ეს წიგნი არის სრული სიგიჟე, სინათლე, სიბნელე და ყველაფერი წარმოდგენილი და წარმოუდგენილი. რაიმე ნაწარმოებს თუ ეძებ, რომელიც გსურს კლუბისათვის, ლექციებისთვის და სხვა ნებისმიერი მიზეზით განიხილო, სწორედ ესაა. ყოველი თავი ჩახვეული კიბეა, რომელსაც ჩაჰყავხარ იმ პასუხამდე, რომელიც შენში ისედაც არსებობს და ეძებდი ან არ ეძებდი. სიმბოლიზმითა და აბსურდიზმით გაჯერებული ნიკოსა და ვანოს სამყარო, მრავალი ისტორიიით, რომელსაც სიუჟეტური ხაზი არ აქვს კი არა, ყოველი წინადადების მერე ეკარგება, ეცვლება და ეკლაკნება. ამ ყველაფერს ფონად ეგზისტენციალიზმი გასდევს, რომელიც ბოლოს ყოველთვის იკურნება და მბრწყინავ მდინარედ მოედინება. ამ წიგნის მშვენება კიდევ ის მგონია, რომ თითოეული მკითხველი თითოეულ ამბავსა და წინადადებას, თავისებურად გაიაზრებს, საკუთარ სიმართლეს დაინახავს. ძალიან ორიგინალური რამაა, თან თითქოს არც განსაკუთრებული მაგრამ, ძალიან ქართულიცაა, მშობლიური. მწარე კანფეტია მშიერი ბავშვისთვის. თან სუბიეტურიც ვარ, რადგან ისეთი მოგონებები მაჩუქა, მთელი ცხოვრება რომ მემახსოვრება. მოგონებები, რომლებიც არც ვიცოდი, რომ ასე მჭირდებოდა.