ჯაბა იოსელიანის "ლიმონათის ქვეყანას" მრავალნაირად წაიკითხავენ. ერთნი, როგორც "პაპიონს" - ანრი შარიერის ავტობიოგრაფიულ რომანს, ბალადას თავისუფლებაზე... მეორენი, როგორც დოროშევიჩისა და შალამოვის კატორთულ ქრონიკებს... ვიღაცას ლამის ხელშესახებად წარმოუდგება თვალწინ ნახევარი საუკუნის წინანდელი ქალაქებისა და სოფლების პეისაჟები, ადამიანები რომლებიც მხოლოდ ფოტოებზე, ანდაც კვარცხლბეკებზე შემდგარი ჰყავს ნანახი... ვიღაც კი, კითხვას რომ დაამთავრებს გაიფიქრებს - როგორ გრანდიოზულ, მასშტაბურ ფილმს გადაიღებდნენ ჰოლივუდში ამ წიგნის მიხედვით.
ბიოგრაფიაც ფათერაკიანი აქვს "ლიმონათის ქვეყანას", ის ციხეში იწერებოდა... ავტორთან ერთად მასაც ათავისუფლებდნენ აჯანყებულები... მაგრამ ავტორისავე ნებით ხელნაწერებით სავსე საქაღალდე კვლავ საკანში რჩებოდა... (მიზეზი? - როცა ცეცხლი უკიდიათ სახლებს და ორმხრივი ბრძოლა მიმდინარეობს, როცა სასიკვდილოდ ადამიანები არიან გამეტებულები, საკუთარი ხელნაწერის გულზე მიხუტება, ანდა იღლიაში ამოჩრა არ შეიძლება!)
მერე ციხის შენობაც დაიწვა.
თანამებრძოლებთან ერთად ნანგრევების სანახავად მისულმა ჯაბა იოსელიანმა უკვე გამოოგლოვილ საქაღალდეს მაშინ მოჰკრა თვალი, როცა მის კიდეებს ცეცხლის ენები ლოკავდნენ.
გადარჩა წიგნი, რომელიც მსხვილად გაცრილი ფქვლისგან გამომცხვარ პურს შეიძლება შევადაროთ, შიმშილის მოკვლა რომ შეუძლია... ანდა, მიწის გულიდან წამოსულ ყინულივით ცივ წყალს, ყელს რომ გტკენს, წყურვილს კი უკვალოდ აქრობს... ზაალ სამადაშვილი
ჯაბა იოსელიანი (დ. 10 ივლისი, 1926, ხაშური — გ. 4 მარტი, 2003, თბილისი) — XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების პირველი ნახევრის ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს სამხედრო საბჭოს წევრი 1992 წლის 6 იანვარიდან ამავე წლის 10 მარტამდე, სამხედრო მეთაური და შეიარაღებული ფორმირება „მხედრიონი“-ის დამაარსებელი და ლიდერი.
დაიბადა ხაშურში. სწავლობდა ლენინგრადის უნივერსიტეტში აღმოსავლემცოდნეობის ფაკულტეტზე, თუმცა არ დაუმთავრებია. 1948 წელს ლენინგრადში ბანკის ძარცვაში მონაწილეობის გამო 17 წელი ციხეში გაატარა.[1] 1965 წელს სასჯელმოხდილმა მცირე ხანში ისევ ამოყო თავი ციხეში, ამჯერად მკვლელობისთვის. საბოლოოდ საქართველოში დაბრუნდა და თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტში ჩააბარა, რომლის დამთავრების შემდეგ ამავე ინსტიტუტის კათედრაზე დაიწყო მუშაობა. დაწერილი აქვს რამდენიმე სცენარი თეატრალური სპექტაკლისთვის.
საზოგადოებისთვის იოსელიანი ცნობილი გახდა როგორც მხედრიონის ლიდერი — შეიარაღებული არაფორმალური დაჯგუფება, რომელიც მან 1989 წელს დააარსა. დაჯგუფების გაცხადებული მიზანი იყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონების დაცვა რეგიონული სეპარატისტული ელემენტებისგან. 1991 წლის თებერვალში მისი ორგანიზაცია პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ უკანონოდ გამოაცხადა, ხოლო თავად იოსელიანი მხედრიონის წევრებთან ერთად დააპატიმრეს.[2].
1991 წლის დეკემბერში იოსელიანმა ციხიდან გაქცევა მოახერხა და საქართველოს ეროვნული გვარდიის განდგომილ წევრებს შეუერთდა სამხედრო გადატრიალების მოწყობის მიზნით. სისხლიანი გადატრიალება იოსელიანის მომხრეების წარმატებით დასრულდა 1992 წლის იანვარში. იოსელიანი გახდა სამხედრო საბჭოს ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც საქართველოს მართავდა 1992 წლის იანვარ-მარტში.[3][4] მოგვიანებით იგი გავლენიანი ფიგურა ხდება პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პერიოდშიც, რომელიც იძულებული იყო მხედრიონის შეიარაღებულ დაჯგუფებას დაყრდნობოდა სახელმწიფო თავდაცვის ძალების უსუსურობის გამო. იოსელიანის უპირატესობა ქვეყნის მმართველობაში იმითაც გამოიხატებოდა, რომ მისი ოფისი პარლამენტის შენობაში ზუსტად შევარდნაძის ოფისის თავზე იყო და ის მუდამ გარშემორტყმული იყო შეიარაღებული მცველებით.
იოსელიანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს მმართველობის აღდგენის კატასტროფულ მცდელობაში აფხაზეთში, რომელიც ცენტრალური მთავრობისა და მხედრიონის ძალების აბსოლუტური დამარცხებით დამთავრდა 1993 წლის აგვისტო-სექტემბერში. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ჯაბა იოსელიანი ავტორია სამი მონოგრაფიის, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ოთხი რომანის და ექვსი სპექტაკლის, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა თეატრებში დაიდგა. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი. გამოიცა რუსულ ენაზე ნათარგმნი მისი ორი წიგნი „ლიმონათის ქვეყანა“ და „სამი განზომილება“. საკუთარ წიგნში „ლიმონათის ქვეყანა“ იგი მოგვითხრობს საკუთარ ცხოვრებაზე, 2002 წელს ასევე დაესწრო წიგნის პრეზენტაციას მოსკოვში.[5] ლევ ანინსკის ჟურნალში „ხალხთა მეგობრობა“ („Дружба народов“) აღწერა რომანი „ლიმონათის ქვეყანა“ საკუთარ ესეში.[6] რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკოვ რომანის გამოსვლის შემდეგ განაცხადა: როგორც ჩანს, ის იყო საინტერესო ადამიანი, კაცი დიდი ვნებებით, წინააღმდეგობებით და საუცხოო პიროვნებით.[7].
* მსოფლიო ლიტერატურის გმირები ერთ მკვლელობას ეწირებიან, უძილობა ემართებათ, ჭკუაზე იშლებიან, სტალინი კი მილიონს ხვრეტდა და ტკბილად ხვრინავდა, დილით ძლივს აღვიძებდნენ. :)