მხიარული ტრაგიზმით აღბეჭდილი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურა ჩვენი ნიშაც რომ გახლდათ და სავიზიტო ბარათიც დასავლურ ცივილიზაციაში. ჩვენ წინ გველოდა ეს საოცნებო ევროპა, სადაც გუშინ უკვე ასე მხიარულად და ლაღად შეგვებიჯებინა და სადაც საბოლოოდ უნდა დაგვემკვიდრებინა ადგილი სწორედ ამ სიცოცხლის ტალანტის ძალით!..
ეს შეხედულება, ეს განწყობილება, ეს სწრაფვა, ცხადია, ერთი თავის სათქმელი კი არ არის, არამედ „როცა აყვავდა ნუში“ ერთიანად აირეკლავს ამ განწყობილებას და წარმოდგება ერთ-ერთ სახიერ ნიმუშად მხიარული ტრაგიზმისა, თავისი ღრმააზროვანი განსჯითაც, თხრობის დახვეწილობითა და დინამიზმითაც და სტილის არტისტიზმითაც, მუსიკალური ფონიც რომ შემოსდევს, და ამ მუსიკალურ ფონს ქმნის არა მარტო უხვად ჩართული პოეტური სტრიქონები, არამედ ბელეტრისტული მონათხრობიც.
ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე გახსენებული საბჭოთა ყოფა, ხელოვან ადამიანთა ბედი, ფურცლებზე მცირე ინტერვალით ციტირებული ლექსები და ამავე დროს, დახვეწილი წერის სტილი ერთიანად, უწყვეტად წაკითხვის განწყობას ქმნის. ისევე როგორც ავტორია აღფრთოვანებული მარკესის მიერ მის შინაგან ბავშვთან მუდმივი სიახლოვით და ახლო კავშირით, მეც განსაკუთრებული მეჩვენა ლანა ღოღობერიძის წადილი და წარმატებული მცდელობა იმისა, რომ არ გაწყვიტოს ძაფი იმ ბავშვთან, რომელიც ოდესღაც თავად იყო, ეს კი უმყარებს სიცოცხლესთან კავშირს, თითქოს, ყოველდღიურობის სილამაზის პრიზმიდან დანახვისთვის გადებული ხიდია. <3
ლანა ღოღობერიძის ჩანაწერების კითხვა ერთი სიამოვნებაა. ამ მძიმე დროს, როდესაც ჩვენი ქვეყანა გზაჯვარედინზე დგას და ზოგჯერ ნიჰილიზმიც გვძლევს, შვებაა ჩვენს გვერდით ისეთი ადამიანის არსებობა, რომელიც არც პატარ-პატარა ბუნებრივ ჯანმრთელობის პრობლემებს უშინდება, არც ირგვლივ გამეფებულ ავტოკრატიას და ისევ იმ შემართებითა და მტკიცე ნაბიჯებით მიდის ევროპისკენ, როგორც ამას ბავშვობიდან აკეთებდა ჯერ მეგობრებთან ერთად "ფარული დისიდენტობით", შემდეგ თავისი ფილმებით, ევროპის შუაგულში დიპლომატიური მოღვაწეობით და ახლა ხალხის გვერდით დგომით. შეუძლებელია არ დაგეუფლოს იმის იმედი, რომ ძალიან მალე მოვა გაზაფხული და ნუშიც ისევ აყვავდება.
ძალიან სასიამოვნოა წასაკითხად, განსაკუთრებით ამ ქალის თვალით დანახული საქართველო და მისი ისტორია. "გაღმა სოფელში ასკილი ყვავის" და შატილის ეპიზოდი მთელი ცხოვრება დამრჩება გულში, ხოლო ისეთ სიტუაციაში, როგორშიც საქართველო ახლა არის, ჰაერივით აუცილებელია ამის წაკითხვა!