ამ რომანს არ ჰყავს მთავარი გმირი, მაგრამ ჰყავს ასზე მეტი პერსონაჟი: ქალაქის ერთი კორპუსის ბინადარნი და ის ადამიანები, რომლებიც მათთან ურთიერთობენ. ამ პერსონაჟებს სხვადასხვანაირად ესმით ბედნიერება, თავისებურად ესწრაფვიან მას, მათგან ზოგიერთს დაკარგულიც კი აქვს ბედნიერების მიღწევის იმედი და სევდიანად ფიქრობს მასზე, როგორც რაღაც მიუწვდომელზე. ჩანს ზეგარდმო ძალაც _ ბედნიერების მომტანი _ რომელიც მის განაწილებას კორპუსის მოსახლეთა შორის უცნაური გზით ცდილობს. ნაწარმოები კოლაჟური სახისაა და სიუჟეტური ხაზი ამ ასზე მეტ პერსონაჟს შორის დაქრის. ტემპი საკმაოზე მაღალია და ამიტომაცაა, რომ ავტორისეული განმარტებით მას `სწრაფი რომანი~ ეწოდება. საბოლოო ჯამში შოთა იათაშვილი ამ ბანალური სათაურითა და მარტივი სქემით ექსპერიმენტულ ტექსტს გვთავაზობს, რომელშიც უთვალავი ჩამთრევი ამბავია ჩაქსოვილი _ კომიკურიც, დრამატულიც, ვნებიანიც, სოციალურიც... `ფიქრის სიჩქარე სინათლის სიჩქარეზე სწრაფია~ _ ამბობდა ერთი აღმოსავლელი ფილოსოფოსი. რა თქმა უნდა, ეს მეტაფორაა _ მომხიბლავი მეტაფორა, რომანი `ბედნიერება~ კი ამ მეტაფორის მხატვრული ილუსტრაციაა. გააზრებული თუ შემთხვევითი _ ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს. ამ ტექსტის აღქმა და კითხვისგან სიამოვნების მიღების გასაღები მის ექსპერიმენტულობაშია და მკითხველს ერთადერთ რამეს ვურჩევდი: `ენდეთ სიტყვებს და არა პერსონაჟთა ქმედებებს. ესაა ამ შემთხვევაში ესთეტიკური გაბედნიერების ჯანსაღი გზა. დავით ქართველიშვილი
ნატოსავით მეც, როგორც რიგით მკითხველს, დამაკლდა გმირების შემდგომი ცხოვრება, თუმცა ალბათ ავტორის პოზიცია უფრო რეალურია, ვიდრე ჩვენი სურვილი. არავინ იცის ერთ ჩვეულებრივ კორპუსში მცხოვრები ჩვეულებრივი ადამიანებისთვის რა არის ბედნიერება. ან კი საკუთარი ბედნიერებისა გაგვეგება რამე? მიმდინარე ბედნიერ წუთებს ხომ თითქმის ვერასდროს ვიაზრებთ (მხოლოდ შემდეგ ვაცნობიერებთ ბედნიერებას, როდესაც ის ჩაივლის) და შემთხვევით "ბედნიერების ბურთულა" რომ ჩაგვივარდეს ხელთ, ალბათ ვერც ამას მივხვდებით.