ჯაბა იოსელიანი მე-20 საუკუნის საქართველოს უკანასკნელი დეკადის ერთ-ერთი გამორჩეული, წინააღმდეგობრივი ფიგურაა,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია 90-იან წლებში მომხდარი თითქმის ყველა პოლიტიკური მოვლენა. ჯაბა იოსელიანის "სამი განზომილება" სწორედ ამ პერიოდის მოგონებების კრებულია. მასში ავტორი ნაწილობრივ დოკუმენტურად, ნაწილობრივ მხატვრულად აღწერს ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. შესაბამისად, წიგნი უმნიშვნელოვანეს ისტორიულ პირველწყაროს წარმოადგენს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული და მძიმე პერიოდის შესასწავლად.
ზოგჯერ ფიქრობ ადამიანი, გულაგის შესახებ; გულაგიდან, ბელადისთვის, დაბადების დღის მისალოც წერილებზე და მაგ წერილებზე ჯგუფურ ხელმოწერებზე; ორმაგ ულუფებზე და ჩადენილის მონანიებებზე; დიდგორის დღეს, პლანეტების განლაგებებზე და ასტ(ც)როლოგიურ რუქებზე; ისტროიის უწყვეტ ჯაჭვზე, ბერტრანდ რასელის ვიდეო ფირზე, მტკვარში შეგდებულ ცხენზე და მეზარბაზნეების არმენოფობურ მითზე; ისტროიული ნაკადების განშტოებების კონგრეგაციასა და მეხსიერების უწყვეტობაზე ვიდრე ჰამადანამდე; დიდი ყაენის Y-ქრომოსომაზე, უხსოვარ რასსებზე, დადიანების სასახლესა და ჰიჩჰაიკერის გალაქტიკის გზამკვლევზე; პომპეის გალავანზე, 1410 წამიან ექოზე და გადარჩენილ პროფილებზე; კუროსავას ჯიდაიგეკსა და დამფუძნებელი მამების ძეგლების მტვრევაზე; ლამბდა ცივი ბნელი მატერიის პარამეტრიზაციაზე და 5000 სიმბოლოდ მოცემულ კოსმოლოგიაზე. სამყარო ნეიტრალურია და უმისამართო ამიტომაც, არ არსებობს არც ისტორიული და არც ცხოველური სამართლიანობა - ინდური სისტემების კარმული თეორიები კი, თეორიებადვე რჩებიან... რაც შეეხება განზომილებებს, 3 ნამდვილად არ არის და მინიმუმ 4-ია; რაც შეეხება მემუარებს, განმარტების ძალითვე, იწერება მას შემდეგ, რაც ყველაფერი დასრულდა და ითქვა; რაც შეეხება თვალსაზრისს, მეხსიერებას და გულახდილობას - შეზღუდული, წარმავალი და არასანდოა; რაც შეეხება ჩვენი სახელმწიფოს მოწყობას, არ მომხდარა და არც მოხდება უახლოესი წარსულის რეალური გადაფასება. შესაბამისად, ვართ იქ სადაც ვართ.
შევარდნაძე მუდამ დაბნეულია, ყარყარაშვილი მუდამ რაღაცას აფუჭებს ომში, კიტოვანი მხოლოდ დაპირებებს იძლევა, ქვეყანაში ქაოსია და ერთადერთი ძალა რომელიც წესრიგს იცავს, გმირულად იბრძვის აფხაზეთში და რაინდულად იქცევა სამეგრელოში - საქართველოს მხედრიონია! და მიუხედავად ამისა, ეს მაინც ძალიან საინტერესო წიგნია, მემუარებში ხომ სწორედ ის არის მთავარი, რაზეც ავტორი დუმს. თან კიდევ წიგნში ბოლომდე ვერ დაიმალები და "სამი განზომილება"-ც ნათლად ხატავს იმ დროის საქართველოს - ნოდარ ნათაძეს, რომელიც არ ენდობა ჯაბა იოსელიანს, სამეგრელოს რომელიც მუდამ უჯანყდება "ხუნტას" და შევარდნაძეს, მხედრიონს, რომელმაც მიუხედავად თავისი სიმხეცეებისა, ძალიან მაგრად იომა აფხაზეთში და თვითონ ჯაბა იოსელიანსაც - კაცს, რომელსაც არ ენდობოდნენ, მაგრამ საჭირო იყო და რომელმაც ერთ სიცოცხლეში უამრავი ცხოვრება ჩაატია - კანონიერი ქურდის, სამხედრო მეთაურის, პოლიტიკოსის, მწერილს, საბოლოო ჯამში კი იმას დაუბრუნდა რითიც დაიწყო - ციხეს!
რომ არ ვიცოდეთ ვინ არის ავტორი, ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩებოდა, თითქოს პოლიტიკისა და სამხედრო საქმის გენიოსის დაწერილ წიგნს ვკითხულობთ. თუმცა მაინც მნიშვნელოვანია იმ ადამიანის მემუარების (თუნდაც მიკერძოებულის) გაცნობა, რომელიც პირადად იყო ისეთი მოვლენების ეპიცენტრში (მსუბუქად რომ ვთქვათ), როგორებიცაა კანონიერი ხელისუფლების დამხობა, მხედრიონი, სამოქალაქო და აფხაზეთის ომები, შევარდნაძის მოსვლა ხელისუფლებაში და ა.შ. კიდევ ერთხელ დაფიქრება იმაზე, რომ ჩვენ კი არ ვართ ერთმანეთის მტრები (თუნდაც მძიმე შეცდომებს ვუშვებდეთ), არამედ მეზობლად გვყავს ურჩხული, რომელიც დღენიადაგ ჩვენს გადაყლაპვაზე ზრუნავს და ამისთვის ჩვენს სისუსტეებს იყენებს.
ვფიქრობ, ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს, ოღონდ, არ უნდა დაივიწყოს, ვინ არის ავტორი და არ მოექცეს მისი ქარიზმის გავლენის ქვეშ (ეს დიდად აქტუალური პრობლემა იყო 90-იან წლებში). ამ წიგნშიც არის გასაღები იმისა, თუ რატომ გადავიტანეთ ამდენი ვაი-ვაგლახი და დღესაც ბევრი გვიკლია, რომ თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ. ვიღაცები ჯაბა იოსელიანს დონ კიხოტს ადარებდნენ და ვფიქრობ, ამაში არის სიმართლის მარცვალი. მას მართლაც დიდი გეგმები ჰქონდა, მაგრამ, ის მსჯელობები, რასაც ის ავითარებს წიგნში სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების, დემოკრატიის, პოლიტიკის წარმოების, კონსტიტუციის და სხვ. შესახებ, ხშირად, აბსოლუტურად მოკლებულია ლოგიკას და რაციონალურობას და ძალიან უმწიფარი და გულუბრყვილოა. შეუძლებელიც არის, რომ სახელმწიფოს მოწყობის საღი მოდელი ჩამოეყალიბებინა ადამიანს, რომლის ცნობიერებაც კრიმინალებთან ურთიერთობაში ჩამოყალიბდა და რომელიც უგულვებელყოფდა სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს და კანონებს (გარდა საკუთრისა); მისაღებად მიაჩნდა, რომ ქვეყანაში წამყვანი ძალა შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო იარაღიანი მამაკაცების დაჯგუფება, რომელიც "სუპერმენივით" ყველგან გაჩნდებოდა და ყველაფერს თავის ჭკუაზე გაჭრიდა მუშტით თუ ტყვიით. შეიძლება, კრიმინალური სინდიკატი მართო ეგრე, მაგრამ, დემოკრატიას ვერ ააშენებ. შედეგიც დავინახეთ ყველამ, ვისაც გვახსოვს მისი ზეობის წლები.