ბასა ჯანიკაშვილის რომან "ომობანას" 2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომი გასდევს მთავარ თემად. სახელმწიფოთა შორის შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე, სოფელში დასასვენებლად წასული ერთი ჩვეულებრივი ოჯახიც ფრონტის ხაზს ემსგავსება, სადაც ომს ცოლ–ქმარი – ვერა კეკელიძე და გურამ დარჩია წარმართავენ. მათი შვილი ნასროლი კენჭით რუსულ ავიაგამანადგურებლებს აფეთქებს, ხოლო ჩამოცვენილ რუს მფრინავებს ოჯახი დახვრეტას უპირებს, თუმცა მანამდე ქართული სტუმართმოყვარეობითა და გულთბილი მასპინძლობით აკვირვებს. რომანის სიუჟეტში ხშირად იშლება ზღვარი რეალობასა და ვირტუალურ სამყაროს შორის. მკითხველი თავად აირჩევს, რომანის პერსონაჟები კონფლიქტის ნამდვილი მონაწილეები გახდებიან თუ – კომპიუტერული თამაშის გმირები.
დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამატურგიის ხელოვნების ფაკულტეტი 1996 წელს. 1993-1995წწ. - ტელეკომპანია "მეორე არხი"-ის რეჟისორი; 1996-1998წწ. - რადიო "106"-ის მუსიკალური წამყვანი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1998-2000წწ. - ტელეკომპანია "პირველი არხი"-ის გადაცემა "კომუნიკატორი"-ს რეჟისორი და პროდიუსერი; 2000-2003წწ. - ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ვის უნდა 20 000" და "ღამის კურიერი"-ის პროდიუსერი. მისი პიესების მიხედვით სპექტაკლები დაიდგა საქართველოში, რუსეთსა და შოტლანდიაში.
დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაგეხმარებათ. ძალიან, ძალიან მსუბუქი და არაფრის მომცემი წიგნია, მაგრამ საინტერესოდ და ჩამთრევადაა დაწერილი. ქართველების ქართველობა ჩანს რამდენიმე წინადადებაში ძალიან კარგად. ყველაზე მეტად კი რამაც მომხიბლა ამ პიესა-რომანში გაპიროვნებული ტუალეტი, შიში და ტბა(სიონის წყალსაცავი) აღმოჩნდა მთელი თავიანთი ფიქრებით.