„რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლება პიროვნებისთვის და რა როლს თამაშობს მის ფორმირებაში?“ - აღნიშნულ კითხვაზე პასუხის საპოვნელად და მშობლების ჰიპერმზრუნველობისგან თავის დასაღწევად რომანის მთავარი პერსონაჟი - ლუკასი - საფრანგეთში სასწავლებლად მიემგზავრება და ბოჰემურ ცხოვრებას აგემოვნებს: ინთქმება ხორციელ ვნებებში, ეძალება სასმელს, ნარკოტიკს და ღამის ცხოვრებას.
თანამედროვე სამყაროს აურზაურში დაკარგულ ლუკასს, რომელიც ეგზისტენციალური კრიზისის ზღვარზეა, წარსულიდან უმშვენიერესი მატილდა ეცხადება - ის პროტაგონისტის აკრძალული სიყვარულია. სამყარო თუ საბედისწერო შემთხვევითობა, ლუკასსა და „ხორბალას“ შანსს აძლევს ერთი კვირა ერთ ოთახში გაატარონ, ამგვარად კი ხორცი შეასხან ყველაზე სანუკვარ, ფარულ ოცნებას.
მატილდა და ლუკასი ერთმანეთში თავშესაფარს პოულობენ და სულს აშიშვლებენ: აღიარებენ ღრმად დამალულ შიშებსა და კომპლექსებს, იხსენებენ წარსულის შეცდომებს; ფარდას ხდიან ბავშვობის ტრავმებსა და საიდუმლოებებს; აანალიზებენ, რა გავლენა იქონიეს მშობლებმა მათ ცნობიერებასა და თვითაღქმაზე.
ნაწარმოებს ლაიტმოტივად გასდევს წითელი ღვინის გემო, ცოტაოდენი ნიკოტინი, პარიზული ხედები, სულშიჩამწვდომი მუსიკა და გამაბრუებელი არომატები, რომლებიც საბოლოო ჯამში, ამაღლებულ და, ამავდროულად, სასიამოვნოდ სევდიან განწყობას უყალიბებს მკითხველს.
ფილოსოფიური ბლაბლა. ძალიან გაწელილი და უადგილო, არარეალური დიალოგებია. 15 წლის ბიჭის და 18 წლის გოგოს საუბარი ესე წარმოუდგენია ავტორს? გადაპრანჭული ტექსტებია, სრულიად ზედმეტი ალეგორიებით და ეპითეტებით გადატვირთული.
ამ ავტორის პირველი წიგნი უფრო მეტად საინტერესო და ჩახლართული იყო, წამოჭრილი იყო ბევრი საინტერესო ფაზა, რომელსაც ადამიანები გავდივართ, მაგრამ ამ წიგნში უნდა მეპოვა რაღაც ახალი, ვინაიდან ავტორის ყველა შემდეგი წიგნი უკეთესი უნდა იყოს, იმ მხრივ, რომ რაღაც ახალს შემოიტანს. მაშასადამე, წიგნი ძალიან დატვირთული იყო დიალოგებით, რომელთაც ასე თუ ისე ჰქონდა აზრი. საერთო ჯამში კარგი იყო, მაგრამ მეტს მოველოდი.