მთელი წიგნი შიშში, მოუთმენლობაში და აქა-იქ ტირილში გავატარე, თან ვფიქრობდი, მეტი რაღა უნდა მოხდეს-მეთქი, მაგრამ ზუსტად ისეთი წიგნია, იმაზე ბევრად მეტი რომ ხდება, ვიდრე წარმოგედგინა.
თვითგადარჩენა ხომ ყველა ადამიანის ინსტინქტია, მაგრამ ამ წიგნის მთავარი გმირის ინსტინქტი - სიყვარულისთვის გადარჩენაა. გაიქცე, გადაურჩე, გამოძვრე, წახვიდე, იბრძოლო, ყველაფერი ქნა, რადგან იცი, რომ სადღაც ძალიან შორს, შენი სიყვარული, მანუშაკა გელოდება.
ისეთი ემოციური ტექსტია, კითხვის შუაში ვჩერდებოდი და კიდევ ერთხელ ვახსენებდი ჩემ თავს, რომ წიგნია, გამოგონილია და მთლად ნუ გადაყვები მეთქი :დ მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, კარგ წიგნს ყველგან გადაყვები, სადაც წაგიღებს.
ბოლოს იმაზე ფიქრში წამიღო, რომ ამ წიგნის ზეგდამოჭრილი ქვესათაური იქნებოდა “ეგეთია ცხოვრება”. ხომ ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ ზუსტად ეგეთია. დარწმუნებული ხარ, რომ შენ ხარ ყველაფერზე პასუხისმგებელი, გამგებელი, შენ წყვეტ ყველაფერს, მაგრამ შეიძლება ისე დატრიალდეს ყველაფერი, ერთმა პატარა ნაბიჯმა ისე შეცვალოს შენი ცხოვრების გეზი, რომ ცხოვრება კანონზომიერების ნაცვლად ერთ ცუდ ხუმრობად, ირონიულ ჩაფიქრებად მოგეჩვენოს. შენ კი ამ დროს განზე იდგე, ან არც იდგე, ჭიანჭველასავით აქნევდე ხელებს, როცა სინამდვილეში ყველაფერი თავისით ხდება შენს თავს, შენ გარეშე.
ესეთია ჯუდეს ცხოვრებაც. წიგნის პირველ გვერდებზე, ახალგაზრდობაში ყოფნისას რომ გავიცანი, მის სიბერემდე მიგვიყვანა ავტორმა და რანაირად ქრონოლოგიურადაც არ დავალაგე მისი ცხოვრების თაიმლაინი, მაინც
არ მჯეროდა რომ ეს ამბები, ერთი ადამიაის ცხოვრებაში მოხდა. ერთი, ჩვეულებრივი, ღარიბი, საბჭოელი ახალგაზრდის ცხოვრებაში, რომელიც იმდენად სავსეა, რომ რამდენიმე ადამიანის გამოცდილებაც კი ვერ დაიტევდა.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, 10/10