ლუკა ბაქანიძე გამორჩეული ხმაა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. "რომელი ხარ სარდაფსა შინა" მისი მეორე პროზაული კრებულია. ბაქანიძე დეტალების ავტორის - ის იმას ხედავს, რაც რიგითი თვალისთვის შეუმჩნეველია; ის იმიტომ გიყვება, რომ უხილავი დაგანახოს. თან ამას სიყვარულით აკეთებს.. აქ გრძნობ იასამნის სურნელს, რომელიც სახლს გაგონებს, აქ ისევ სულს გიხუთავს პანდემიის შეზღუდვები, რომელიც თითქოს დაივიწყე. აქ შენც ისე ესაუბრები ძაღლებს, თითქოს მათ მაგივრად ადამიანი გისმენდეს . აქ შენც ხვდები ბავშვობის მეგობრებს, თავად ბავშვებს, ბავშვივით გულწრფელ კაცებს და, რა თქმა უნდა, მეთევზეებს, მეთევზეებს,მეთევზეებს _ ბავშვებს, ზრდასრულებს, მოხუცებს... არ ვიცი, როგორია მეთევზისთვის საუკეთესო ამინდი, მაგრამ ვიცი, როგორი ამინდია ბაქანიძის ტექსტებში _ სევდის, სიყვარულის, პაწია დეტალების _ საუკეთესო ამინდი სიცოცხლის შესაგრძნობად. თამთა მელაშვილი
არა, კითხვით დღესაც ვკითხულობ, მაგრამ კი ხედავთ, პირისაგან მიწისა ვარ აქ აღგვილი იმიტომ, რომ ჩემი მკითხველის სტატუსი დედანატირებ პროფესიად ქცევის პროცესშია - ყოველ წაკითხულ ცხრა ხაზ-ნახევარზე 8-გვერდიანი რეფერატი რომ უნდა აბარო ლექტორს, ის ამბავია, რა… არადა, ბავშვობაში, გეფიცებით, ესთეტიკური ნეტარყუჩობის გარდა რამე თუ ყოფილიყო ჩემთვის წიგნთან შეხება. ჰოდა, მადლობა, ლუკა, რომ ეს მოთხრობები თუ მინიატურები დაწერე და ამით შენს კატა-ძაღლის სიმბოლოებში გაცოცხლებული, იმ მომენტის დარი შეგრძნებები დამიბრუნე, მეთევზის ბავშვს რომ უყურებ და ხვდები, “რა ცხოვრება მოუწევს, ეგ აღარ ვიცი. შეიძლება, სულაც დაუბლაგვოს ყოველი ძვირფასი და წმინდა ამ ჩათლახმა ცხოვრებამ, შეიძლება ფეხი წამოკრას რამეს და დაეცეს. მაგრამ ეყოლება სადღაც ეს პირველი დიდი თევზიც სულში, და გაჭირვების ჟამს გამოიხმობს უსევ შორს, იმ წყლისპირზე, იმ მთვრალი და კეთილი ბიძიას გვერდით. და იქნება კვლავ ძლიერი და ბედნიერი ადამიანი. და წამოდგება…” შენც მადლობა, თაკო, ამდენხნიანი პაუზის მერე 1 დღეში, სულმოუთქმელად დასამთავრებელი კრებული რომ მათხოვე და, საერთოდ, მადლობა, ჩემი ზოი და მემაწვნე რომ ხარ! ხომ იცი, “მიდევს აგერ ის მაწვნის ქილა ლიტერატურული პრემიის სტატუეტის გვერდით და მეღიმება სიმწით, რამეთუ ვხვდები, რომელია სათამაშო და რომელი - ჭეშმარიტი ჯილდო, სამყაროს მიერ მოძღვნილი. რომელს გადავცვლი პურში და ყავაში და რომელს შემოვინახავ, როგორც ნიშანს, რომ უნდა გადავრჩე. რომ უნდა ვიბრძოლო. რომ უნდა ვიცხოვრო, ამის დედაც…”
არა, მე რატომ ვიხდი მადლობებს ისე, თითქოს, ლუკა კი არა, მე ვიყო “საბას” ლაურეატი?!
ენივეი, რომელი ხართ მანდ, სარდაფსა შინა? რომელიც უნდა იყოთ, იცოდეთ, რომ ეგ ავარიული სახლი უნიჟარო ლოკოკინებითა და ოთხივ კედლივ მჩქეფარე კანალიზაციით, თქვენი ნამდვილი სახლი არ არის! იასამნის სურნელს მიჰყევით! რუსთავის მახლობლად ქოხი ეძებეთ! “მისამართს რომ მეკითხებიან, ხანდახან უცებ დაუკითხავად მოვარდება ხოლმე საიდანღაც იასამნის სურნელი და ვგრძნობ, რომ ამ კითხვაზე ერთადერთი, უცვლელი პასუხი მექნება მუდამ...” და კიდევ, ხო, სიკვდილი ნუ შეგაშინებთ, რა! დედოფალმა, კლარამ და ფრიდამ “გვიან ღამით, შეთანხმებულებივით, უხმოდ გაიხადეს ტანზე, თავიანთ მკვდარ კაცს მიუწვნენ და საბანი დაიფარეს. და იყვნენ ხუთნი და ელოდნენ დილას.” იმიტომ, რომ ეს კრებული რამეს თუ გასწავლით, ესაა : "რომ არ გეშინოდეს, უნდა შეიყვარო" და კიდევ სანთებელა უნდა გადააგდო, შორს, შორს უნდა მოისროლო...
ლუკას მხოლოდ ერთი რომელიმე წიგნის წაკითხვა საკმარისი არაა. მას უნდა გაეცნო, მთლიანად მიჰყვე, დაუძმაკაცდე. ეს წიგნი ავტორის წერის გამორჩეულ მანერას საუკეთესოდ გვაცნობს. გვამოგზაურებს სარდაფებსა და "ანდერგრაუნდში", სადაც საზოგადოებისგან განსხვავებული, ზოგჯერ გარიყული ადამიანები ცხოვრობენ. მათი განცდები და ბედისწერა ჩვენთვის ახლობელი და კარგად ნაცნობია. არაფერი არ არის ისეთი, რაც "ნაღდ" ადამიანს ბაქანიძის პერსონაჟებში ეუცხოვება. მათთან ერთად იცინი და ტირი, არაფერი გიკვირს, რადგან თავადაც გეტოს შვილს, ქართველ ადამიანს, იგივე გამოგივლია. წიგნის პერსონაჟები თავს ნაკლებად მარტოდ გაგრძნობინებენ და ხვდები, რომ კითხვის პროცესში სახლში ხარ, სადაც უცხო არავინ არ არის. მოკლედ და გრძლად, სუპერ წიგნია "რომელი ხარ სარდაფსა შინა".