სერია "ყველა დროის საუკეთესო ისტორიული რომანი" გრძელდება ლევან გოთუას ტეტრალოგიით "გმირთა ვარამი", რომელიც 8 რომად გამოიცემა. XVI-XVII საუკუნეების საქართველოს ყოფის ამსახველ ამ რომანს საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული ლევან გოთუა სასჯელის მოხდისას შორეულ ვორკუტაში წერდა და სამშობლოში ნაწილ-ნაწილ ფარულად აგზავნიდა.
ლევან გოთუა დაიბადა 1905 წლის 10 მარტს თბილისში, ცნობილი მწერლის, პუბლიცისტის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის პართენ გოთუას ოჯახში. პართენ გოთუა წარმოშობით ძიმითიდან იყო. გაზეთ ,,ვოზროჟდენიეს” მთავარად რედაქტორად მუშაობდა. დედა- ქუთაისელი, სოფიო გრიგოლის ასული კემულარია, თავისი დროისათვის ფრიად განათლებული ქალი იყო. ლევანს წერა-კითხვა შეასწავლა დედამ. მამის მეოხებით ადრე შეეჩვია მოგზაურობას, ეზიარა სამშობლო ქვეყნის სიყვარულის უდიდეს გრძნობას და ჩაესახა შემოქმედებითი მისწრაფებანი. ლევან გოთუამ თბილისის მე-8 ტექნიკუმი დაამთავრა და, მამის რჩევით, თბილისის უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1925 წელს დაამთავრა.
ლევან გოთუა იყო 1920-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. ლევან გოთუამ თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები, თითქმის მეოთხედი საუკუნე, ცხოვრების 66 წლიდან 22 წელი სამშობლოსაგან მოწყვეტილმა, პატიმრობაში გაატარა.
ლევან გოთუამ პირველად 15 წლის ასაკში იწვნია “ჩეკისტების” რისხვა – გოთუების თითქმის მთელი ოჯახი ქალიშვილის ქორწილში დააპატიმრეს და შემოწმების შემდეგ მეორე დღესვე გაათავისუფლეს. 1918 წელს, საქართველოში მე-11 წითელი არმიის შემოსვლისას, ლევანი ძმებთან ერთად მოხალისედ ჩაეწერა და ომში წავიდა. თუმცა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო საომრად წასული ბიჭები ერთ კვირაში უკან დააბრუნეს.
საქართველოში შემოსული “წითლების” რეპრესიები გოთუების ოჯახსაც შეეხო, მათ ჩამოართვეს ქონება და სახლის დიდი ნაწილი. მათი მეთვალყურეობა კი მათივე ოჯახში შესახლებულს დაევალა.
1921 წლიდან საქართველოში ეროვნული გამოსვლები დაიწყო. საქართველოს ყოველ კუთხეში გაჩნდა დაჯგუფებები, უნივერსიტეტში დაიწყო სტუდენტთა დიდი გამოსვლები, ახალგაზრდები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას მოითხოვდნენ. ლევანი თავის ძმასთან და თანამოაზრეებთან ერთად ძალზე აქტიურობდა.
არსებული ვითარების გამო ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციები არალეგალურ მუშაობაზე გადავიდნენ. დაიწყო საყოველთაო აჯანყების მომზადება, აჯანყების მიზანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. საყოველთაო გამოსვლების დაწყების თარიღად 29 აგვისტო დათქვეს, თუმცა აჯანყება გაიცა, რასაც სისხლიანი რეპრესიები მოჰყვა. აჯანყების უშუალო მონაწილეების გარდა, დააპატიმრეს და დახვრიტეს სრულიად უდანაშაულო ხალხი.
1923 წლიდან განსაკუთრებით გაძლიერდა ინტელიგენციის რეპრესიები. ამ წლებში გაჩნდა დასჯის სასტიკი, ახალი მეთოდები – საყოველთაო დახვრეტა საქმის ყოველგვარი განხილვის გარეშე. უკეთეს შემთხვევაში, “სამშობლოს მტრებს” რუსეთის შორეული ჩრდილოეთის შრომა-გასწორების ბანაკებში ასახლებდნენ.
1924 წლის 29 აგვისტოს გოთუების ოჯახს “ჩეკისტებმა” კვლავ მიაკითხეს და ლევან გოთუა მამასთან ერთად დააპატიმრეს. 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ მამა-შვილი სრულიად მოულოდნელად გამოუშვეს ციხიდან. თუმცა, 1925 წელს ლევან გოთუა ხელმეორედ დააპატიმრეს. გოთუები აბასთუმანში იმყოფებოდნენ, როცა ახალციხის მაზრის პოლიტბიუროს თანამშრომელმა სევერიან ჩაჩავამ გოთუებს ლევანის დაპატიმრებისა და სახლის გაჩხრეკვის ორდერი წარუდგინა. ახალციხის პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა კალანდაძემ საიდუმლო პატაკით მიმართა საქართველოს საგანგებო კომისიის საიდუმლო-ოპერატიული სამმართველოს უფროსს ლავრენტი ბერიას, რომ ლევან გოთუას ბინის ჩხრეკისას ამოიღეს 78-ფურცლიანი ანტისაბჭოთა მიწერ-მოწერა, რომელიც გაეგზავნა ბერიას. საქართველოს საგანგებო კომისიასთან არსებული განსაკუთრებული სათათბიროს დადგენილებით, ლევან გოთუას ფაშისტური ორგანიზაციის ჩამოყალიბებისთვის მიესაჯა სამი წლით პატიმრობა სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკში. მანამდე კი “ჩეკას” საიდუმლო განყოფილების ხელმძღვანელმა ზუბოვმა შეადგინა დადგენილება, რომლის თანახმად, ლევან გოთუას სტუდენტთა რომელიღაც ოფიციალური ორგანიზაციის თავმჯდომარეობა დაბრალდა. ამიტომ, ლევან გოთუას, როგორც საშიშ პატიმარს, ბანაკში განსაკუთრებული ზედამხედველობა დაუწესეს.
სოლოვეცკში ჩასვლისთანავე ქართველ პატიმართა ჯგუფი ბნელ, ნესტიან, წყლით სავსე სარდაფში მოათავსეს “კანონიერ ქურდებთან”, მკვლელებთან და ბანდიტებთან ერთად.
1926 წლის 10 მაისის სსრკ-ს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდუმის დადგენილებით, ლევან გოთუა საკონცენტრაციო ბანაკიდან გაათავისუფლეს. თუმცა, დადგენილების თანახმად, ლევან გოთუას პატიმრობა თავისუფალი გადასახლებით შეეცვალა, აეკრძალა 6
ჯერ არცერთ წიგნს არ გამოუწვევია ჩემში იმდენი ემოცია კითხვისას და კითხვის დასრულების შემდეგაც, როგორიც "გმირთა ვარამმა" გამოიწვია. ვფიქრობ გოთუას ეს ნაწარმოები სასკოლო პროგრამაში უნდა შედიოდეს.დარწმუნებული ვარ მაღალ კლასებში მოსწავლეთა უმრავლესობის საყვარელი წიგნი გახდება. ეს არის წიგნი, რომელიც ყოველმა ქართველმა უნდა წაიკითხოს და რომელშიც არის პასუხები როგორც ცხოვრებისეულ, ასევე თანამედროვე საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და კითხვაზე, რატომ არის ჩვენი ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში? რა გვეშველება? რა უნდა ვქნათ? "გმირთა ვარამი"-ს წაკითხვის შემდეგ ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ჩვენი პრობლემა, ასე ვთქვათ ისტორიული შეცდომაა, რომელსაც ყოველ ეპოქაში ვიმეორებთ ყოველი მომდევნო თაობა. ბევრი ისეთი საოცარი ეპიზოდია, რომელთა კითხვის დროსაც ხან თითებს ვიკბენდი ნერვიულობით, ხან ფეხზე წამოვმხტარვარ, ხანაც გაჩერებას გავცდენილვარ (ძირითადად მგზავრობისას ვკითხულობ) და ა.შ. მაგრამ ნაწარმოების ბოლოს დაწერილმა ერთმა საოცარმა ფრაზამ "აქ გასრულდა ხანა ალექსანდრე მეფისა" ყველაზე მძაფრი ემოციები გამოიწვია. დიდ ხანს ვიყავი შთაბეჭდილების ქვეშ და ბევრ რამეზე ვიფიქრე. ეს არის საოცრად სწორად შერჩეული საოცრად სევდიანი ფრაზა, რომლის მნიშვნელობასა და სიმძიმესაც მხოლოდ წიგნის კითხვის დასრულების შემდეგ ხვდები. თქვენ ეძებთ წიგნის სიყვარულზე? მეგობრობაზე? ადამიანურ სევდაზე? სამშობლოს სიყვარულზე? კაცთმოყვარებაზე? ღალატზე? პატიებაზე? ჩაუქრობელ იმედზე? ცხოვრებასთან მებრძოლ ადამიანებზე? უხილავ გმირებზე? პატრიოტიზმე? ერთიანი კავკასიის იდეასა თუ სხვა პოლიტიკურ საკითხებზე? მაშინ ეს წიგნი თქვენთვისაა. წაიკითხეთ !
არის წიგნში ისეთი თავები, რომლებიც კარგია და საკმაოდ ლამაზად არის დაწერილი, მაგრამ ეგეთები წიგნში უნდა ეძებო სანთლით. მესმის, რომ ემოციურად რთულია არ გაგიჩნდეს სენტიმენტები, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც არ არის ეს წიგნი ისეთი, რომელსაც თუ არ წაიკითხავ ბევრ რამეს დაკარგავ.
წიგნის მესიჯი ერთი შეხედვით მართლა ისე ჟღერს, აი რუსეთი რომ არ მოსულიყო რა გვეშველებოდა, მაგრამ რუსთუმობა შეტენო გოთუას, არ იქნება სწორი. არის წიგნზე რუსეთზეც კბილი გაკრული, მართალია დიპლომატიურად და უფრო რბილად, მაგრამ მაინც ჩანს მწერლის ნეგატიური დამოკიდებულება ქართულ-რუსულ ურთიერთობასთან დაკავშირებით. მართალია წიგნში მათე რუსია, რომელიც კარგი ტიპია, არც სხვა რუსები არიან აუგად მოხსენიებული, მაგრამ დღევანდელ ეპოქიდან მარტივია მსჯელობა. იმ დროს, რომ რუსს ერზე ცუდი დაეწერა ყოველგვარი შელამაზების გარეშე მეეჭვება ცოცხალი დაბრუნებულიყო სამშობლოში.
წიგნში ეპოქა, მართლა არ იგრძნობა, ის საქართველო რაც აღწერილია მის დროინდელ საქართველოს უფრო ჰგავს. დედოფალი ქეთევანის მოგზაურობა მთელ ქვეყანაში და სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლების შეხვედრა, ძაან პრიმიტიული და ეპოქას აცდენილია. არაფერი ახალი ან რამე საინტერესო არ უთქვამს გოთუას, ზედაპირული შეფასებაა ეპოქის და ასევე ტიპური ქართული სტერეოტიპული კომენტარია იმაზე თუ რატომ დაგვემართა ის, რომ სხვადასხვა ბატონების ცვლაში ვიყავით.
ერი თუ ასეთი რომანებზე არ გადაირევა, ეგ იქნება იმის მანიშნებელი რომ წინ წავედით, თუმცა მეეჭვება ეგ მოხდეს ან ახლა, ან ოდესმე.
"გმირთა ვარამი" არის ლევან გოთუას მიერ აღწერილი ტეტრალოგია 15-17 საუკუნეების საქართველოს შესახებ, რომელიც ყველაფრის შესახებ დეტალურად მოგვითხრობს. ვფიქრობ, ეს არის ყველა დროის საუკეთესო ისტორიული რომანი ქართულ ლიტერატურაში. "ერთიანობა კი არა, მრავალერთიანობაა საჭირო..." - ამბობს ლევან გოთუა.