი ამბის გადმოცემის მანერა და ამაში ჩაქსოვილი სევდანარევი-სახუმარო ტონი.