რაღაც გრძელი რევიუ გამოვიდა 😕✍️
ქართულად წავიკითხე. ჯერ.
ერთ უღრან ტყეში,
ჰენზელი და გრეტელი 👫 პურის ნამცეცებით იკვალავენ გზას და ბებერი ალქაჯის კლანჭებში კი მოხვდებიან
ჩვენი სანდროც და საბაც პურის ნამცეცებივით მიყვებიან მინიშნებებს (სანდრო-მამის, საბა-სანდროსი) უღრანი ტყესავით უცნობ და საშიშ საქართველოში, სადაც ყველაფერი ბნელია, ყველაფერი ინგრევა, ყველაფერი მიშვებულია, ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს რუსული სახელები აქვთ და ქალაქში თავისუფლად დასეირნობენ, ადგილები, რაც ამ ადამიანებისთვის ძვირფასი იყო, დაკარგულია, ხალხი - გაუბედურებული, გზები - არეული, მომავალი - ბუნდოვანი.
სანდრო და საბა იმ კლასტერიდან არიან, მშობლები და ბავშვები რომ შორდებიან ერთმანეთს ერთ-ერთი მხარის უცხოეთში წასვლის გამო უკეთესი მომავლის მიზნით. ამჯერად სანდრო და საბა წავიდნენ ინგლისში მამასთან ერთად, დედა დარჩა. თითქოს აეწყო ცხოვრება და გამოჩნდა უკეთესი მომავალი - სწავლა, მუშაობა, ბინა ლონდონში, მაგრამ იყო კი ეს უკეთესი ამ დანგრეული ოჯახისთვის? რომელიმე მათგანს მოუტანა რამე შვება და ბედნიერება იქ გადასახლებამ? დღეს რამდენი ასე დაშორებული დედა-შვილი და მამა-შვილია უკეთესი მომავლის სახელით...
აქ სხვა კლასტერებიცაა. დევნილების კლასტერი - სამაჩაბლოდან, აფხაზეთიდან; ერთ მომენტში მანქანაში სამი დევნილი ზის - ნოდარი სამაჩაბლოდან, დიმიტრი აფხაზეთიდან (და სამაჩაბლოდან), საბა საქართველოდან...
მშობლებდაკარგულების კლასტერი - ნათია, საბა, სანდრო, დიმიტრი... ზოგი პოულობს, ზოგი ვერა
მოღალატე საიმედო ადამიანების კლასტერი სურიკას და ვიღაც ბატონი დავითის მონაწილეობით
ნოდარი თავისი კლასტერით
.....
რამდენი შრეა და მეც რამდენს ვწერ 🤦♀️
და რამდენი ომია ამ წიგნში.
"როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე". ფაქტია, სულიძე-დონაურებს სამშობლო მტრულად შეხვდა. ძებნით, დევნით, გახსნილი საიდუმლოებებით, ამოყრილი ქაქებით, ღალატით, იმედგაცრუებით, გაყიდული და დანგრეული სახლით, დამწვარი წერილებით. გაქცევებით და დადევნებებით, ვინ-ვის, სულ რომ იცვლება დატრიალებული კალეიდოსკოპივით. ასეთი დახვდათ სამშობლო- სიზმარში ნაფერები და ცხადში ნანატრი.
მთავარი გმირი საბა ერთი მორიდებული ბიჭია, სხვების ჩრდილში მდგარი, მუდმივი დანაშაულის განცდით, ბავშვობით დაღდასმული, სხვისი მითითებებით მოძრავი. იმდენად, რომ თავის აზრებსაც და გადაწყვეტილებებსაც ტვინში ჩაბუდებულ აჩრდილებს მიაწერს, თითქოს ისინი კარნახობდნენ და უთითებდნენ. საბა, რომელმაც საქართველოში ჩამოსვლიდან მოკლე დროში გაიარა ის გზა, რასაც ინგლისში წლობით ცხოვრებისას ვერ გადიოდა და გამოდევნა გონებიდან წარსულის მოჩვენებები და ბორკილები. თავისიანების და თავისი თავის ძებნის გზა. გაიარა დამოუკიდებლად, მტკივნეულად, დაცემებით და ადგომებით, დანაკარგებით და შენაძენებით, ცრემლებით, ხელისცეცებით, მაგრამ მივიდა ბოლომდე, და მან მოახერხა ეს და არა მისმა მამამ და ძმამ, რადგან საბა ამ ძნელ გზაზე მარტო არ იყო, და ამ წიგნის მთვავრი ხაზიც ალბათ ესაა- ადამიანური ურთიერთობა, ერთმანეთის ნდობა, ერთმანეთის თანადგომა, ერთგულება და სიყვარული. ყველაფრის მიუხედავად. თუ სწორად მგონია.
თვითონ ნაწერი ძალიან მარტივია. თითქოს მეტი მინდოდა - ფიქრი, აღწერები, რეფლექსიები... მაგრამ ასეა. ბევრი დიალოგი, სწრაფი მოყოლა -უცებ წასაკითხი წიგნია, ჩაუღრმავებლად. რაღაც ამბები არაა თანხვედრაში. არც ადგილები, არც ფაქტები წყალდიდობასთან დაკავშირებით, ყველაფერი უფრო მუქია, უფრო მიშვებული, უფრო ბნელი. ბნელი ქუჩები, ბნელი ბოტანიკური, უღრანი სასაფლაოები, დანგრეული ძველი სახლები, გაპარტახებულია თბილისი, არადა წყალდიდობის დროს ასეთი აღარ იყო. საავადმყოფოს ამბავიც უფრო 90 - იანი წლებიდან თუ იქნება, ვიდრე ორიათასიანებიდან. ხარატიშვილსაც უყვარს ყველაფრის ჩაბნელება და გამძაფრება. აქაც ასეა. რაღაცები თითქოს აკლია ირაკლისთან, რაღაცები ეკასთან... ანუ მეტს წავიკითხავდი სიამოვნებით.
და პოლიცია აქაც რო ცუდია.