წიგნის დასაწყისში გგონია, რომ ეს ამბავი ერთ ქალზეა, ტერეზაზე. მე თუ მკითხავთ, ეს ამბავი თაბარად არის როგორც ტერეზაზე, ასევე მის შვილზე, ფრანცზე. იმ ქრონიკაზე, რომელიც ქალურობის თუ დედობის სიმძიმეში გაახვია მთავარი გმირი და მისი ისტორიის თანხმლები შვილის უიღბლო ცხოვრება. ხშირად ვფიქრობ ხოლმე კაცების დაწერილ ქალ პერსონაჟებზე და ამ შემთხვევაში შნიცლერმა შესანიშნავად გაართვა თავი. არ ვიცი, რამდენად ობიექტურად ვაფასებ კაცის მიერ დაწერილ ტერეზას განცდებს, თუმცა წაკითხვის შემდეგაც თვალწინ მიდგას საფლავთან მდგომი ტერეზას სურათი, რომელსაც “რამდენი მკვდარი და ცოცხალი მოუკვდა”(შნიცლერი, არტურ. 268) და ამის შემყურეს სხეულის ყველა წერტილით ვგრძნობ ტერეზას ამბავს. მელჩორის და კამილო ხოსე სელას შემდეგ სულ ვაყურადებ წიგნებში დამნაშავისა და ბრალეულობის ურთიერთკავშირს და ამ წიგნშიც ტერეზას გულუბრყვილო დედობისა არ იყოს, მეც ვცდილობ ფრანცისის გაგებას. იყო ის რაიმეში დამნაშავე? თუ უბრალოდ ბავშვი იყო, რომელმაც ტრავმის ჯაჭვის გაწყვეტა ვერ შეძლო? თუ რაიმეში დამნაშავეა, იქნებ მასთან ერთად სხვა ყველაც დამნაშავეა? სხვა ყველა, ვინც ამ გარემოს ხელი შეუწყო და სცენის შუაში დააყენა ტერეზა და მისი საბრალო შვილი, ფრანცისი. მართალია, კითხვისას ცოტათი დავიქანცე, თუმცა დასასრულს ესესაა მივუახლოვდი, თანაც მატარებლით ვმგზავრობ მარტო და თუ შეიძლება მითხარით, როდის არის შემდეგი გაჩერება… ტერეზას ქრონიკა უნდა ამოვისუნთქო და იქნებ, წყალიც ვიყიდო სადმე.