ევროპაში მე-11, მე-12 საუკუნეები სამონასტრო ცხოვრების ოქროს ხანად ითვლება. მონასტრები საგანმანათლებლო ცენტრები იყო. იმ დროისთვის ძალიან მნიშვნელოვან ლიტერატურად ითვლება თეოლოგიური ტექსტები - ფილოსოფიური ტრაქტატები, ჰაგიოგრაფია...
ვეფხისტყაოსანიც ამ კულტურულ და ლიტერატურულ კონტექსტში დაიწერა, თუმცა თეოლოგიურთან და ჰაგიოგრფაფიასთან შედარებით ეს ტექსტი მთლიანად სეკულარიზებული ტექსტია, რადგან ამ პოემის “მექანიზმი” გასაოცრად სხვაგვარია და პერსონაჟებსაც ქმედებების სხვა მოტივები გააჩნიათ. პოემაში გამიჯნულია რაციონალური და ირაციონალური საკითხები, გული და გონება, ანთროპომორფული პარტნიორები-ბედისწერა, ანუ სოფელი და მეორეს მხრივ ღმერთი. ავტორი წარმოგვიდგენს საკუთარ შეხედულებებს ისეთ ფილოსოფიურ საკითხებზე როგორებიცაა: სიკეთე და ბოროტება, დეტერმინიზმი და თავისუფალი ნება, არჩევანი. გვაჩვენებს სივრცეს პეიზაჟების სახით, ამ პოემაში ჩნდება ადამიანის შინაგანი ხმა, მონოლოგი საკუთარ თავთან, ვხედავთ ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, შიშებს ამბის შეტყობის მიმართ, ასევე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ქორწინება და მისი ახლებური გააზრება პოემაში. ვხვდებით სტრატეგიებს ადამიანურ ურთიერთობებ��ი და ბრძოლაში. ვხვდებით სამოსს, ფერებთა გამებსა და გრადაციებს, ასტროლოგიას, ასტრონომიას და ასე შემდეგ სულ რომ აღარაფერი ვთქვათ პილიგრიმობაზე, ოდისეაზე, ბერძენ ფილოსოფოსებზე პლატონზე, სოკრატესა და არისტოტელეზე …
ყველა ჩამოთვლილი საკითხი ცალ-ცალკე შესაძლოა გახდეს ძალიან დიდი ნაშრომისა და მსჯელობის საწყისი პოემაზე დაყრდნობით, მაგრამ გუდრიდსის რივიუსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შევარჩიე - მთავარი ეროსი, ღერძი და ინიციატივა, რომელიც ყველაფრის საწყისად მიმაჩნია, რადგან სწორედ ამ ინიციატივამ და ინტერესმა წარმოქმნა დიდი ინერცია და პოემის გმირებს მისცათ განვითარების ბიძგი. დავფიქრდი მეცნიერ პერსონაჟებზე: თინათინსა და ავთანდილზე. ვეცდები აღვწერო სწორედ ამ ინერციის უსასრულო დინამიკა.
“ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც-სიტყვად, არ დუხჭირად;
იტყვის: “თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად,
მიკვირს მოგხვდა წამის ყოფად, საქმე შენგან საეჭვი, რად,
მაგრა გითხრა პირველ ხვალმე, სენი მე მჭირს რაცა ჭირად.”
“გახსოვს ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი გადეხოცა,
ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა?
მას უკანით გონებამან მისმან ასერე დამამხოცა,
შენ გენუკევ მონახვასა კიდით კიდე მოლახო ცა. (რუსთაველი, გვ.33)
“სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი;
ჰპოვო, მოდი გამარჯვებით მხიარული მოუბნარი;
ვერა ჰპოვებ, დავიჯერებ, იყო თურმე უჩინარი;
კოკობი და უფურჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი. (რუსთაველი, გვ.34)
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მეფემ და ავთანდილმა ნახეს უცხო მოყმე, ამ ამბით ძალიან სერიოზულად არის დაინტერესებული თინათინი. ჩემი აზრით, სწორედ ესაა ფილოსოფიური ინტერესი, შემეცნების სურვილი. შემეცნების სურვილში ყოფნა ძალიან აზარტულია, რომ არა თინათინის ეს ვნება, ეს მუხტი ავთანდილს საერთოდაც არ ექნებოდა და ვხედავთ, რომ ამ დავალების მიღების შემდეგაც არ უჩნდება. ძალიან ნათლად ჩანს, რომ ეს მუხტი ავთანდილს არ აქვს და ეს არც არის გასაკვირი. ის ჯარების მთავარსარდალია, თუმცა შემეცნების ინტერესი ზოგადად ყველანაირ პროფესიასა და საქმიანობის საზღვარს სცდება (ნუ უნდა სცდებოდეს მაინც).
რასაც თინათინი აკეთებს, ესაა სრული თავმიძღვნა ფილოსოფიისადმი, რადგან ის ამ ყველაფრისთვის სიყვარულს რისკავს. სასწორზე დებს ორ მნიშვნელოვან რამეს: მიჯნურობასა და ფილოსოფიას. სწორედ თინათინია მაპროვოცირებელი შემდგომ განვითარებული მოვლენებისა. ავთანდილი იღებს ამ გამოწვევას იმის გამო, რომ ის მიჯნურია, მას თინათინი უყვარს და სწორედ ამიტომ მიდის უცხო მოყმის მოსაძებნად და არა იმიტომ, რომ ის თინათინის ფილოსოფიურ ინტერესს იზიარებს. ავთანდილი წავიდა უცხო მოყმის მოსაძებნად. აქ ავტორი ამბობს:
“გამოემართა ავთანდილ მოყმე მხნე, ლაღად მავალი.
ოც დღე იარა, ღამეცა დღეს ზედა წართო მრავალი
იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი.
არ მისცილდების თინათინ მისი მას, ვისგან სწვავ ალი.” (გვ.36)
აქედან გამომდინარე შემეცნების გზაზე პირველ ფაზად ანუ ყველაფრის საწყისად ავთანდილისთვის შეიძლება ჩაითვალოს პოტენცია. ავთანდილმა მიიღო გამოწვევა და მას საკუთარი თავი ჰყავს როგორც პოტენცია. ახლა რა გამოიძერწება და რა გამოვა ამ პოტენციიდან თავად მასზეა დამოკიდებული.
შესაძლოა ითქვას, რომ ავთანდილი ძალით წავიდა, ამიტომაც ამბობს, ჩემი აზრით, ავტორი: “ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა”. შესაძლებლობა იმისა, რომ ის ამაღლდეს ინტერესის ტელოსამდე უფრო შეამცირა უიმედოდ ძებნამ, ის ფიქრობს, საკუთარ თავს ესაუბრება, მიმართავს ღმერთს, გმობს წუთისოფლის სიმუხთლეს. ავთანდილი ძებნას წყვეტს და საკუთარ თავთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყვეტს, რომ უკან დაბრუნდეს. თუმცა სინამდვილეში საკუთარ თავთან დიალოგი სწორედ ის ვიწრო და რთული ბილიკია, რომელიც შეიძლება ადამიანს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანისკენ გაუძღვეს. სწორედ რაციონალური მონოლოგისთვის ჯილდოვდება ავთანდილი, როდესაც მას სამი ძმა შეხვდება. ის უცხო მოყმის ამბავს შეიტყობს და აქ კიდევ ერთხელ ჩნდება იმედი “ვითა მე მივხვდი წადილსა, ჩემი გულისა ნებასა”. ავთანდილი მალევე დაეწევა უცხო მოყმეს თან გზაში საკუთარ თავს ესაუბრება. მან იქამდე სდია უცხო მოყმეს, სანამ ის გამოქვაბულს არ მიადგა. ავთანდილი ამჯობინებს, რომ მოშორებით დაიცადოს, ვიდრე ასმათი მარტო არ დარჩება. აქ ძალიან საინტერესო რამ ხდება. გავიხსენოთ რას ეუბნება თინათინი ავთანდილს, მას არ უთქვამს უცხო მოყმის ამბავი და ვინაობა გაეგო რატომ ტიროდა ან როსტევანის სამეფოში რა უნდოდა... თინათინმა უთხრა, რომ მას ეპოვნა უცხო მოყმე იმისთვის, რომ შეეტყო ნამდვილად არსებობდა თუ არა ის.
ავთანდილმა პირწმინდად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, მან იპოვნა უცხო მოყმე და რეალურად სწორედ აქ უნდა დასრულებულიყო ეს მისია, დაბრუნებულიყო თინათინთან, ეცნობებინა უცხო მოყმის არსებობის ამბავი და ეცხოვრათ მშვიდად და ბედნიერად. თუმცა აქ სხვა რამ ხდება, სწორედ ისეთი რამ, რაც მაფიქრებინებს, რომ ავთანდილი ფილოსოფიურ ინტერესს კიდევ მეტად მიუახლოვდა და ახლა სულ სხვა მოტივით მოქმედებს, სწორედ ამ ინტერესით. ავთანდილი აზარტშია, უკვე გაუჩნდა საკუთრი სურვილი და აღარ მოქმედებს თინათინის ვალის მოტივით. უკვე თავად აინტერესებს გაიგოს ვინ არის ეს კაცი, რომელიც ამდენ ადამიანს ხოცავს, თან ტირის, თან სადღაც გამოქვაბულში ცხოვრობს. მას უკვირს ის სურათიც, რისი მომსწრეც გახდა. “ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა-ზმასა.” (გვ. 47) ქალი და კაცი ერთმანეთს ეხვევიან და თან ტირიან. ამაში კიდევ უფრო მეტად დიდი ინტრიგა დევს ავთანდილისთვის, თუმცა კულმინაცია იმისა, რომ ავთანდილი სრულად ჩავარდა თინათინივით ფილოსოფიურ ინტერესში მაინც სხვაგანაა...
ამ ინტერესმა უკვე გადააწყვეტინა, შევიდეს გამოქვაბულში და ქალს უცხო ყმის ამბავი მოაყოლინოს. თუმცა ქალი ჯიუტია, ამბავს არ ყვება და ამბობს, რომ ეს ამბავი ვერც დაიწერება და ვერც მოიყოლება. ეს კიდევ უფრო მეტად აინტრიგებს ავთანდილს, იმდენად, რომ ხან ძალადობის ხერხს მიმართავს, ხან კი-პირიქით, უკიდურესად დამცირებულად წარმოაჩენს თავს, ატირდება მუხლებზე დაიჩოქრებს და ისე ეხვეწება ასმათს ამბის თხრობას. ამ ეპიზოდში ავთანდილი მიჯნურობას ახსენებს, და ერთგვარად იტყუება კიდევაც, რადგან ჩვენ, მკითხველებმა უკვე ვიცით მისი ვალი სად დასრულდა. სწორედ ამ ეპიზოდშიც ჩანს, რომ ეს მისი პირადი ინტერესია და არა თინათინის.
გამოდის, რომ თინათინმა ავთანდილი არა საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად გაგზავნა, არამედ მისი თავისკენ ისროლა, მისი ინტერესებისკენ, ახლის ძიებისკენ, თავგადასავლისკენ, რომელიც ავთანდილს სხვა გამოცდილებას შესძენდა და სხვანაირად დააფორმირებდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ავთანდილის როლი ამაში დიდი იყო, ის რომ არ ყოფილიყო ამდენად გამტარი, ინტელექტუალური და ღია ახალი გამოწვევებისთვის, ამბის შეტყობისთანავე უკან გაბრუნდებოდა. ჩვენ ვხედავთ, როგორი დადებითი მუხტი და ინერცია შეიძინა ავთანდილმა. ამ დად���ბითი ინერციის საპასუხოდ და სტრატეგიული განსჯის წყალობით ავთანდილს საქმე გამოუვა.
“იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვნების;
თვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არვისგან დაიჯერების;
მოილოდინე, მოვიდეს, რაზომცა დაგეყოვნების,
დადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების.” (გვ.53)
ამ ეპიზოდიდან ჩანს, რომ ავთანდილი და ასმათი მოკავშირეები გახდნენ. ავთანდილმა კი რაღაც დიდ ცოდნაში უნდა შეაბიჯოს. აქ იწყება მზაობა ამ ამბის შესატყობად და აქ ავთანდილი კიდევ ერთხელ ჭკვიანურად იტყუება. “მიბრძანა: <<მიცან ამბავი მის ყმისა წახდომილისა” (გვ.58) ცრუობს ის. ვითომ თინათინმა უბრძანა უცხო მოყმის ამბის შეტყობა. ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმისა, რომ ის უკვე საკუთარი ინტერესით მოქმედებს. ეს ის ინტერესია, რა ინტერესიც თინათინს ამოძრავებდა.
“ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა;
დამიგდია სამსახური მისი, იქმნას რაცა გინდა;
იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერცა მინა მინდა,
შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!”
სწორედ აქ ჩანს ყველაზე დიდი ინტერესი და თავდადება, მზაობა მოისმინოს ტარიელის ამბავი.
როდესაც ტარიელი მას საკუთარ ამბავს უამბობს, ავთანდილისთვის საკუთარ სამშობლოში დაბრუნების დრო დგება. პირველ ჯერზე დაბრუნებას შერმადინს ახარებს, შემდგომ როსტევან მეფეს და ბოლოს-თინათინს. აქ საინტერესოა ავთანდილისა და თინათინის დიალოგი. მათ საუბარში იგრძნობა, რომ მორალურად და ინტელექტუალურად თინათინი და ავთანდილი ერთ საფეხურზე დგანან, რადგან აქ როლები უკვე გაიცვალა. ავთანდილი ამბობს, რომ ის ტარიელთან უნდა დაბრუნდეს, რათა მოყვარეს დაეხმაროს. ნათელია, რომ ამ ეპიზოდში ინიციატორი უკვე ტარიელია, და არა-თინათინი. ინიციატივა კი ტარიელის დახმარებაა. თინათინ პასუხობს:
“შენ არ-გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა.
ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა,
ძებნა წამლისა მისისა და ცოდნა ხამს უიცისა,
ჩემი თქვი, რა ვქმნა ბნელ-ქმნილმან, მზე მიმეფაროს მი-, ცისა?” (გვ.140)
თინათინი ეთანხმება ავთანდილს, რომ მიცემული ფიცი ავთანდილმა არ უნდა გატეხოს. ეს თანხმობის ეპიზოდი, ძალიან ჰარმონიზებულია, არ არსებობს არც ერთი გაუგებარი კითხვა ან შემჩნევა. თინათინი არ კითხულობს უცხო მოყმის ამბავს, რადგან აქ მთავარი რაც იყო, ის უკვე გამორკვეულია. ჩემი აზრით, მთავარი კულმინაცია, როცა ავთანდილი თინათინივით შემეცნების სიყვარულში გადაეშვა ტარიელის მონათხრობის დასრულების შემდეგ, საკუთარ მიჯნურთან შეყრით და ამ ჰარმონიით დაგვირგვინდა. აქ ავთანდილი წარმოგვიდგება ისეთივე გაზრდილი და ინიციატივის მქონდე, როგორიც თინათინია.
აქედან გამომგინარე, მე ვფიქრობ, რომ ამ პოემის მთავარი ეროსი არა მინჯურობა, არამედ შემეცნების სიყვარულია, ანუ ის ფილოსოფიური ინტერესი, რომელსაც თავდაპირველად თინათინი იჩენს, ხოლო შემდეგ ავთანდილიც იმუხტება ამ ინტერესით. სწორედ ეს ინტერესი გასდევს მთელ პოემას მამოძრავებელ ძალად, თითქოს ეს არის ძრავი, რომლის ენერგიითაც ყველა შემდეგი ამბავი “მუშაობს” და იმუხტება. რა თქმა უნდა, ამ პოემას სხვა ბევრი სათქმელიც აქვს, თუმცა მგონია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელთაგანია, რადგან შემეცნების სიყვარულმა და ძიებამ შესაძლოა ძალიან დიდი ძვრები გამოიწვიოს ადამიანის მორალურ, ზნეობრივ და სხვა სამყაროებში.