წინამდებარე კრებულში ორი წიგნიდან გამორჩეული მოთხრობები შევიდა. ეს წიგნებია "შორი თეთრი მწვერვალი", რომლისთვისაც ავტორს 1977 წელს რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა და "კეთილი მიწა". აქვეა ავტორის ბოლოდროინდელი მოთხრობებიც.
მოთხრობები: ჩემი წარმომავლობა; უშიშარი ბიჭი იოსება; თოთია ჩამოვიდა; კაცები; მინდორი; ძველი სასაფლაო; კეთილი მიწა; კიტრის ქურდი; თოვლი; მელიაშვილი და შოშიაშვილი; თოთიაურების კუნძული; მათიკო გათხოვდა; გოგონა-ღამე რომ შეუყვარდა; განთავისუფლებული წყალი; ჩიტიფაფობა; ჩვენი ხევი; ფშა; შემოდგმოის დღე; ქარი რომ უბერავდა და თან წვიმდა; ქარი რომ უბერავდა და თან თოვლის ფიფქები მოჰქონდა; ბებია მარიამი; ბიბო; მგლის ლეკვები; ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა; ეთერი; ხორასნელი ჭაბუკი; ლოჭინში; ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები; მარტოობა; ძალიან პატარა დიდ ქვეყანაში; უკუღმა დაჭედილი; შუშის ნამსხვრები; სკვინჩა; კეთილო; ნურა; წვეთების სიმღერა; სევდიანი მოგონება; მგლის მოკვლა; ჩვენი ფურდედო მაისა; ზამთრისპირის ბინდი; მეთოვლეები; ლომა და ნიკორა; შიო პაპასი და მისი სახედრის ამბავი; უშიშა პაპას ამბავი; ცამეტი წლის ბიჭი; ჯოხირეცხასი; გუთნის სალესავი; ჩემი ბავშვობის სკოლა; თეთრცხვირიანი და შავცხვირიანი; შეშაზე; ტყის შვილები; სინათლე; დუმილი გზაში; ჩვენი კატაფშატა; საიდუმლო; მაყვალზე; ჩიტუნიას ლოცვა; ნელია და მე; ცხვრის ძაღლები; კატა და მე; ცისარტყელა; ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი; ბათური; კუკრუჭანები; შორი თეთრი მწვერვალი; ზამთარი მთაში; დედუნა.
რევაზ კონსტანტინეს ძე ინანიშვილი დაიბადა 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. მშობლიურ სოფელში ხუთი კლასი დაამთავრა. 1937 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში (1943–45) მუშაობდა 31-ე ქარხანაში. შემდეგ სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1947 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1949 წელს სწავლა მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირის გამო და მუშაობა დაიწყო “სამგორის” არხის მშენებლობაზე. 1951 წელს კვლავ დაუბრუნდა სწავლას და 1956 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით. 1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულში”. 1966 წელს გადავიდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო განყოფილებაში. 1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად. 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) იყო ჟურნალ "დილას" რედაქტორი. პირველი მოთხრობა "სახსოვარი" გამოაქვეყნა ალმანახ "პირველ სხივში" 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული "პირველი მოთხრობები" – 1953 წელს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე. რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წელს. იგი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
მე ვფიქრობ, რომ თუ წიგნის მოყვარულს, რომელიც იცნობს ბატონი რევაზის შემოქმედებას და არ წაუკითხავს მისი საბავშვო მოთხრობები, მერე კი გაუმართლა და წაიკითხა ისინი, აუცილებლად კიდევ ერთხელ აღმოაჩენს ამ უნიჭიერეს, კეთილშობილ და დიდ ქართველ მწერალს. კი, დიდი მწერალია, ნამდვილად დიდი, აბა, სხვა შემთხვევაში, "ფშას", "კეთილ მიწას", "ჩიტიფაფობას", "შემოდგომის დღეს", "მეთოვლეებს" და ბევრ სხვა, არაჩვეულებრივად ღრმად სულში ჩამწვდომ, გულის უკიდურეს კუნჭულებში მიმწვდომ მოთხრობას ვერ დაწერდა იგი. კრებულის ამ გამოცემაში სულ 11 მოთხრობა შევიდა: ლოჭინში, ძველი სასაფლაო, ჩემი წარმომავლობა, უშიშარი ბიჭი იოსება, კეთილი მიწა, მელიაშვილი და შოშიაშვილი, ჩიტიფაფობა, შემოდგომის დღე, მეთოვლეები, ფშა, მაყვალზე. ვინ წაიკითხავს ამ ჩემ ნაწერს აქ, მაგრამ ვინიცობაა და ვინმემ მოჰკრას თვალი, გთხოვთ, წააკითხეთ თქვენს ბავშვებს ეს მოთხრობები, სხვა კარგი ქართველი მწერლების საბავშო ნაწარმოებებიც.