ლეღვიანის ნიადაგი იფიტება, უნაყოფო ხდება. იქ მცხოვრები არიქიფა და მისი ოჯახის წევრები კი ვერ თანხმდებიან, როგორ უნდა მოიქცნენ. ბათუ დედის, ანესას მხარეს იჭერს და უნდა, რომ რაღაც შეცვალონ, არიქიფა კი სიახლეების წინააღმდეგია, რადგან მისთვის წარმოუდგენელია წინაპრების გზიდან გადახვევა.
ოჯახში დაწყებული არეულობის დროს სახლიდან მათი საუკეთესო ცხენი, ჰელიკა, უჩინარდება, რომელსაც ჩაკეტილობამ და გამუდმებით ეზოში ყოფნამ სახლიდან გაქცევა გადააწყვეტინა. ცხენი ფიქრობს, რომ მან ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს და საქვეყნოდ ცნობილი გახდეს. არიქიფა და ბათუ ცხენის ძებნას იწყებენ – ძებნისას ნელ-ნელა ეხდება ფარდა მათ მიწებსა და ოჯახში დატრიალებული ამბების ნამდვილ მიზეზებს. პარალელურად კი ომი და არეულობა იწყება და ოჯახი სულ მალე იძულებული ხდება მშობლიური სოფელი დატოვოს და გადარჩენისთვის იბრძოლოს.
გოგა ქობალიას ეს სადებიუტო რომანი საქართველოს უახლესი ისტორიის მაგიური რეალიზმის ელემენტების დახმარებით გადმოცემის ცდაა. ავტორი ალეგორიებისა და სხვა მხატვრული ხერხების საშუალებით ცდილობს ის დიდი ტრაგედია ასახოს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში დაატყდა თავს.
მე ძალიან მომეწონა. ენა მხატვრულია და პოეტური, აღწერები თან ობიექტურია და თან ემოციური მუხტი აქვს. ძალიან მომეწონა ალეგორიებიც და მეტაფორებიც. საოცარი სიმძაფრით აღვიქვი პირველ თავებში ადამიანის ასეთი მიჯაჭვულობა მიწისადმი, ასეთი ერთგულება და მერე ყველაფერ ამის დატოვებით გამოწვეული ტრაგედია. ცვლილებისადმი ასეთი რეზისტენტობა და მერე ყველაფრის შეცვლა. ძალიან ლამაზი იყო წიგნის დასასრულს სტუმარი კაცის დატოვებული ქუდის ისტორია და მასთან კონტრასტი იმისა, თუ როგორ ექცევიან დევნილების დატოვებულ ქონებას. ეთნიკური და ზოგადად შუღლის აბსურდულობა და გარედან მარტივად მართვადობაც კარგად არის გადმოცემული. ერთადერთი ჩემთვის ცოტა ზედმეტი ნაწილი მეტრომშენის ნაწილია. ამ ნაწილის გარეშეც უკვე კარგად ჩანდა სათქმელი და გზავნილი. მგონია, რომ ამ ნაწილმა ცოტა დაამძიმა წიგნი, თითქოს სხვა სიუჟეტი შემოვიდა. ავტორიტარიზმი, სისტემა და ადამიანები მანამდეც ჩანდა წიგნში. ბოლოს, ცხენის დაბრუნებაც იყო ძალიან ლამაზი.
ეს შეიძლებოდა კარგი წიგნი ყოფილიყო, მაგრამ ყველა პერსონაჟი ერთი ხმით საუბრობს, სიუჟეტური ხაზებიდან ზოგი სავსებით ზედმეტია, მე თუ მკითხავთ, ერთი ვარგა მხოლოდ და ისიც მხოლოდ იდეით, შესრულებით ნაკლებად დაიკვეხნის.
შუა ნაწილში მართლა კარგი საკითხავია, მფქვაველების შემოყვანამ გამოაცოცხლა რომანი და ხალისი შესძინა, მაგრამ სიუჟეტის განვითარებისავე ისევ მილია სული.
მოკლედ, პოტენციალი იყო, მაგრამ შესრულებაში ვერ გადმოითარგმნა. დებიუტს დავაბრალოთ.
აი, "საბა" და რეკომენდაციები ვის დავაბრალოთ, ეგ უფრო მაწუხებს მე.