დოქტორი სპააკი ოქროსხელება ქირურგია. მას ისე შეუძლია შეუცვალოს ადამიანს გარეგნობა და იერი, რომ შეიძლება დედამ შვილი ვეღარ იცნოს და ცოლმა — ქმარი. ექიმის გარშემო განვითარებულ იდუმალ მოვლენებს სხვადასხვა პერსონაჟის პერსპექტივიდან ვაკვირდებით და მათთან ერთად ნელ-ნელა ვიგებთ შემზარავ სიმართლეს. სიმართლე კი კომპანია "სპააკ ენდ სტიქსის" უკან იმალება, რომელსაც მსურველები იმ ქვეყნად უმტკივნეულოდ და მყისიერად, კლიენტის მიერ ერთი მარტივი ბლანკის შევსებისა და შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ მიჰყავს.
ნაწარმოები შემოკლებული სახით პირველად გამოქვეყნდა 1991 წელს ჟურნალ "ნაკადულში", სამ ნაწილად.
ნუგზარ აფხაზავა (1935-2003) ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი ქართველი მწერალია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. პროფესიით ინჟინერ-გეოლოგი, ხოლო მოგვიანებით ფილოლოგი და ჟურნალისტი, მრავალი სამეცნიერო ფანტასტიკური კრებულის ავტორია.
Black Mirror-ის ერთ-ერთი საუკეთესო სერია, რომელიც ჯერ არ გადაუღიათ. არაერთი საინტერესო თემა და მოტივია გაშლილი დუალიზმიდან დაწყებული, საიქიოს მონეტიზაციით დამთავრებული.
ობიექტური კუთხით 5 ვარსკვლავი შეიძლება არ ეკუთვნოდეს, მაგრამ ჩემი რეცენზიაა, რასაც მინდა, იმას დავუწერ.
ძალიან საინტერესო, დაძაბული და მოძრავი სიუჟეტი აქვს. ასეთ მოკლე ფორმატში მშვენიერი ამბავია მოკვარახჭინებული. დიდი სიამოვნებით ვნახავდი ამ წიგნის მიხედვით გადაღებულ ფილმს.
თითქოს ბევრი ელემენტია სხვადსხვა საიფაი ქვეჟანრიდან ჩაყრილი (სპოილერების გამო სათითაოდ ყველას არ ჩამოვთვლი), თითქოს დანაწევრებული თვალთახედვა ერთდროულად ბევრ მოქმედ გმირს გაცნობს, თითქოს აქეთ-იქით დახტის ნარატივი და სხვა წიგნის შემთხვევაში შეიძლება ეს ყველაფერი ნაკლად ჩამეთვალა, მაგრამ არა - აქ. "იანუსში" პირიქითაა. ეს ფანტასტიკური დეტალები კარგად ერთიანდება საერთო ნარატივის ირგვლივ, სხვადასხვა თვალთახედვაც ამბავს მრავალი კუთხიდან გვანახებს და მათი მონაცვლეობაც ბევრად უფრო დინამიურს ხდის სიუჟეტს. მომეწონა ეს ყველაფერი.
ერთადერთი, რაც დავუწუნე: პერსონაჟების უმეტესობა ერთმანეთს ჰგავს. უკან-უკან ვფურცლავდი სახელების გასახსენებლად, ვინ ვინ იყო, რომ აღმედგინა. მაგრამ ასეთ მცირე გვერდების რაოდენობაში ვერც მაგ პერსონაჟების დახვეწას მოვითხოვ და ვერც გმირებს შორის ურთიერთობების კარგად და გემრიელად განვითარებას. მაშინ რომანად უნდა დაწერილიყო ეს ამბავი და არა პატარა ნოველად (და არც მაგაზე ვიტყოდი უარს).
ასევე, ის ფაქტი, რომ ეს ნაწარმოები თავის დროზე ნაწილ-ნაწილ იბეჭდებოდა გაზეთში, ბოლო თავში ერთ მომენტს სხვანაირ ხიბლს სძენს. თითქოს მკითხველიც ამბის ნაწილი ხდება.
დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ნუგზარ აფხაზავას სხვა ნაწარმოებებს. მარგალიტი გვყოლია ქართულ ფანტასტიკაში და არ ვიცოდი.
ზოგადად, ქართულ (ძველ) სამეცნიერო ფანტასტიკას არ ვაკრიტიკებ. ყველას ვაფასებ და თავისებურად მიყვარს. ეს წიგნი მართლაც აღმოჩენაა! პატარა და დაძაბული თავები ამბავში უფრო ღრმად გვძირავს და თანდათან ვხვდებით საერთოდ რა ხდება. ეს წიგნად თავის დროზეც უნდა გამოცემულიყო, მაგრამ ახლაც მადლობა ავტორის მეუღლეს და გამომცემლობა მედუზას ასეთი შესაძლებლობისათვის.
ძალიან მომეწონა წიგნი. ჩემი პირველი შეხება იყო ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკასთან და მიხარია, რომ ამ წიგნით დაიწყო. ავტორს თხრობის თავისებური სტილი აქვს, რაც საბოლოო ჯამში დეტექტიურ სიუჟეტსაც ქმნის. ცოტა მარტივის შეგრძნებას ტოვებს, მაგრამ ეგ ხიბლს მაინც არ უკარგავს. ვიღაცამ black mirror-ს შედარა და არ შემიძლია არ დავეთანხმო. ამ წიგნისგან ძალიან კარგი სერია გამოვიდოდა. მთელი გულახდილობით ვუწევ რეკომენდაციას და იმედია ისიამოვნებთ კითხვის პროცესით ❤️
მოულოდნელად ნაპოვნი მარგალიტია ეს წიგნი ჩემთვის. ალბათ, ვერასდროს ვიფიქრებდი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკური დეტექტივი თუ ჩამივარდებოდა ხელში. სპოილერების გარეშე ძნელია, რამე ვთქვა, ამიტომ თავს შევიკავებ, მალე ხელთ გვექნება და თქვენ თვითონ ნახავთ ^_^
რამდენიმე საათში წიგნი როდის წავიკითხე ბოლოს არ მახსოვს, ერთი ამოსუნთქვით იკითხება, საინტერესოდ და მოულოდნელად ვითარდება მოვლენები. ერთადერთი, უცხოურ სახელებთან კომბინაციაში სუფთა ქართულ თხრობასთან/ლექსიკასთან შეუსაბამობა მქონდა თავიდან, თუმცა, ამასაც შევეჩვიე, ნაკლებად მაწუხებდა რამდენიმე ფურცლის წაკითხვის შემდეგ.
სწრაფად წაკითხვადი წიგნების სერიის წიგნია. გარდა იმისა, რომ მცირე მოცულობისაა, ისეთი ენითაა დაწერილი, მალე იკითხება. მოთხრობის სიუჟეტს ფილმის კადრებივით ვხედავდი. რაც დამაკლდა, პერსონაჟების ინდივიდუალიზმი იყო. ვინ ვინ იყო მავიწყდებოდა და წინ და უკან ვფურცლავდი ხოლმე გასახსენებლად.
Wow, არ ველოდი ასეთი საინტერესო თუ იქნებოდა. შესაძლოა 5 ვარსკვლავი ცოტა წამატებულია, თხრობა ნამეტანი "ქართულია" და ყურს ეხამუშება უცხო სახელებთან ეს ქართული ფრაზები, თუმცა, ვფიქრობ, ძალიან კარგი მასალა იქნებოდა სერიალის/ფილმის სცენარისთვის.
ამ წიგნი აღმოჩენა ძალიან კარგი ისტორიაა და პრეზენტაციაზე მოვყვებით კიდევ ერთხელ :დ რეალურად 2021 წლის ოქტომბერში წავიკითხე და მაგ წელს დაფეილებულ ჩელენჯს ახლა მივამატებ წიგნს :D <3 მიუხედავად იმისა, რომ აფხაზავა ძალიან მიყვარს, მაინც არ ველოდი ამდენად კარგ ნოველას. დეტექტივის ელემენტები აქვს და ფლოთ თვისთები, უფ :დ ბევრის თქმა რთულია 150 გვერდიან პაწია წიგნზე, ამიტომ წაიკითხეთ და თვითონ ნახავთ :დ P.S. ჯერ არ გამოსულა, მაგრამ აპრილის ბოლომდე იქნება