კრიტიკულმა რეალიზმმა, ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობისას, ყველაზე ღრმად და ცხოვლად ასახა იმ დროის ეროვნული სინამდვილე.
მოთხრობის, „კაცია-ადამიანი?!“, მთავარი სიუჟეტი ვითარდება ცოლ-ქმრის - ლუარსაბ თათქარიძისა და დარეჯანის ირგვლივ.
კიტა აბაშიძე წერდა: „ილია ჭავჭავაძე თათქარიძეთა სახით მთელი ჩ��ენი ერის ცუდ-თვისებათ და ნაკლოვანებას გვიხატავს“. ამრიგად, ცხადია, რომ თათქარიძეობა საერთო ქართული მოვლენა ყოფილა.
მაინც რა არის ეს ცუდი თვისება და ნაკლი? პირველი თვისება სიზარმაცეა.
ლუარსაბზე ამბობდნენ, სტუმარი ეჯავრებოდაო. მაგრამ ეს თურმე სიძუნწით არ მოსდიოდა. ილია ირონიულად შენიშნავს, სიძუნწე და ქართველი ერი ისე ვერ მოთავსდება ერთად, როგორც ცეცხლი და ყინულიო. მაშინ რატომღა ესიკვდილებოდა ლუარსაბს სტუმრის მოსვლა? „სტუმარი იმიტომ ეჯავრებოდა, რომ უნდა ამდგარიყო და ტანთ ჩაეცვა.”
სიზარმაცის ნაირსახეობა ცრუსაქმიანობა, ცრუაქტიურობაცაა. ამაში ლუარსაბის თანამეცხედრეს, დარეჯანს, ტოლი არ ჰყავს. „საკვირველიც იყო და სასაცილოც იმ ჩვენის კნეინის ტყუილუბრალოდ ფაცი-ფუცი.”ეს უაზრო ბზრიალ-ტრიალი და ფაცი-ფუცი ლუარსაბს საქმე ეგონა და კმაყოფილი ბუტბუტებდა: „კაი ოჯახის ბურჯია, კაი მადლიანი დედაკაცია! გმადლობ, ჩემო გამჩენო, რომ ამისთანა შემახვედრე“.
სიზარმაცის, ცრუაქტიურობისა და ცრუსაქმიანობის შედეგი ნათელია. ამის უტყუარი მაგალითია ლუარსაბ თათქარიძის სახლ-კარი. დახატულია სრული გაპარტახებისა და ნგრევის სურათი. ლუარსაბ თათქარიძის უბადრუკი სახლ-კარის ხილვა ყოველ ნორმალურ ადამიანში ერთ სურვილს უნდა იწვევდეს: ხელები დაიკაპიწოს და თავდაუზოგავად იშრომოს. თუმცა თათქარიძე უზომოდ თვითკმაყოფილია და კვეხნის დაუოკებელი სურვილით აღსავსე. კიდევ ერთი ნაკლი თათქარიძეებისა: თვითკმაყოფილება და კვეხნაა.
თათქარიძეებს უყვართ ტრაბახიც. კვეხნის საინტერესო მხარე კი ის არის, რომ ამ ტრაბახის არავის სჯერა, გარდა თავად ლუარსაბისა და დარეჯანისა.ტყუილი მათი არსებობის პრინციპია.
იბადება კითხვა – სიზარმაცის, ცრუსაქმიანობის, ტყუილის, თვითკმაყოფილების, კვეხნისა და პირფერობის ატმოსფეროში რა უნდა აკეთოს ადამიანმა? ჭამოს...და ლუარსაბიც და დარეჯანიც ჭამენ. „ხვალ რა ვჭამოთ, – იტყოდნენ საღამოზედ. ეს იყო იმათი აზრის აღებ-მიცემობა“.
თათქარიძეების ცხოვრების სურათი ნათელია, მაგრამ ასეთ ცხოვრებას რა უნდა მოჰყვეს, როგორ უნდა გაგრძელდეს იგი? ილია მკაფიო პასუხს იძლევა – სრული უნაყოფობაა ასეთი ცხოვრების დასასრული. რამდენი იწვალეს ლუარსაბმა და დარეჯანმა, რამდენი არ ილოცეს, როგორ არ შეაწუხეს ღმერთი მაგრამ არ იქნა და არა: არ შეეძინა ლუარსაბს შვილი.ამ ფაქტს ალეგორიული ხასიათი აქვს. ილიას აზრით, მათნაირი უმოქმედო ხალხი არ უნდა გამრავლდეს.
„მოკვდა ლუარსაბიცა ისე, როგორც იხოცებიან ბევრნი ჩვენგანნი, რომელნიც არც თავის სიცოცხლით უმატებენ რასმეს ქვეყანასა და არც თავის სიკვდილით აკლებენ“.
შემიძლია თამამად დავასკვნა, რომ თათქარიძეობა არის ცრუსაქმიანობა, ცრუაქტიურობა, თვითკმაყოფილება, ბაქიაობა, მატყუარობა, პირფერობა, თვალთმაქცობა, ღორმუცელობა და უნაყოფობა. სად არის მათი სხნა? რაღა თქმა უნდა, მოქმედებაში.
„მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ქვეყნის სიცოცხლისა და ღონის მიმცემი“ - ეს არის ილიას მთელი შემოქმედების მთავარი სათქმელი.