ნოდარ დუმბაძეს არ დაუწერია იმდენი ნაწარმოები, მე რომ გამიხარდებოდა. ეჰ, სამწუხაროა. ბავშვობაში ალბათ იმის ნახევარი ან ცოტა მეტიც მქონდა წაკითხული, რაც ამ ადამიანმა დაგვიტოვა და ერთხელ, ზღვაზე ყოფნისას, ბინის პატრონის ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე, თუ არ ვცდები, დუმბაძის პროზაული ნაშრომების სრული კრებული. რამდენიმე, სხვადასხვა გამოცემის წიგნებში. მაინც წვიმდა იმ დღეებში და სულ ორ თუ სამ დღეში წავიკითხე ყველაფერი. მახსოვს, როგორ მთელი ძალით მინდოდა, კიდევ ჰქონოდა დაწერილი რამე, რაც მე არ ვიცოდი, რასაც მალევე მოვძებნიდი და ისევ ჩავეფლობოდი ამ არაჩვეულებრივ, მშობლიურ, ქართულ საკითხავში. სამწუხაროდ, მეტი არაფერი დაუტოვებია იმ კაცს.
ამ წიგნში "კომუნისტურიც" და არასაინტერესო რამეებიცაა, მაგრამ მაინც ნოდარისეულად სხარტადაა დაწერილი, მისეულად თბილია, თბილისიც მისეულად უნიკალურად, კოლორიტულად, განუმეორებელი ატმოსფეროთია გადმოცემული სიტყვებით. ბოლოს დათვი მერაბია უნდა გავიხსენო ისევ. სულ მახსოვს პატარა დათვი მერაბია. საყვარელი და უბედური... არ დააცადეს სიცოცხლე მონადირეებმა. არასოდეს მიყვარდა მონადირე, მეზიზღებოდა ყოველთვის ნადირობა, უსაყვარლესი ცხოველების, ფრინველების დახოცვა.