ზიგმუნდ ფროიდმა თქვა – ადამიანის ცხოვრების პრინციპი სიამოვნებაა.
მის გასაგონად ვიტყვი – ამ სიამოვნებას ფეხბურთი და მოგებული მატჩი ჰქვია!
პირადად ჩემთვის, ფეხბურთი ყველაფერზე მეტია, იმაზე მეტი, ვიდრე ნაციონალური გამოხატვის საშუალება, რადგან ფეხბურთი პირადად ჩემი – ლევან ბერძენიშვილის თვითგამოხატვის საშუალებაცაა!
სპორტში ფეხბურთი ისეთივე სახეობაა, როგორც ლიტერატურაში – პოეზია, ანუ ენის უმაღლეს დონეზე ფუნქციობა!
ლევან ბერძენიშვილი დაიბადა ბათუმში. 1970 წელს დაასრულა ბათუმის საშუალო სკოლა. ორი წელი სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო 1977 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება. 1990 წელს დაიცვა დისერტაცია არისტოფანეს შესახებ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1978-95 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს ანტიკური ლიტერატურის ისტორიაში, ასწავლიდა ძველ ბერძნულ და ლათინურ ენებს. 1978 წლიდან ეწეოდა დისიდენტურ საქმიანობას. 1978 წლის 21 მაისს ვახტანგ ძაბირაძესთან, ვახტანგ შონიასთან და დავით ბერძენიშვილთან ერთად შექმნა საქართველოს რესპუბლიკური პარტია. დისიდენტური საქმიანობის გამო იყო პოლიტიკური პატიმარი 1984-87 წლებში (გასამართლებული იყო საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით "ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა"). სასჯელი სრულად მოიხადა მორდოვეთის ასსრ ტენგუშოვის რაიონის სოფელ ბარაშევოში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ЖX 385/3-5. 1996 წლიდან შეუდგა მოღვაწეობას არასამთავრობო სექტორში. იყო "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" დირექტორი (1996-97), დააარსა "სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრი" (1996), იყო ფონდ "ქართუს" დირექტორი (1997-98). 1998 წლიდან დაინიშნა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად. იყო 2004-2008 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2009-2011 წელს მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კითხულობდა ლექციებს ამჰერსტის, მოუნტ ჰოლიოკის, სტენფორდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. ამჟამად არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სრული პროფესორი და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2012 წლის მოწვევის საქართველოს პარლამეტის წევრი. რესპუბლიკური პარტიის მდივანი და ეროვნული კომიტეტის წევრი. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი. მისი ძმა, დავით ბერძენიშვილი აგრეთვე პოლიტიკოსია.
ფეხბურთის მოყვარულები დამეთანხმებიან, რომ ეს მხოლოდ სპორტი არ არის. ხელოვნებაცაა (თანაც სხვებზე წინ მდგომი - თუ წიგნის, ფილმის, მუსიკის, მხატვრობის, თვით თეატრის გადადებაც კი შეიძლება სამომავლოდ, ფეხბურთი აქ და ახლაა. განუმეორებელი მომეტია) და უფრო მეტიც - მთელი ცხოვრება არა მხოლოდ მათთვის, ვინც ამ საქმეს ემსახურება, არამედ თითოეული გულშემატკივრისთვის (აკი, იტალიელი ტიფოზები ამბობენ, რომ რელიგიის, ეროვნების, მეორე ნახევრის შეცვლა უფრო ადვილია, ვიდრე საყვარელი გუნდის). ამიტომ ფეხბურთის ყურების გარდა, მასზე საუბარი, კითხვაც განსაკუთრებული სიამოვნებაა, მით უფრო თუ საქმე საკითხში ასე ღრმად (და სიყვარულით) ჩახედულ ადამიანთან გვაქვს.