„ყოველთვის მაკვირვებდა ჩვენი, ქართული ცნობიერების ერთი თავისებურება, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ხალხის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ისტორია ქრისტიანობასთან ერთად იწყება, ხოლო ის, რაც მანამდე იყო, სულაც არაა მნიშვნელოვანი. ალბათ ამ თავისებურების გამოძახილია ბევრი რამ, მათ შორის ისიც, რომ ჩვენ ძალიან ცუდად ვიცნობთ საკუთარ თავს მსოფლიო ლიტერატურაში. ასეთი უცნაურობა არსად მინახავს. საქართველოში თითქმის არავის აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რა კვალი გვაქვს მსოფლიო ლიტერატურაში დატოვებული. მძიმე ამბავია, მით უფრო, რომ სავსეა ჩვენი კვალით ანტიკურობა! ქართველი პერსონაჟი გვხვდება ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთ პირველ ნაწარმოებში, თანაც კირკე არც უმნიშვნელო და არც მეორეხარისხოვანი პერსონაჟი არ არის!.. მსოფლიო ლიტერატურაში არ არსებობს მედეაზე უფრო მნიშვნელოვანი სახე! და მთელ მსოფლიოში, ყველამ, ვისაც არგონავტების მითი წაუკითხავთ, იცის, რომ მედეა ქართველია! საქართველოში დგამენ „ფედრას“ და წარმოდგენა არ გვაქვს, რომ პიესა დედით ქართველი ქალის ტრაგედიაზეა! არც ის ვიცით, რომ ფედრას და – არიადნე, რომელსაც „გორგლით“ ვიცნობთ, ასევე დედით ქართველია, ისევე როგორც მისი ნახევარძმა – მინოტავრი... ანკი როგორ გვეცოდინება, როდესაც მათ დედას, ლეგენდარული მეფე მინოსის ცოლს – პასიფაეს არ ვიცნობთ კოლხად, არადა ის ხომ აიეტისა და კირკეს დაა! ცალკე ამბავია, რომ ამ ეპოქაში ეთნოსს არა მამის, არამედ დედის წარმომავლობა განსაზღვრავს! ათენის გარდა, სადაც ათენელად არ მიიჩნევი, თუკი დედაც და მამაც ათენელი არ გყავს, მთელ საბერძნეთში მოქალაქეობას დედის წარმომავლობა წყვეტდა! და მიუხედავად იმისა, რომ მედეა საოცრად ცნობილი და პოპულარული ქართველი პერსონაჟია, უნდა ვიცოდეთ, რომ ანტიკურ სამყაროში ის მარტო არ არის, მის გვერდით დგას კოლხი პერსონაჟების, ბერძნული მითოლოგიის უმნიშვნელოვანესი ფიგურების მთელი არმია. საქმე ის კი არაა, ამ ჩვენი წინაპრებით ან მათი გავლენებით ვიამაყოთ, არამედ ვიცოდეთ, თუ საიდან მოვდივართ, იქნებ ამ პერსონაჟთა ხასიათში ჩვენი თავიც ვიცნოთ...“ – ლევან ბერძენიშვილი
ლევან ბერძენიშვილი დაიბადა ბათუმში. 1970 წელს დაასრულა ბათუმის საშუალო სკოლა. ორი წელი სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო 1977 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება. 1990 წელს დაიცვა დისერტაცია არისტოფანეს შესახებ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1978-95 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს ანტიკური ლიტერატურის ისტორიაში, ასწავლიდა ძველ ბერძნულ და ლათინურ ენებს. 1978 წლიდან ეწეოდა დისიდენტურ საქმიანობას. 1978 წლის 21 მაისს ვახტანგ ძაბირაძესთან, ვახტანგ შონიასთან და დავით ბერძენიშვილთან ერთად შექმნა საქართველოს რესპუბლიკური პარტია. დისიდენტური საქმიანობის გამო იყო პოლიტიკური პატიმარი 1984-87 წლებში (გასამართლებული იყო საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით "ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა"). სასჯელი სრულად მოიხადა მორდოვეთის ასსრ ტენგუშოვის რაიონის სოფელ ბარაშევოში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ЖX 385/3-5. 1996 წლიდან შეუდგა მოღვაწეობას არასამთავრობო სექტორში. იყო "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" დირექტორი (1996-97), დააარსა "სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრი" (1996), იყო ფონდ "ქართუს" დირექტორი (1997-98). 1998 წლიდან დაინიშნა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად. იყო 2004-2008 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2009-2011 წელს მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კითხულობდა ლექციებს ამჰერსტის, მოუნტ ჰოლიოკის, სტენფორდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. ამჟამად არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სრული პროფესორი და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2012 წლის მოწვევის საქართველოს პარლამეტის წევრი. რესპუბლიკური პარტიის მდივანი და ეროვნული კომიტეტის წევრი. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი. მისი ძმა, დავით ბერძენიშვილი აგრეთვე პოლიტიკოსია.