მოდერნისტული ნაწარმოების შინაარსის მესამე პირისგან თხრობა არ ხერხდება და ან ძალიან მშრალად თუ ხდება, ვინაიდან მოდერნისტული ლიტერატურა რთული თხრობისა და წერის ტექნიკით გამოირჩევა, სადაც ავტორი თითქოს მალავს და მკითხველი ეძიებს; სადაც , პირობითად, ერთი საათი შეიძლება ორას გვერდზე იყოს გადაჭიმული, ათი წელი კი - ერთ გვერდზე. თუმცა გამსახურდიას თხრობის სტილი იმდენად მრავალფეროვანია, იმდენად ვრცელი და სხვადასხვაა სტილით მდიდარი, რომ ახლა თუ მე დავჯდები და მამისაგან დაწყევლილი სავარსამიძის ისტორიას თავიდან ბოლომდე მოვუყვები ვინმეს, ზედაპირულად მაინც, ყველაფერი გასაგები იქნება და არც იმაში მომედავება ვინმე, მისმა ამბავმა ასე რატომ დაგაინტერესაო.
მეორეს მხრივ, რა არის საინტერესო მის ამბავში, სამშობლოსაგან შორს მყოფი იმ ადამიანის ბედში, რომელმაც მამის ვენახი აჭრა, სახლი დატოვა, უცხო ქვეყანაში გადაიხვეწა და მაინც სულ სამშობლოს დაეძებს: მისი ნოსტალგია? მისი მაძიებელგმირობა? უძღებშვილობა? დიონისურობა? ზეკაცობა? წარმართ-ქრისტიანობა? კვდომა-განახლება? თუ უბრალოდ მისი „ნასტავლობა“? საინტერესოა და მკითხველს თავადვე შეუძლია არჩევანის გაკეთება, თუ რომელი გზით წავა, თუმცა საოცარიც სწორედ ის არის, რომ თუ ყველა გზისკენ გაიხედავთ, საერთო წერტილებს მონახავთ და ყველაფერს გააერთიანებთ, მალევე მიხვდებით, რომ ხელში შესანიშნავი მოდერნისტული ტექსტი გიჭირავთ, რასაც ხშირად გვიმეორებდა ხოლმე ბატონი თემურ კობახიძე, როცა გვირჩევდა, რომ ეს წიგნი წაგვეკითხა.
ალბათ ნათელია, რომ „დიონისოს ღიმილის“ ხარაჩოებად გამსახურდიას ბერძნული მითოლოგია აქვს გამოყენებული. ამავდროულად, მითოლოგიას და წარმართობას მტკიცედ ესაზღვრება ქრისტიანობაც. წარმართი ტაია შელიას მიერ გაზრდილ სავარსამიძეში, ოჯახის და კერის უარყოფით გაბრაზებული ქრისტიანი მამის ხატი გამუდმებით ებრძვის წარმართი გამზრდელის ხატს. სწორედ ამის გამოა, რომ სავარსამიძის - ჯვარცმული დიონისეს ცხოვრებაში ყველაფერი გაორებით ხასიათდება: მას სძულს და ამასთანავე უყვარს, უიმედოა და ამასთანავე იმედით ცოცხლობს, განიცდის და ამასთანვე ხარობს, ერთ ადგილას დაფუძნებაზე ოცნებობს და ამასთანავე სიარულს ვერ ელევა, მამობა სურს და ამასთანავე აშინებს ნაყოფი, რომელიც მის საყვარელ ქალში - არც მთლად არიადნე ჯენეტში დროებით ჩაისახა, რადგან მამის წყევლა მუდამ თან დასდევს.
საინტერესოა გამსახურდიას გადაწყვეტაც მთავარი გმირის გვარის გაგრძელების უუნარობაზე. აქ ეს არ ხასიათდება არც გმირის ჰომოსექსუალობით, არც უნაყოფობით, არც გარდაცვლილი ვაჟით, როგორც ესე სხვადასხვა მოდერნისტულ რომანებში გვხვდება, არამედ მამის საშინელი წყევლით, რომელიც პერსონაჟს ყოველი ფეხის ნაბიჯზე თან სდევს: ჩემთვის ფავორიტია სცენა, სადაც ჯოჯოხეთს ჩასული სავარსამიძე ხვდება მამას, რომელსაც ვაჟის პირველი სატრფო კალთას უჯენია და მიწას აჭმევს.
საინტერესოა, რომ დიონისე სავარსამიძეში არასდროს იშვება ხელახლა, მიუხედავად წამიერი ხელახლა დაბადების განცდებისა. ვინაიდან როცა კი იშვა, მან თავისი ხელით შესვა იგი ველურ ცხენზე და ხრამში გადაჩეხა. ამასთანავე, სიმბოლურია, რომ ის ვინც მუდამ განახლების პროცესშია, რადგან სიკვდილი აუცილებლად ნიშნავს ხელახლა დაბადებას, მხოლოდ კვდება და კვდება. მეტი არაფერი.
ბევრი იმოგზაურა სავარსამიძემ, ვერტიკალურადაც, ჰორიზონტალურადაც, მაგრამ ტაია შელიას მეტმა არავინ იცოდა ლობიო სარს მხოლოდ მარცხნიდან რატომ უვლის და არა მარჯვნიდან.
ეს ისევ მარადიულ შეკითხვად დარჩა .