არ ვიცი რა ვთქვა, ორი საშინელი თვე გამატარებინა ამ წიგნმა. არაფერი კარგი ამ წიგნში არ ხდება, მარტო ტანჯვა, ტკივილი, უბედურება, მკვლელობა, გაუპატიურება, თვითმკვლელობა, სიბნელე, სიცივე, შიმშილი, ნარკომანია, კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტები... და სენტიმენტები, სენტიმენტები, სენტიმენტები დაუსრულებლად. თუ როგორ სტკივა მთავარ გმირს, როგორ ენატრება და ა. შ. მოკლედ 90-იანების ძეგლია. ერთადერთი გრძნობა რაც ამ წიგნმა დამიტოვა, არის ბრაზი. ვფიქრობ დროა ხელოვნება და განსაკუთრებით ქართული ხელოვნება გამოვიდეს მუდმივი გლოვის რეჟიმიდან. ქართულ ლიტერატურაში და კინემატოგრაფიაში ვერასდროს ვეღარ დამთავრდა ომის, საშინელებების და გლოვის დრო. ვერ გავცდით ამ თემებს, ვერ დავამთავრეთ. წარსულით ვცხოვრობთ და ამიტომაც არ გვაქვს არც აწმყო და არც მომავალი. ჩვეულებრივი მაზოხიზმის რეჟიმში ვართ, შორეულ წარსულს განვადიდებთ და ახლო წარსულს ვგლოვობთ. ყველაზე ცუდი ის არის რომ გვსიამოვნებს ეს. ვიღაცეები წერენ წიგნებს და იღებენ ფილმებს, ჩვენ სულმოუთქმელად ვყლაპავთ. მე აღარ მსიამოვნებს ბატონებო და ქალბატონებო, ნახვამდის. სანამ ამ ყველაფერს წარსულში არ დავტოვებთ და ახალი ფურცლიდან არ დავიწყებთ, იქამდე ვიცხოვრებთ უკმარი სინათლის კი არა და სრული სიბნელის რეჟიმში. და ასეც ვართ. 90-იანები არ დასრულდება არასდროს, სანამ ასეთ წიგნებს ვწერთ, ვკითხულობთ, ტაშს ვუკრავთ და მაზოხისტური მოთხოვნილება გვაქვს რომ ტანჯვიდან სიამოვნება მივიღოთ. უამრავი აღფრთოვანებული რევიუ შემხვდა ამ წიგნთან დაკავშირებით, ამიტომ გადავწყვიტე წაკითხვა და მარტო იმიტომ არ შევწყვიტე, რომ უბრალოდ არ მიყვარს წიგნების მიტოვება, თუ ვიწყებ უნდა დავასრულო. არაფერი ღირებული ამ წიგნმა არ მომცა, არც სულიერი, არც ინტელექტუალური თვალსაზრისით. სადღაც შუამდე მეგონა რომ ასე თუ ისე მაინც მაღალ შეფასებას დავუწერდი ავტორს, თუნდაც გულწრფელობისთვის. მაგრამ მერე დაიწყო ისეთი საშინელებათა სერია, რისი დაწერის ან წაკითხვის მიზანი რა არის ვერ ვხვდები. ალბათ არსებობს აზრი რომ წარსული სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ის საშინელებები რაც მოხდა უნდა გვახსოვდეს და აღარ გავიმეოროთ. კი ბატონო, გვახსოვდეს, ამნეზიას ვერ დავიმართებთ, მაგრამ ემოციურად რომ უნდა ჩავეხსნათ, აქ ორი აზრი არ არის. რეალობა კი ის არის, რომ რასთანაც მუდმივი ემოციური ბმა გვაქვს და რა თემებსაც ვუტრიალებთ, არც დამთავრებულა, ისევ გრძელდება, ისევ იგივე ნაგავს ვზელთ და ჩვენი ფსიქიკით ისევ იქ ვართ. უბრალოდ ინფანტილიზმია ეს ყველაფერი, ჩემი აზრით. ვერ გავიზარდეთ, ვერ მოვმწიფდით, გაბრაზებული თინეიჯერის პოზიციაში ჩავრჩით. ვისაც ამ ტიპის წიგნები და ფილმები მოგწონთ, კი ბატონო, თქვენი ნებაა, შეგერგოთ.
,,მოკლედ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ"...