კრებულში „კონკიას ღამე“ შესულია მწერლის მიერ ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე შექმნილი ცხრა მოთხრობა - „სიტყვა და წიგნი“, „მაყვლიანი“, „საოჯახო ქრონიკა“, „ხანმოკლე შვებულება“, „დაპატიჟება კინოში“, „კონკიას ღამე“, „მატარებლები გვირაბში შედიან“, „განსხვავებული კალიბრის ვაზნა“ და „გლობალიზაცია“. ჟანრულად და ფორმის თვალსაზრისით კრებული ძალზე მრავალფეროვანია. მას წინ უძღვის ესე ზეპირი სიტყვისა და დაწერილი წიგნის შესახებ. ავტორი ესეში ბევრ რამეს ეხება, ჰომეროსიდან დაწყებული „ვეფხისტყაოსნით“ დამთავრებული. „მაყვლოვანი“ მოგვითხრობს უძველეს ლათინურ ხელნაწერზე, რომელიც საბოლოოდ ლიტერატურული უცნაურობა აღმოჩნდება. თანამედროვე ქართული ეპისტოლარული პროზის შესანიშნავი ნიმუშია „საოჯახო ქრონიკა“. მისი გმირები - ერთი ოჯახის წევრები - ერთმანეთს წერილებით ესაუბრებიან. აქ ავტორი ადამიანის სულის სიღრმეებს სწვდება. სხვა მოთხრობებში მოქმედება ხდება საქართველოში განვითარებული ისტორიული და საზოგადოებრივი მოვლენების ფონზე. გმირები ძირითადად ჩვენი თანამედროვეები არიან. ავტორი დიდი ფსიქოლოგიური სიზუსტით ხატავს მათ პორტრეტებს. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია მოთხრობა „გლობალიზაცია“. მთავარი გმირია მოხუცი ქართველი გლეხი. იგი მოგვითხრობს თავისი ცხოვრების ამბავს, რომელიც წარიმართა საქართველოში განვითარებული ისტორიული მოვლენების ფონზე - საქართველოს გასაბჭოებიდან 90-იანი წლების ჩათვლით - და მთლიანად ამ მოვლენებთანაა გადაჯაჭვული.
კოტე ჯანდიერი დაიბადა 1958 წლის 23 მაისს. მშობლები: რუსუდან გვარამია, ირაკლი ჯანდიერი. მეუღლე – ლეილა ჭიჭინაძე (1955). შვილი – სოფიო (1987). 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. ჰობი: მთაში და უცნობი ქალაქების ქუჩებში ხეტიალი, ახალი ნაცნობობანი.
კრებულში შესული ყველა მოთხრობა თითქმის თანაბარი სიძლიერის იყოს, ძირითადად იშვიათობაა ხოლმე და ეს წიგნიც ამ გამონაკლისის ნათელი მაგალითია. ერთ-ერთი საუკეთესო პროზაული კრებულია და მორიგი საშუალება ისეთი ხალხის გაწბილებისა, თანამედროვე ქართული ლიტერატურისა და ცოცხალი მწერლების მიმართ სკეპტიკურად რომ არიან განწყობილნი. ჩემს ერთ მეგობარს დავესესხები და ვიტყვი, რომ ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც "კონკიას ღამე" უმშვენებს წიგნის თაროებს. დანარჩენი, როგორც ტექსტშია...
მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ 2 მოთხრობა ამოსაღებია ამ კრებულიდან, “საოჯახო ქრონიკა” და “დაპატიჟება კინოში” ალბათ, საუკეთესო მოთხრობებია, რაც წამიკითხავს, ამიტომ გული არ გამიშვებს 5 ვარსკვლავი რომ არ ავანთო.
"საოჯახო ქრონიკა" და "დაპატიჟება კინოში" ჩემი უსაყვარლესი მოთხრობებია :) ბოლო მათგანს საერთოდაც საუკეთესოდ მივიჩნევ ჯანდიერის არცთუ დიდ (სამწუხაროდ) ლიტერატურულ მემკვიდრეობაში. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის 70-იანი წლების საქართველოს ახალგაზრდობის რეკვიემი. რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო, ყოველთვის იგივე გრძნობა მაქვს, რაც პირველი წაკითხვის დროს (რაც ძალიან დიდი ხნის წინ იყო, 90-იან წლებში) - სევდის და უსაშველობის.
ძალიან კარგი მწერალი, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ცოტას წერს. ჩემი რჩეული მოთხორები ამ კრებულში "დაპატიჟება კინოში" სადაც კარგადაა ნაჩვენები ჩვენი მამების თაობის ის ახლაგაზრდული შემართება, სიმართლისკენ სწრაფვა და უსამართლობის მიუღებლობა, რომელიც როგორც ჩანს ასაკთან ერთად ნელ-ნელა ინავლება. და რა თქმა უნდა მოთხრობა "გლობალიზაცია", კახელი გლეხის ოჯახის ისტორიით ნაამბობი ჩვენი ქვეყნის ახალი და უახლესი წარსული, ერთ-ერთი საუკეთესო ვრცელი მოთხრობა, რაც ბოლო წლებში წამიკითახავს, პირდაპირ გულში რომ ურტყამს.