წინამდებარე ნაშრომში მოგითხრობთ გამოჩენილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწის, სახელგანთქმული ანარქისტისა და დიდი მამულიშვილის, ვარლამ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილის ცხოვრების შელახებ, რომელსაც შეიძლება მხოლოდ ოდისეა ეწოდოს. რამეთუ: მთელი ცხოვრების მანძილზე მას დევნიდა რომანოვების რუსეთის იმპერიის ხელისუფლება; სიკვდილის შემდეგ მისი სახელის ისტორიიდან ამოძირკვას ცდილობდა ბოლშევიკურ-საბჭოთა რუსეთის იმპერიის ხელისუფლება, იდეოლოგია და ისტორიოგრაფია; მხოლოდ ბოლო ჟამს, დამოუკიდებელ საქართველოში, წინამდებარე წიგნის სახით, გახდა შესაძლებელი, რომ ვარლამ ჩერქეზიშვილი დაბრუნებოდა მისთვის სათაყვანებელ სამშობლოს, ქართველი ხალხის ისტორიულ მეხსიერებას.