მეოცე საუკუნეში ბევრი დიდი ადამიანი და იდეა ტრიალებდა. ზოგმა ტანჯვა, მონობა და ნგრევა მოიტანა, ზოგმა კი კეთილდღეობა, თავისუფლება და აღმშენებლობა. ამ უკანასკნელთაგან კი, მე რომ მკითხოთ, რონალდ რეიგანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. ამ კაცს ომი ან რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ დასჭირვებია, მშვიდობის ჟამს მოევლინა სამყაროს და ამერიკა და დასავლური ცივილიზაცია ფერფლიდან აღადგინა.
ყოველი სიტყვა, რომელსაც რეიგანი ამბობს, გარდა კონკრეტული მნიშვნელობისა, იმასაც გეუბნება, რომ ამ კაცს სწამს. სწამს ღმერთის, ამერიკის, თავისუფლების და ადამიანის დაუმარცხებელი სულისა, რომელიც დაუსრულებლად ისწრაფვის ბედნიერებისა და განვითარებისაკენ.
რეიგანმა იცის, რომ ადამიანი სრულყფილი არსება არაა, მან იცის, რომ ადამიანურ ბუნებაში იმალება რაღაც ბნელიც, მაგრამ მისი მზერა პირველ რიგში სინათლისკენაა მიბრუნებული, ადამიანთა მოდგმის იმ ნაწილისაკენ, რომელსაც შეუძლია, იყოს გმირი. გმირი, რომელიც მოკვდება სამშობლოსათვის ნორმანდიის ნაპირებზე, ან, რომელიც დილიდან დაღამებამდე პატიოსნად შრომობს საკუთარი ოჯახისა და ქვეყნისათვის და სწამს თავისუფლებისა. ამერიკა, რომელსაც რეიგანი ხედავდა, ზუსტად ამგვარ ადამიანებზე იდგა, თავისუფალ ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობენ რწმენითა და იდეებით, რომლებიც კაცობრიობის მომავალს ქმნიან. ამიტომაც საუბრობს ის თავის სიტყვებში რიგით ამერიკელებზე, რომლებიც მის სამყაროში გმირები არიან.
როდესაც რაღაცის მყარად გწამს, კომპრომისზე ვერ მიდიხარ. არ შეიძლება კომპრომისზე წახვიდე მემარცხენეებთან, რომლებიც ფიქრობენ, რომ დიდი მთავრობა და ნაკლები ინდივიდუალიზმი ნაკლებ პრობლემას ნიშნავს, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუკი მთავრობა ფულს დაარიგებს, ყველაფერი უკეთ იქნება. არ შეიძლება კომპრომისზე წახვიდე "ბოროტების იმპერიასთან", მას გაურიგდე და თვალი დახუჭო იმ ტანჯვაზე, რომელიც მას ადამიანებისათვის მოაქვს. არ შეიძლება კომპრომისი იდეებთან, რომელიც ებრძვის ადამიანის თავისუფლებას და სწორედ ამიტომ, რადგან ის კომპრომისზე არ მიდის, რეიგანი არის ის, ვინც არის.
თავის უკანასკნელ სიტყვაში, რომლითაც ის ამერიკის მოსახლეობას ემშვიდობება, რეიგანი ამბობს: "მსოფლიოს ყველა სხვა კონსტიტუცია არის მთავრობის მიერ დაწერილი წესები ხალხისათვის, ხოლო ამერიკის კონსტიტუცია არის სია იმისა, რის უფლებასაც ჩვენ ხალხი მთავრობას ვაძლევთ". ჩემი აზრით,
ეს სიტყვები საუკეთესოდ გამოხატავს იმას, რასაც ამერიკა ნიშნავს. ეს თავისუფლების მიწაა, ოცნება, რომ ადამიანებს შეგვიძლია ვიცხოვროთ საზოგადოებაში, სადაც ყველას გვექნება თანაბარი შესაძლებლობა, ვისწრაფოთ ბედნიერებისაკენ. აკი თავადვე ჰყვება რეიგანი მეცხრამეტე საუკუნის ამბავს იმაზე, თუ როგორ გადაარჩინეს ამერიკელმა მეზღვაურებმა დევნილები, რომელთა ნავიც იძირებოდა და პირველი, რაც გადარჩენილმა ლტოლვილმა ამერიკელ მეზღვაურს უთხრა, იყო სიტყვები: "გამარჯობა, ამერიკელო კაცო! გამარჯობა, თავისუფლების კაცო!" სწორედაც რომ ასეა, ამერიკა თავისუფლების კაცებით დასახლებული თავისუფლების მიწაა.
რეიგანი ამერიკას ნიშნავს, რეიგანი თავისუფლებას ნიშნავს, რეიგანი სიამაყეს ნიშნავს, სიამაყეს, რომელიც გეუფლება მაშინ, როდესაც იცი, საკუთარი ქვეყანა არ გიღალატებს, როდესაც იცი, რომ შენი ქვეყანა შენს მხარეზეა. მთავარი კი ისაა, რომ ქვეყანა და არა მთავრობა. რეიგანი მაგასაც ნიშნავს. ცნებას, რომ მთავრობა ადამიანის პირადი თავისუფლების შეზღუდვაა, ხოლო შეზღუდული პირადი თავისუფლება, შეზღუდული განვითარებაა.
მაშ, რაღა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ ამ კაცით აღვფრთოვანდეთ და ვინატროთ, ოდესმე მსგავსი ლიდერი ჩვენს ქვეყანაშიც გამოჩნდეს, ლიდერი ჭეშმარიტი იდეებითა და რწმენით, რომელიც კომპრომისზე არ წავა.
ღმერთმა დალოცოს საქართველო, ღმერთმა დალოცოს ამერიკა და ღმერთმა დალოცოს თავისუფლება!