„ძვირფასო მკითხველო, ეს გამოცემა ლოგიკური გაგრძელებაა პუბლიკაციების ციკლისა, რომელიც „მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის“ ინიციატივით, სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერითა და გამომცემლობა „არტანუჯთან“ თანამშრომლობით ბოლო წლების განმავლობაში დაიბეჭდა.
2019 წელს მოწადინებულები ვიყავით, ბერტა ფონ ზუტნერის ეპოქალური რომანი „ძირს იარაღი!“ პირველად ქართულ ენაზე თარგმნილიყო, მისი ორიგინალისეული გამოცემიდან საიუბილეო 130-ე წლისთავზე; შემდგომ წლებში ზედიზედ გამოიცა მშვიდობის პირველი ნობელიანტი ქალის მოგონებები „ქართველებთან და საქართველოში“ და მისივე თვალით დანახული და ევროპელებისთვის გაზიარებული „წერილები საქართველოდან“.
მოვიდა დრო, ბერტა ფონ ზუტნერის დაბადებიდან 180 წლისთავთან დაკავშირებით ქართული პერსპექტივიდან შეფასებულ და აღიარებულ ავსტრიელ მწერალზე ვისაუბროთ. ეს გამოცემა „ბერტა ფონ ზუტნერი – ჩვენი მეგობარი და მოკავშირე“ იმის მცდელობაა, რომ სრულად გაგვეერთიანებინა ბერტა ფონ ზუტნერზე სხვადასხვა დროს (ზოგიერთი კი საგანგებოდ ამ კრებულისთვის) შექმნილი წერილები და ესეები. ამიტომ წიგნში სრულყოფილად ჩანს ბარონესას პორტრეტი – მწერლის, ქალის, საქართველოს გულშემატკივრის, მშვიდობის მოძრაობის ლიდერის. მისი სიბრძნე და მკვეთრი ანალიზი ომისა და მშვიდობის შესახებ დღემდე აქტუალურია.
ეს წიგნი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ამ მღელვარე ჟამს ბერტა ფონ ზუტნერის ფილოსოფიას, რომ ომები ადამიანებისგან იქმნება, და მშვიდობაც.“ – სალომე ადამია, მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის (PIP) თავმჯდომარე
ლევან ბერძენიშვილი დაიბადა ბათუმში. 1970 წელს დაასრულა ბათუმის საშუალო სკოლა. ორი წელი სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო 1977 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება. 1990 წელს დაიცვა დისერტაცია არისტოფანეს შესახებ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1978-95 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს ანტიკური ლიტერატურის ისტორიაში, ასწავლიდა ძველ ბერძნულ და ლათინურ ენებს. 1978 წლიდან ეწეოდა დისიდენტურ საქმიანობას. 1978 წლის 21 მაისს ვახტანგ ძაბირაძესთან, ვახტანგ შონიასთან და დავით ბერძენიშვილთან ერთად შექმნა საქართველოს რესპუბლიკური პარტია. დისიდენტური საქმიანობის გამო იყო პოლიტიკური პატიმარი 1984-87 წლებში (გასამართლებული იყო საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით "ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა"). სასჯელი სრულად მოიხადა მორდოვეთის ასსრ ტენგუშოვის რაიონის სოფელ ბარაშევოში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ЖX 385/3-5. 1996 წლიდან შეუდგა მოღვაწეობას არასამთავრობო სექტორში. იყო "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" დირექტორი (1996-97), დააარსა "სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრი" (1996), იყო ფონდ "ქართუს" დირექტორი (1997-98). 1998 წლიდან დაინიშნა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად. იყო 2004-2008 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2009-2011 წელს მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კითხულობდა ლექციებს ამჰერსტის, მოუნტ ჰოლიოკის, სტენფორდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. ამჟამად არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სრული პროფესორი და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2012 წლის მოწვევის საქართველოს პარლამეტის წევრი. რესპუბლიკური პარტიის მდივანი და ეროვნული კომიტეტის წევრი. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი. მისი ძმა, დავით ბერძენიშვილი აგრეთვე პოლიტიკოსია.
გამომცემლობა "არტანუჯს" დიდი მადლობა ეკუთვნის იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელობის (როგორც ზოგადად ევროპისა და მსოფლიოსთვის, ასევე საქართველოსთვის) ქალი გაგვაცნო. ამ კრებულშიც ხაზგასმულია მისი ღვაწლი მშვიდობისთვის ბრძოლის კუთხით და კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი - ბერტა ფონ ზუტნერმა და მისმა მეუღლემ ჩვენს ქვეყანაში 9 წელი დაჰყვეს და დარწმუნდნენ, რომ ეს წლები ევროპაში გაატარეს. საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი.