კარგი საკითხავია საკონსულტაციო მიმართულებით მუშაობის განვითარებისთვის. აქ მოყოლილია ყველა ის მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც კონსულტანტს ხდის ღირებულს ორგანიზაციისთვის. ავტორი ღირებულებაზე ორიენტირებული მიდგომის დანერგვას ცდილობს, სადაც კონკრეტული მაგალითებით აღწერს სხვადასხვა ორგანიზაციაში მისი ჩართულობის შემდეგ რა გაუმჯობესდა და რა შეიცვალა.
წიგნის მინუსია, რომ მორგებულია ამერიკულ სტანდარტზე და ბევრი გამოცდილება არ იძლევა იმის საშუალებას, რომ განაზოგადო და მსოფლიო პრაქტიკას მოარგო. ეს ნაწილი მისი "სხვანაირი" გამოცდილების ნაკლებობით შეიძლება აიხსნას, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა კონტინენტზე და სხვადასხვა ქვეყანაში არიან, მაინც ამერიკული მთავარი ოფისიდან იმართება და იქაური გავლენით მუშაობს. მას მხოლოდ მსგავსი კომპანიებისთვის უმუშავია. ეს ნაწილი წიგნის 1/3-ზე მეტია და ამიტომ ფაქტობრივად ვერაფერში გამოიყენებს არა-ამერიკული პრაქტიკის მქონე მკითხველი.
მსგავსი ნამუშევრების გაცნობა გაძლევს იმის გააზრების საშუალებას, რომ ზუსტად დააიდენტიფიცირო კონკრეტული გამოწვევები, იცოდე მისი გადაჭრის გზები და რეალისტური შედეგი დადო. გაცვეთილი სიტყვა "კონსულტანტი" საერთოდ არ არის ის სისულელე, რაც ახლა ჩვენს რეალობაში ხდება. ამას არაფერი საერთო არ აქვს საერთაშორისო სტანდარტების მუშაობის სისტემებთან და იმ მიდგომებთან, რაც აქ არის აღწერილი და მოცემული.
აუცილებელი საკითხავია მათთვის, ვინც ფიქრობს რომ ამ მიმართულებით განვითარდეს, შესძინოს სააგენტოსა თუ ე.წ. "კლიენტის" მხარეს რაიმე სახის ღირებულება და გამართოს პროცესები, შიდა და გარე კომუნიკაცია; იპოვოს და გამოიკვლიოს არსებული პრობლემები და დასახოს, აასრულოს გადაჭრის გზები. კონსულტაცია შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით, მთავარია კონსულტანტის კომპეტენცია და ორგანიზაციის მოთხოვნები ზუსტად და თანმიმდევრულად ემთხვეოდეს ერთმანეთს. ეს ორმხირივი გზაა, რომელიც შედეგამდე მიდის.