აკუტაგავა ძალიან არ მომეწონა. მოთხრობა რამდენიმე პატრიარქალური მითისგან აქვს შეკოწიწებული.
სხვა ყველა ავტორი მომეწონა, განსაკუთრებით ნიჯო და იჰარა საიკაკუ.
რაც შეეხება იაპონიას, როგორც ვატყობ, ნაციონალისტების საყვარელი მაგალითია და დაუსრულებლად ჩაგვჩიჩინებენ იაპონიის განსაკუთრებულ “ნაციონალურ თავისებურებებზე” და “შემონახულ ტრადიციებზე”. მაგრამ XI-XIX საუკუნეების ავტორების მიერ აღწერილი იაპონია სულაც არ ჰგავს ნაციონალისტების “განსაკუთრებულ” იაპონიას. ყველაფერი რასაც ეს მწერლები აღწერენ, ნებისმიერ ადგილას შეიძლება მომხდარიყო, ან ხდება. ძალაუფლება, იერარქია, ჩაგვრა ყველგან ერთნაირია. კი, იაპონელთა ტრადიციული სამოსი ან ზოგიერთი ჩვეულება (მაგალითად, ლექსებით მიმოწერა) დასავლურისგან განსხვავდება, მაგრამ დიდი სიბრიყვეა, მთელი ყურადღება ამ განსხვავებულ ფორმებზე შეაჩერო და ადამიანთა შორის არსებული ურთიერთმიმართებები არაფრად ჩააგდო.
წიგნის ნახევარზე მეტი ქალთა უბედურების ისტორიებია. იაპონიაში ქალები ისევე იტანჯებოდნენ პატრიარქატისგან, როგორც ყველგან. უფრო მეტიც, საუკუნეების წინ დაწერილი ტექსტები დღესაც აქტუალურია. ერთ ეპიზოდში, რომელმაც ამ მხრივ განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ასახულია ქალი, რომელიც ყოველმხრივ აკმაყოფილებს იმდროინდელ სილამაზის სტანდარტებსა და მოთხოვნებს, მხოლოდ ერთი “ნაკლი” აქვს, თხელი თმა აქვს. ქალი საშინელ სტრესშია, ყველანაირად ცდილობს ქმრისგან ეს “ნაკლი” დამალოს, რადგან იცის, რომ ამის გამო ქმარი შეიძულებს. ისეა გამწარებული, რომ სქელთმიან ქალს ცუდად ექცევა. ეს ქალი მართლაც ძალიან ჰგავს თანამედროვე ქალს, რომელიც შეიძლება თხელი თმის გამო არა, მაგრამ იმის გამო შფოთავს და ძრწის, სხეულზე სადმე “ზედმეტი” თმა არ შერჩეს, ან იმის გამო, რომ მოდელის სტანდარტებს ვერ მიუახლოვდა და ა.შ.