მნიშვნელოვანი წიგნია რეკლამისა და კომუნიკაციის შემსწავლელებისთვის. განსაკუთრებით, ვინც სააგენტოს ცხოვრებაში აპირებს ჩართვას. ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც ყოველდღიურობაშია დასანერგი, განსაკუთრებით, როდესაც სამუშაო ეთიკას, ნამუშევრების შეფასებას, წარმატებულ და წარუმატებელ კამპანიებს ეხება. ჰოფმანი მკაცრად აკრიტიკებს ე.წ. კლიენტის მხარესაც, რომელიც ძირითადად დაწუნების პოზაშია გაჭედილი და ყოველთვის შეუძლია შემქმნელებს ("კრეატორებს") ფულიანი თითი უქნიოს (ხშირად მხოლოდ თავისი ხელფასის გასამართლებად).
მინუსი ასეთი წიგნების არის ის სკეპტიციზმი, რაც ავტორს ციფრული სამყაროს მიმართ გააჩნია. მესმის 2010-იან წლებში სრული აბსურდი იყო ჩართულობის, "ლაიქების" და ა.შ. მნიშვნელოვან საზომებად გამოყენება. ამის გამო არ მგონია დიდი დანაშაული ჰქონდეს ჰოფმანს, რადგან მწარე სკეპტიკოსად დარჩა ამ სამყაროს მიმართ. უფრო მნიშვნელოვანია "გამაზვები" წინასწარმეტყველების ნაწილში, როდესაც ეგონა, რომ მსგავსი მიდგომები კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა და სოც. მედია უმნიშვნელო, ფულის გადასაყრელ ადგილად გადაიქცეოდა.
ამ წიგნის გამოსვლიდან რამდენიმე წელიწადში ციფრული კომუნიკაცია ისეთ სიმაღლეზე ავიდა, რომ კომუნიკაციის სპეციალისტებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა გახდა სწორი, გარდამტეხი საზომების შემოღება და დანერგვა. ამ ყველაფრის კი მომხმარებლამდე მიტანის ორიგინალური, განსაკუთრებული მეთოდები, რომელიც ბრენდის, კომუნიკაციის და საერთოდ აქამდე არსებული ყველანაირი მიდგომის "დაჩელენჯება" და გადააზრებაა.
ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა პირადი სივრცის დაკარგვასა და მის ირგვლივ საკითხებზე მეტი დაწერილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნში ერთი თავი ეთმობა ამ ნაწილს და ხშირ შემთხვევაში სწორადაც არის გაკრიტიკებული მომხმარებლების პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხები. უბრალოდ, ეს იკარგება ციფრული სამყაროს სკეპტიციზმში და წუწუნში, რომ ახალი მიდგომები არ ამართლებს.
საინტერესო იქნებოდა ამ წიგნის 20 წლისთავის გამოშვება, ნეტავ როგორ დაინახავს ჰოფმანი ამ ყველაფერს. რამდენად კრიტიკული და მკაცრი იქნება მისი იდეები. იმედია, ის ან მისი ციფრული ვერსია აუცილებლად გაგვიზიარებს უახლეს მოსაზრებებს.