ლექსებს რომ რიტმი აქვთ ვიცით. რომანების წაკითხვასაც უნდა თავისი რიტმი და ჩემი აზრით, განსაკუთრებით ეს ამ ორი რომანის კითხვისას არის საჭირო. იასუნარი კავაბატას „თოვლიანი მხარე“ და „ათასფრთიანი წერო“ ისეთი რომანებია, კითხვის დამცხრალი ტემპი რომ სჭირდება. არაა ეს ისეთი ნაწერები, ერთი მისვლით რომ გადაყლაპავ, ჩაიკითხავ ბოლომდე, ან მოგეწონება ან არა და დამთავრდა. აქ კი ვუტრიალე და ვუტრიალე ზოგიერთ პარაგრაფს მრავალჯერ. ზოგჯერ მაქვს ხოლმე ასე მოთხრობებში, წავაწყდები რაღაცას შიგნით და ვკითხულობ ათასგვარად. „კიკუჯი სახლს რომ მიუახლოვდა, ვარდისფრად აელვარებული ცის ტატნობი თანდათან ჩაქრა, მუქ ვარდისფრად აელვარებული საღებავი თანდათან ჰორიზონტისაკენ ჩაიწურა, იქ, სადაც ეს-ესაა მიმწუხრის მზე ჩაესვენა და ცის დასალიერი დაფიონმა ააპრიალა.“ („ათასფრთიანი წერო“) ასეთ რამეებს იოლად ვერ „ჩაარაკრაკებ“ ხოლმე. ამას ახლა მეორე სათქმელთან მივყავარ ამ კაცის რომანებზე.
ადამიანთა ამბები ამ რომანებში სულ არ არის მხოლოდ ადამიანთა შორის მომხდარი ისტორიები. ეს არის ურთიერთობები საგნების, გარემოს, ნივთების და ჩაის გარშემო - მათ შორის და მათთან ერთად და არა მხოლოდ მათ ფონზე. აქ საგნებსა და ნივთებს, ბაღებსა და ხეებს, ტოტებსა და ყვავილებს, არანაკლები მნიშვნელობა აქვთ, ვიდრე იმას, თუ რას საუბრობენ პერსონაჟები. ამ ორივე რომანში ადამიანების გაგება მხოლოდ ამ საგნების, მოვლენებისა და ნივთების მოცემულ დროსა და ვითარებაში არსებობის, განლაგების თუ ფერის კონტექსტში გაიგება და ვერავითარ შემთხვევაში ცალკე. ნახეთ ეს: „ქუჩაში სეირნობისას არაერთი ლამაზი, გემოვნებით ჩაცმული ქალი შევნიშნე. ქალაქის ბოლოს გვირაბს რომ მივუახლოვდი (გვირაბის თავში, ჩემს მხარეს, კლდე მეწამული ფოთლებით იყო გადაწითლებული, ბოლოში, გასასვლელთან კი მწვანე ხავსი ჰქონდა მოდებული), თეთრსვიტრიანი ლამაზი ქალიშვილი შემომხვდა, რომლის არაჩვეულებრივი სილამაზე მწვანე ხავსის ფონზე კიდევ უფრო თვალშისაცემი იყო.“ („ათასფრთიანი წერო“).
ამიტომაც ვთქვი დასაწყისში, რიტმის აღება რომ უნდა ერთგვარი, კითხვისთვის და მერე ადამიანების სხვა საგნებისა და მოვლენების შორის დანახვა. ხოდა თუ ამ რიტმს აიღებთ მერე უკვე მელოდიასაც გაიგებთ. მიდის ასე მოთხრობა ადამიანებზე, კაცზე, რომელიც „მოგზაური კაცის მსუბუქი სევდით შეპყრობილი“ (ეს აღწერა ძალიან მომეწონა, თვითონაც ბევრს ვმოგზაურობ და ძალიან ნაცნობი შეგრძნებაა) მატარებლის ვაგონში მგზავრობისას ლამაზ ქალს გადააწყდება, მაგრამ პირდ��პირ შეთვალიერებას, გამოლაპარაკებაზე რომ არაფერი ვთქვათ ზედმეტ სითამამედ თვლის, მით უმეტეს რომ ქალი ავადმყოფ კაცთან მგზავრობს. და უყურებს მთელი გზა ამ ქალის თვალებს ირიბად - ვაგონის ფანჯარაში არეკლილს და ხედავს გარეთ, მინდორში დანთებული კოცონი როგორ ირეკლება იმის სახეზე: „ანაზდად, ქალს სახეზე მინდორში აბრდღვიალებული ცეცხლის ათინათი მოეფინა, მაგრამ ათინათმა შორეული ცეცხლის შუქი ვე��� დაჯაბნა, თუმცა ვერც ცეცხლმა აჯობა საკუთარ ათინათს - ათინათმა ქალის სახე მთლიანად მოიცვა, მაგრამ ვერ აანთო, ვერ აავარვარა, ვინაიდან ეს თავად ცეცხლი კი არა, იმ ცეცხლის მხოლოდ ცივი და შორეული ნათება იყო. აი, ცეცხლის ათინათმა სარკეში არეკლილ თვალში ჩაიხედა, შიგ შუქად ჩადგა და საღამოს ბინდისფერ ტალღებში მოკიალე, იდუმალებით მოცულ ციცინათელას დაამსგავსა.“ („თოვლიანი მხარე“). აუცილებლად ჩამოკრავს მელოდია თქვენ გონებაში ასეთი ეპიზოდების შემდეგ.
ორივე ნოველა სევდითაა სავსე, სევდით, რომლებიც სავსეა სინატიფით და სიყვარულით. „თოვლიანი მხარეში“ კაცს უყვარს ახალგაზრდა გეიშა და ასევე ქალი, რომელიც მატარებელში შეხვდება. მაინც მარტოსულია ეს კაცი და ასე მოგზაურობს გაუთავებლად ოჯახსა და თოვლიან მხარეს შორის საყვარელი ქალის მოსანახულებლად. რომანის ბოლოს აღწერილი ხანძარი და სიკვდილი მიწაზე, ხოლო ირმის ნახტომით მოხატული უსასრულო და მუდმივი ცის კონტრასტიცა და ერთიანობაც ჯადოქრულადაა დაწერილი, „ათასფრთიანი წერო“ კიდევ უფრო რთული ამბავია, სადაც ახალგაზრდა კაცს გარდაცვლილი მამის „მემკვიდრეობაში“ ორი მისი ყოფილი საყვარელიც რჩება, რომლებიც ძალიან ღრმა, სამუდამოდ დამამჩნეველ ღარებს ავლებენ მისი ცხოვრების ზედაპირზე. და არა მარტო ისინი, არამედ მათი ოჯახები, მათი შვილები და ის ფაიფურიც კი, რომლებიც ხელიდან - ხელში, ოჯახიდან ოჯახში, ერთი საყვარლიდან მეორე საყვარლის ხელში გადადის, მანამ სანამ, ისინიც ისევე საბედისწეროდ არ გადაეყრებიან მათივე მეწყვილეს, როგორც რომანის პერსონაჟები. “ათასფრთიანი წეროს“ კითხვისას ჯერ ძალიან დრამატული ინტიმური ურთიერთობების მომსწრე ხდები, მერე თანდათან იღვიძებს შენში ყოველდღიური საქმეების გამო სადღაც შორს გადახვეწილი შეგრძნებები, უფრო მეტად, სულ ცოტათი მაინც უკეთესი ხდები და ბევრად უფრო სევდიანიც - არა მხოლოდ პერსონაჟების ბედის გამო, არამედ იმიტომაც, რომ სამყარო ასეთი მშვენიერი, ადამიანი კი ესოდენ იდუმალია.