უნივერსიტეტში 6 თავისუფალი კრედიტი რომ გაემეტათ, ვიფიქრე, ვიფიქრე და გადავწყვიტე, 3 ანტიკური ხანის ანთროპოლოგიაზე გამეხარჯა, სამიც - ბერძნულ ენაზე. მაგრამ მთელი ეს სიახლეების თაიგული ისედაც ისე მიღებდა ბოლოს, მარტო აკადემიურად და ფინალურზე ჩაფლავების შიშით ვერ მივუდგებოდი ამ ამბავს - ლექციებს შორის 1-საათიან პაუზაზე კამპუსის კოინდარზე ჩამომჯდარი რომ წაიკითხავ, ანტიკური ხანის ეგეთი კომენტირება მჭირდებოდა საქმის გასამარტივებლად. ასე ვიპოვე პიერ ვიდალ-ნაკეს ბავშვობაში ბებიას ნაჩუქარი „ილიადისა“ თუ „ოდისეის“ წაკითხვის წყურვილსა და შიშს შორის გახლეჩის მოგონებით ნასაზრდოები, მარტივი და ასე თუ ისე ღირებული „ჰომეროსის სამყარო“ :
„და, აი, პოეტი ზოგის თვალში გრძლად (ჩემსაში - არა) მოყვება, როგორ დასახიჩრდა ულისე“.
ბავშვობის თბილ-ტკბილი მოგონებების ხსენებამ ვინმეს არასწორი მოლოდინები არ გაუჩინოს - მაგისთვის ჰომეროსისგან შთაგონებული ლიტერატურული ნაწარმოებების სია ბოლო თავში გელოდებათ, დანტეს „ღვთაებრივი კომედიით“ დაწყებული, რაღაც მე-20 საუკუნის რუსული ნაწარმოებით დამთავრებული... ვიდალ-ნაკე კი ნარატივის მიღმა მისი თანამედროვე ეპოქის ნაკვალევის მოხაზვას ცდილობს და, მაგალითად, მეთერთმეტე სიმღერაში აქილევსის ცნობილ ემოციურ პასუხს, მკვდართა საუფლოში მეფობას მზისქვეშ გლეხის დაქირავებული მუშახელობა მირჩევნიაო, 2 სახის კვლევითი მიზნის მისაღწევად იყენებს : 1. რას გვეუბნება გმირის მიერ გამოყენებული ტერმინი „თეტი“ ანტიკური საბერძნეთის სოციალურ ფენებზე ? 2. აფორიზმით „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“ მცხოვრები, ლამაზი სიკვდილის მაძიებელი პერსონაჟებით ნაქარგი „ილიადის“ შემდეგ, დროის მოკვდავური ცნებით გაჯერებულ „ოდისეაში“ სიცოცხლის კონცეფციის ასე ირონიულად გაიდიალება, ნიშნავს თუ არა რომ, კომედია საბერძნეთში ჯერ კიდევ არისტოფანემდე, ჰომეროსთან ერთად, დაწყებულა?
ამ საკვანძო კითხვების მიღმა ავტორი ტექსტის უკეთ დასამუშავებლად მცირე მინიშნებებსაც გვიტოვებს:
ა. ვიდალ-ნაკეს მტკიცედ სწამს, რომ ჰომეროსი პოეტი იყო და ისტორიოგრაფისა არაფერი ეცხო. ამიტომ, მწარედ კილავს ყველას, ვინც ოდისევსის ნაკვალევს რუკაზე ხაზავს და 2 საკულტო ტრაგედიაში რეალური მიწისა და წარმოსახვის ნაყოფის გარჩევას მიწათმოქმედების კულტურაზე დაკვირვებით გვირჩევს - ცხადია, ყველა ის მიწა, რომელზეც მაგები ბოგინობენ, არარეალურია, თუმცა არც ღვინის მოყვანა კმარა, მკითხველმა მარცვლეული კულტურა უნდა ეძებოს ;
ბ. პერსონაჟის რაინდობის გამოხატვის ავტორისათვის საყვარელი ხერხი ის უნდა იყოს, მშვილდით იბრძვის თუ ხმლით, ავაზის ტყავი მოსავს, მგლის თუ ძროხის ;
გ. პერსონაჟის სიყმაწვილიდან გამოსვლა იმით განისახზღრება, აფროდიტესაგან ბოძებული ოქროს დალალები ამშვენებს, თუ ნამდვილი ომი უკვე გარდაუხდია...
რაც მთავარია, პიერ ვიდალ-ნაკესთვის ცხადზე ცხადია, რომ "ილიადაც" და "ოდისეაც" ჯერ კიდევ კარგად წასაკითხი ნაწარმოებებია, რადგან მათი იდეური მნიშვნელობა ბერძნულ მიწებზე განვითარებული მოვლენების არა მხოლოდ ღმერთების სამყოფელის ინტრიგებთან სწორხაზოვანი კავშირით შემოიფარგლება, არამედ მეორე მსოფლიო ომის წინა დღეს ჩვენი დროითი განზომილების გასაჭირისთვისაც უპასუხია: "ტროას ომი აღარ იქნება !"