„მასკარაფონე“ ივა ფეზუაშვილის ტრილოგიის („ფსკერის სახარება“, 2019 წ.; „ბუნკერი“, 2020 წ.) მესამე, ფინალური რომანია. მკითხველი ბევრ საერთოს იპოვის წინა ტექსტებთან და გააგრძელებს საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხ მოვლენებზე დაკვირვებას, ამ წიგნში კი შეხვდება მთელ თაობას, რომელსაც მშობლებისგან ზრუნვასთან და სიყვარულთან ერთად მძიმე ტრავმებიც გადმოეცა.
„მასკარაფონე“ არის ამბავი ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც არასდროს ყოფილან ბავშვები. თინეიჯერობისას ისინი ყოველდღიურად იბრძვიან უდარდელობის, თავისუფლებისა და სიყვარულისთვის. ამ ბრძოლაში ძნელად ნებდებიან, თუმცა ზრდასრულ ასაკში ბავშვურად ცხოვრების სურვილმა ისინი ტრაგიკულ შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს.
ერთმა მეგობარმა მითხრა, წიგნს რომ დახურავ და განცდა გრჩება, რომ პერსონაჟი მიატოვეო, მაშინ ყოფილა ეგ წიგნი კარგიო... ჰოდა, რა უნდა ვთქვა. ყოველთვის მაკლდა პოსტ საბჭოთა ამბების, ჩვენი დაკარგული თაობის, უბავშვობო ბავშვების ნაღდი, შეულამაზებელი ამბები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. კი, შეიძლება ბევრია, ზედმეტად ბევრიც კი, არიან ბლომად ავტორები, რომლებიც ამ თემას ეხებიან, მაგრამ ისე ღრმად ვერ აღწევენ მასში როგორც ამას ივა აკეთებს. ეს სამი წიგნი არის ბრაზი, ყვირილი, ხმამაღალი საყვედური არასწორი და სამარცხვინო წარსულის მიმართ, რომლის წანაზარდებიც, მეტასტაზებიც დღემდე ცოცავენ და აკრავს ყველაფერს გარშემო, ფსკერიდან ზედაპირზე ამოსული გადამალული ბუნკერის მყრალი სუნი.. მყრალი სუნი, რომელსაც ,,ჭკვიანი ურნებიც" რომ ვერ ანეიტრალებენ. საზოგადოება, რომელშიც ,,ყველა ვიღაცის ვიღაცაა და სინამდვილეში არავინ არავის არაფერი" ქუჩებში, რომლებშიც მშვიდობაა და ხეებზე პოლიეთილენის პარკები. ბავშვობა დაკარგული თაობა, რომელსაც ჰგონია, რომ პრობლემიდან ,,აეზაკამი" უშველის. აეზაკამი. აეზაკამი. ტკივილია ეს რომანი. უხეშია. სასჯელია. უსიყვარულოდ ნაცხოვრები კი არა, უსიყვარულოდ ჩასახული თაობის ჰიმნი, ,,ვიცი, რომ არ გიყვარვარ." სარკეა ,, მასკარფონე" ქვეყნისა, რომელშიც ,,კაცი თუ არის დასასჯელი იქვე რატომღაც ქალებსაც სჯიან." წასაკითხი რომანია, რომ ,,ვერდავიწყება იქცეს სასჯელად."
ძალიან ჩამთრევი, ძალიან დინამიკური, ძალიან ინდივიდუალური, ოსტატურად დაწერილი (განსაკუთრებით ფინალი). ანოტაციით მოვიხიბლე და არ მეგონა, ასე ძალიან თუ მომეწონებოდა. მთავარ პერსონაჟთან თითქმის არაფერი მაქვს საერთო და მაინც ძალიან კარგად მესმოდა მისი და საერთოდ ყველასი ("ამ ისტორიაში არავინ არაა მართალი"), რადგან ეს წიგნი ერთგვარი მხილებაა და ამბავია ყველა იმ ტრავმისა და კომპლექსისა, ყველა იმ ტრაგედიისა, რაც კი გვტანჯავს ქართველებს ბოლო 30 წლის განმავლობაში, არ აქვს მნიშვნელობა, ქურდზე ვსაუბრობთ, კაი ბიჭზე, ათოსანზე თუ დრეგ ქვინზე. "მასკარაფონე" დროსა და სივრცეში გადაზელილი ამბავია "სნეული თაობის მეტასტაზებზე" - იმ თაობაზე, წრე რომ უნდა გაარღვიოს, მაგრამ ვერ ახერხებს. ალბათ, ამიტომაც არ გააჩნია კონკრეტული სახელი პერსონაჟთა უმრავლესობას - ისინი ყველა ჩვენგანს აერთიანებენ და კონკრეტულ ინდივიდებს არ გულისხმობენ, ყველა მათგანს ახლოდან თუ არა, შორიდან მაინც ვცნობთ, ჩვენს სანაცნობო წრეში ვხედავთ.
"სიყვარულზე ვერჩაფიქრებული თაობის ჰიმნი. იმ თაობის, სიყვარული რომ ვერ განიცადა, მაგრამ რომ ისწავლა. ნასწავლი სიყვარულის თაობა."
გაივლის წლები და მომავლის მკითხველები გადაშლიან ივა ფეზუაშვილის ტრილოგიას. წაიკითხავენ იმ თაობის ამბავს, რომელმაც ვერ ამოყვინთა ფსკერიდან, ვერ მოიშორა ბუნკერის მყრალი სუნი. ისინი არასდროს ყოფილან ბავშვები - პირდაპირ მონსტრებად იქცნენ. მათი ახალგაზრდული უჯრედები შეჭამა მეტასტაზებმა - გაანადგურა მოძალადე, უსუსურობის გამო გალოთებულ მამებთან მსგავსებამ, მსხვერპლად ქცეული დედების მარადიულმა მონატრებამ, "ბიძების ზრუნვამ", სიყვარულის შეუძლებლობამ, "ქუჩის კანონებით" ცხოვრებამ... მათ არდავიწყება ექცათ სასჯელად და ეს წიგნებიც ამიტომ დაიწერა - არდავიწყებისთვის, არგანმეორებისთვის...
მიუხედავად იმისა, რომ პირველი წიგნი საკმაოდ ჩამორჩება დანარჩენ ორს, საერთო ჯამში, ფეზუაშვილის ეს ტრილოგია იდეალურად ასახავს დამოუკიდებელი საქართველოს მთლიან ეპოქას დღევანდელობამდე.
ეს მესამე წიგნი განსაკუთრებით საინტერესოა არა მარტო შინაარსით, არამედ წერის სტილით და ფორმითაც.
ერთმა მწერალმა თქვა მეორე და შემდეგ ნაწარმოებებზე, ყოველთვის რთულიაო მაგათი დაწერა. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ფრაზა "წინა ჯობდა" ყურს ჭრის ძალიან ცუდადო. ცხადია არ ვციტირებ. ჰოდა რა ვქნა, რომ მეც ეს ფრაზა ამომიტივტივდა ძალაუნებურად ამ წიგნის კითხვისას. უდავოდ ძალიან კარგია, შინაარსიდან დაწყებული, მისი გადმოცემის ფორმით დამთავრებელი (მართლა არ მგონია სხვა რომელიმე ფორმა მეტად მოხდენოდა ამ ამბავს მთლიანობაში და ამ პერსონაჟს). ცალკე აღსანიშნავია თვითონ ეს თემა- ე.წ. "ბნელ 90-იანებზე" ლეგენდების მოყოლა (ცოტა არ იყოს და ძალიან გარომატიზებულის) ერთია და რომანის დაწერა- მეორე. საერთოდაც ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ასეთი მნიშვნელოვანი პერიოდი ქვეყნის ისტორიაში არც დასავიწყებელია, არც ოჯახში ჩუმად მოსაყოლი და არც ქუჩაში ხმამაღლა სატრაბახო, არამედ ზუსტადაც რომ დასაწერია და გასააზრებელია, კარგად გასააზრებელი თან.
ბუნკერი რომ წავიკითხე და მერე სპექტაკლადაც ვნახე ვფიქრობდი, ამ კაცმა კიდევ რა უნდა დაწეროს ისეთი, რომ ასე გადამიყვანოს ჭკუიდანთქო. სიმართლე რომ ვთქვათ, ბუნკერი მაინც მწვერვალად რჩება ჩემთვის და მასკარაფონეც სადღაც ძალიან ახლოსაა ამ მწვერვალთან თავისი 4.5 ვარსკვლავით, რომელიც უფრო ხუთთანაა ახლოს, ვიდრე ოთხთან. შეიძლება, ჯერ რომ მასკარაფონე წამეკითხა ასე აღარ მეფიქრა, მაგრამ…
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს წიგნი (ისევე როგორც მთლიანად ტრილოგია) არის დიდი საგანძური ქართული თანამედროვე ლიტერატურისთვის.
უმნიშვნელოვანეს თემებზე დაწერილი ტექსტი, რომელიც თითქოს დაჩეხილია, თუმცა მაინც იმავე სწრაფი ტემპით იკითხება. ტექსტი სადაც ერთი რამ არ ხდება კარგი და გასახარი. უმძიმესი, უსაშინლესი, უდრამატულესი თხორბა და ასეთივე ფინალი. ჩემი აზრით, ივა ფინალების დიდოსტატია. სამივე ტექსტის ფინალი არის ბოლო დონეზე შესრულებული.
ერთი დასასრული არ მომეწონა(ცოტა სხვანაირს ველოდი) და მეორე რაღაც ეპიზოდები გაუშლელი და დაუმთავრებელი დარჩა, ცოტა მიფუჩეჩებულადაც მომეჩვენა. მთლიანობაში კარგია, არ მეყო.
ცხოვრებისგან დაღდასმული მამების და ცხოვრებისგან დაღდასმული შვილების ტკივილია ეს წიგნი, მათი ბოდვაა, ამბოხია, ბოდიშია და ვერდავიწყებაა, სასჯელად ქცეული ვერდავიწყება.
9მიუხედავად იმისა, რომ რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ქართული ლიტერატურა ჩემთვის საკმაოდ უცხოა, წიგნთან ასეთი დიდი სიახლოვე პირველად ვიგრძენი. საკმაოდ ღრმად ჩამწვდა სულში ის სლენგით წარმოთქმული ტოპონიმები, სტერეოტიპული ზედმეტსახელები და რაც მთავარია კულტურული "რეფერენსები". კითხვის დასასრულს მივხვდი, რომ ეს ატმოსფერო სამწუხაროდ ჩემთვის უცხო არ იყო და მიუხედავად იმისა , რომ სხვა დროს მოგვიწია, რეალურად ჩვენი თაობაც ასე გაიზარდა და მხოლოდ მცირედი განსხვავებები არის, რომელიც უკეთესი ყოფითი პირობებით არის განპირობებული. დამაიმედებელი არის ის, რომ ჩვენი თაობა ამ ატმოსფეროს აჩრდილში გაიზარდა და არა მასში მიხვდა და გაიაზრა ამაოება ამ წლებისა და შემდეგი თაობა უკვე დანამდვილებით თავისუფალი იქნება ამისგან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ ეს წლები იყო დამოუკიდებელი საქართველოს დაბადება ეს იქნება სიკვდილიც, რუსეთში შებრუნების პირველი ეტაპიც სწორედ ესაა. ვერის ფაქტორი რო არა რამდენად 5 ვარსკვლავი იქნებოდა არ ვიცი მარა მინიმუმ 4 ყველა ვარიანტში. ცოტა დამტანჯა თხრობის სტილმა, მაგრამ საკმაოდ უხდება სიტუაციურად.
"ახალი საქართველო. შუქი მოვიდა. გაზი გვაქვს. გეზი! გაი პატრულმა ჩაანაცვლა და ბავშვებს რატომ ვერ ჩაუნაცვლეს იარაღები? მამების გავლენა რატომ ვერ ჩაუნაცვლეს შვილებს? რანაირი თაობა აღმოვჩნდით? გარდამავალი? ხიდი ჩაბნელებულ და გაბრწყინებულ საქართველოს შორის?"
საქართველოს ბოლო საუკუნია და ბოლოწ წონა ბოლოს რეალობა ასახული მოზარდის თვალებით. ძალიან ზუსტი პერსონაჟებით სიტუაციებით და სამწუხაროდ იმ სისასტიკით რომელიც დღემდე არის. ძალიან ინტენსიურად დაწერილი, ზუსტი წარმოსახვით.
ისედაც ამ ნაგავში ვცხოვრობ და კიდე ასეთ წიგნებს რა მაკითხებს:( უმაგრესი ტრილოგიაა, ჩაჯმული თანამედროვე ქართული ლიტერატურა არ იმსახურებს ასეთ ნიჭიერ ავტორს. ;დ
რთული წასაკითხია, კიდევ უფრო რთული მისაღები. ალბათ იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ყველაფრის ნაწილი იყო, განსაკუთრებით ემოციურია ამ ყველაფრის გააზრება.
ეს წიგნი უფრო ისტორიული სახელმძღვანელოა, ვიდრე მხატვრული ლიტერატურა.
წიგნის წერის მანერა ისეთია, ჩემით როგორ წავიკითხავდი არ ვიცი, საბაზე ვუსმინე აუდიოწიგნს, ბუკა თოლორდავას არაჩვეულებრივ, შესანიშნავ გახმოვანებას. ალბათ ჩემი წაკითულით ამხელა სიამოვნებას ვერ მივიღებდი.
ზუსტად ისეა დაწერილი, როგორადაც უნდა დაწერილიყო, რომ ადამიანს ეს ყველფერი გეგრძნო. ზუსტი სიტყვები და ჩემს ტანში ჟრჟოლა. ხანდახან სულ ერთი სიტყვაც საკმარისი იყო, რომ ზუსტად მეგრძნო პერსონაჟების ტკივილები, შიშები, ემოციები, გაფართოებული თვალები... მთელი წიგნი ტკივილი და წარსულის ლანდებია რომელიც სულ თან სდევთ და რომელზეც ყველამ უნდა ვიცოდეთ.