„მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი“ პირველად ორი ათეული წლის წინ დაიბეჭდა და გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. მკითხველის მხრიდან ეს დიდი ინტერესი, აღიარება და სიყვარული ბუნებრივიცაა – ამ წიგნში ხომ ვაჟა-ფშაველას შვილი, გულქანი საუბრობს და რაც მთავარია, ამ ნაამბობის ჩამწერ-შემკრები ყველასთვის საყვარელი პოეტი და ფოლკლორისტი, ეთერ თათარაიძეა.
სწორედ ეთერ თათარაიძის მხატვრული ოსტატობის ღრმა მგრძნობელობის და გემოვნების დამსახურებაა, რომ ამ წიგნ-მონოლოგში სრულყოფილად, შეულამაზებელი და ამის გამოც, სრულად დამატყვევებელი სინაღდითაა გამოკვეთილი თავად მთხრობლის – გულქან რაზიკაშვილის და მისი დიდი მამის – ვაჟა-ფშაველას პორტრეტები.
ფშაური კილო-კავის მაგიური ხიბლით დამუხტული ეს წიგნი თავისი ეპიკური შნაარსით რომანსაც უტოლდება, მკითხველს კი - ვაჟა-ფშაველას პოროვნულ და შემოქმედებით სამყაროსთან კიდევ უფრო აახლოებს და მითოსური საბურველიდან მკაფიოდ გამოკვეთს მის ადამიანურ კონტურებს
შვილის თვალით დანახული მამა ყოველდღიურ ყოფაში, ჯაფაში, შემოქმედებით დუღილში. წუთისოფელში... უნიკალურ შინაარსთან ერთად, „მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელ" საინტერესო ეთნოგრაფიული ტექსტიცაა, სადაც ზუსტი აქცენტებით. „პირველწყაროს მიერ ნანახისა და ნაამბობის სარწმუნოობითაა აღბეჭდილი საუკუნისწინანდელი ფშავისა და ფშავლების ყოფა.
„მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი" მუდმივად საკითხავ წიგნია, მისი ხელახლა გამოცემა მისივე მარადიული შინაარსისთვის გაწეული სამსახურია.
ძალიან საინტერესო საკითხავია ეს წიგნი: ამბავს ჰყვება ვაჟას შვილი, უკვე ხანშიშესული გულქან რაზიკაშვილი, შენარჩუნებულია ფშავური დიალექტი, რაც კიდევ უფრო სასიამოვნო საკითხავს ხდის ამბავს. მეორე მხრივ, ახალი თაობისთვის, ფაქტობრივად, ჩინურია ეს ენა. არის კიდეც ერთი მაგალითი წიგნში, ექსკურსიაზე ჩასული ბავშვები (ჯერ კიდევ 80-იანების ბოლოს) ჩაილაპარაკებენ გულქანზე, რა სომხურად ლაპარაკობს ეს ქალიო. თანამედროვე ბავშვებისთვის ხომ საერთოდ გაუგებარი და, ალბათ, მოსაბეზრებელიც იქნება ეს წიგნი.
ქართველებს რომ ძალიან გვიყვარს ადამიანთა გაწმინდანება (აქ: გადატანითი მნიშვნელობით), ძველი ამბავია. თანაც იმდენად, რომ მერე ამ „წმინდანზე" ვინმეს რამე ცუდი თუ დასცდება, ლამის ანათემას გადავცეთ ხოლმე (ამის მიზეზების განხილვა კიდე ცალკე საქმეა). მგონია, რომ ვაჟაც სადღაც მაგ სიმაღლეზე გვყავს აყვანილი, ილიასთან და კიდევ რამდენიმესთან ერთად. ამ წიგნში კი ძალიან ჩვეულებრივი ვაჟაა დახატული, თავისი სიძლიერითა და სისუსტეებით, ფიცხი ხასიათითა და მთის ხალხისთვის დამახასიათებელი იუმორის გრძნობით. საერთოდაც, მგონია, რომ ეს არაა მხოლოდ „წიგნი ვაჟაზე“, ესაა ჭეშმარიტად გულქანის ნაამბობი, ქალის, რომელიც „უბედურ ეტლზე დაიბადა" და სიმარტოვეში, უკიდურეს გაჭირვებაში აღმოხდა სული.
დანარჩენი უკვე მკითხველის საქმეა, რას იპოვის და დაინახავს ამ წიგნში. მე პირადად მაინტერესებდა ვაჟა, როგორც ბუნების კაცი, ადამიანი, რომელსაც ბუნების ენა ესმის - ასე გვიხატავდნენ ვაჟას ბავშვობიდან, უამრავ ლეგენდასა და ამბავს თხზავდნენ, „ხმელ წიფელს" და „შვლის ნუკრის ნაამბობს" გვიკითხავდნენ და გვატირებდნენ. ამ წიგნში ვაჟას დამოკიდებულება ცხოველებისადმი რამდენიმე ამბავში იხატება: ცხენი ნიკორი, რომელიც ვაჟას სიგიჟემდე უყვარს და არად აგდებს მეზობლების რჩევას, რომ სასიკვდილოდ განწირულ ცხენს თოფი დაჰკრას; ბოჩოლა წივაი, რომლის დაკვლისკენ მოუწოდებს (სიუშნოვის გამო) ვაჟას მეორე ცოლი, მაგრამ ვაჟა უარზეა და საბოლოოდ ცხოველი ისეთი გაიზარდა, რომ გულქანის თქმით „ანგელოზსა გვანდა"; და მესამე ამბავი - 1904 წელია (თუ არ ვცდები), ვაჟას პირველი ცოლი, კეკე, ძალიან მძიმედაა ავად. ვაჟა ამ დროს ყვარელშია წასული სანადიროდ, „იქ ეთქვათ სანადიროდ ნამყოფისთვინა, ცოლი მოგიკვდა, წვრილშვილი ლოგინში ჩამსხდარი გიჟივისო... ირემი მოუკლავ მამასა, მოამბე იმ დროს მისვლია..."
მახსოვს, ადრე ერთ ფეისბუქ-ჯგუფში მონადირეებზე გაქანებული დაჯმა მიდიოდა და ერთი გამოყლევებული იმით ცდილობდა გაპრავებას, მერე რა, ვაჟაც კი ნადირობდაო. მეც გამეგონა ეს ამბავი და პრინციპში, რა გასაკვირია, მეოცე საუკუნის დასაწყისია (აგერ დღემდე ვერ მოუშორებია ეს „ხელობა" ზოგიერთს), შვილები გყავს გამოსაკვები, შენ გარშემო ყველა ამითაა დაკავებული და ა.შ. და ა.შ. მაგრააააააამ, „შვლის ნუკრის ნაამბობის" ავტორი რომ ირმებს ხოცავს, და დიახ, ზუსტადაც რომ ირემს, სიგიჟეა რა :D
I want my tears back, „შვლის ნუკრის ნაამბობის" პირველად წაკითხვის მერე რომ ვღვარე!
P.S. დიდი მადლობა ეთერ თათარაიძეს ამ დიდი საქმისთვის.