„პერუს დღიურის“ დიდი ნაწილი ეთმობა ლათინოამერიკულ ლიტერატურას, რომელიც ავტორის თანმდევია სელვას ჯუნგლებიდან (ამაზონიის მზისგან მიუწვდომელი დაბლობი), ზღვის დონიდან 4600 მეტრზე მდებარე აუსაგანტას ტბებამდე მოგზაურობისას. მის მიმოხილვაში ხვდებიან სარმიენტო, ოტერო სილვა, როა ბასტოსი, არგედასი და ქართველი მკითხველის უმეტესობისთვის ჯერაც უცნობი სხვა ავტორები.
ამ დიდი ლიტერატურის წამყვანი თემები – რევოლუცია, წინააღმდეგობა და სასოწარკვეთა არჩილ ქიქოძის მონათხრობს რეფრენად გასდევს. ავტორის ფიქრი ვერ სცილდება ოჯახსა და მეგობრებს. მოგზაურობის პარალელურად, 2024 წლის დეკემბერში, თბილისში დემონსტრანტებს საპოლიციო ძალები გადამეტებული სისასტიკით უსწორდებიან. თითქოს მათთან არყოფნის საკომპენსაციოდ, სელვას ჯუნგლებში ხეტიალისას, თავადაც ხიფათში აღმოჩნდება.
წიგნი ხიფათიანი მოგზაურობის გულახდილ სურათთან ერთად მარიო ვარგას ლიოსასთან გამოსამშვიდობებელი ელეგიაცაა, მასთან საბოლოო გამოთხოვება.
ლიტერატურული მიმოხილვის პარალელურად, მკითხველის თვალწინ იშლება პერუს ფლორისა და ფაუნის საოცარი მრავალფეროვნება: ჰუაკაჩინას ოაზისი, სალკანტაის მარშრუტი, არეკიპას „თეთრი ქალაქი“, სელვას ხაფანგივით ჯუნგლები, სადაც ავი სული „ჩულია ჩაკი“ ბინადრობს; მთისა და ტყის ფრინველები: ჰოაცინი, კარაკარა, ანდური კლდის მამალი, და „ნატურალისტებისთვის საოცნებო“ ბევრი სხვა სახეობა.
არჩილ ქიქოძე დაიბადა 1972 წელს, თბილისში. 1989 წელს დაამთავრა თბილისის მესამე ექსპერიმენტული სკოლა. 1989 წლიდან 1992 წლამდე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, 1992 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო თეატრისა და კინოს ინსტიტუტში ჯერ კონოსაოპერატორო, შემდეგ კი კინოდრამატურგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1999 წელს. 1991-1994 წლებში იყო სამაშველო სამსახურ “სანთელის” წევრი და მონაწილეობას იღებდა სამთო სამაშველო ოპერაციებში. გატაცებული იყო ალპინიზმით. დღემდე მუშაობს როგორც გამყოლი ველური ბუნების და ეკოტურიზმის გამყოლი. 21 წლის ასაკიდან დაკავებულია ლიტერატურული მოღვაწეობით.[1]
არჩილ ქიქოძის მოთხრობები, ესსეები, სტატიები და ფოტოები უკანასკნელი ათი წელია იბეჭდება ქართულ ჟურნალებში და ლიტერატურულ პერიოდიკაში. არის შვეიცარიაში გამოსული ორი ბროშურის ავტორი სვანეთსა და ხევის შესახებ და გარემოს დაცვის სამინისტროს დაკვეთით დაწერილი აქვს ტურისტული გზამკვლევი თუშეთის ეროვნული პარკის და ლაგოდეხის ნაკრძალის შესახებ.
[b]ჯილდოები[/b] - პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის თბილისის წიგნის ბაზრობაზე, კრებულისთვის “ირემი და ლიმონათი” (2002) - ლიტერატურული პრემია “გალა” ნომინაციაში წლის წიგნი, კრებულისთვის “მყუდრო” (2009)
*არჩილ ქიქოძემ ყველა ქვეყანაზე სათითაოდ რომ დაწეროს წიგნი, ყველას წავიკითხავ.
ტრადიციულად კარგად გვამოგზაურა, თუმცა გემოვნების ამბავია - მწერალი თავიდანვე ამბობს, რომ ეს წიგნი არა მხოლოდ პერუზე, არამედ ლათინოამერიკელ მწერლობაზეცაა. ჩემთვის ცოტათი ბალანსი იყო დარღვეული - ცოტა ნაკლები პერუ და ცოტა ბევრი მწერლობა გამოვიდა.
პ.ს პეტიციას ვადგენ, რომ საქართველოს მთიანეთის ყველა მხარეზე დაწეროს ცალ-ცალკე წიგნი.
მარიო ვარგას ლიოსას გარდაცვალება რომ გავიგე, საშინლად განვიცადე. სიმართლე უნდა ვთქვა, ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი იმ ადამიანების მიმართ ვისაც მსახიობის ან ვინმე მსგავსის სიკვდილი გულთან ახლოს მიჰქონდა…ასეა, ადამიანმა არ იცი როდის, რა, რატომ შეგეცვლება გულსა და გონში. მე პირველად ლიოსას “საუბარი კათედრალში” წავიკითხე…მაშინ მივხვდი რა გაქანების და “დონის” კაცი იყო. თურმე აგერ, მე და ბატონ არჩილსაც გვაერთიანებს მისდამი სიყვარული. სხვათაშორის, ჩემი სამხრეთ ამერიკისადმი სიყვარული ლიოსამ და მარკესმა გააღვიძეს თავის დროზე…შეუდარებელი კონტინენტია. ყველაზე ფერადი, ემოციური, დაუდგომელი და საინტერესო. არჩილის მოგზაურობის შესახებ რომ დადო სულაკაურმა პოსტი, ძალიან გამეხარდა! მერედა თურმე სად მიდიოდა!..ისე უყვარს სამხრეთ ამერიკული ლიტერატურა და იმდენად მეტი იცის ამ მხარეზე გაოცება ვერ დავმალე. დღიურებს შორის (მე მიყვარს ძალიან მექსიკური) ეს შეიძლება ითქვას ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა, უნდა დავესესხო ერთ “რივიუს” აქ და უნდა აღვნიშნო ფაქტი, რომ უფრო მეტი მწერლობაზე იყო მოთხრობილი, ვიდრე თავად პერუზე. სადღაც ერთმანეთი დავკარგეთ. მაგრამ ალბათ ასე იყო საჭირო…ლათინური ამერიკაც ასეთია.
არჩილ ქიქოძემ ძალიან ბევრი უნდა იმოგზაუროს და ძალიან ბევრი წიგნი დაწეროს. დიდი შანსია, რომ პერუში (ისევე, როგორც იმ ქვეყნებში, რომლებზეც აქამდე გვიამბო) ფიზიკურად ვერასდროს მოვხვდებით, ამიტომ ასეთი კარგი მწერლის მიერ აღწერილი ეგზოტიკური მხარე ნამდვილად დიდი საჩუქარია ლიტერატურისა და მოგზაურობის მოყვარულთათვის.
P.S. პერუში "მოგზაურობის" შემდეგ რას ვაპირებთ? რა თქმა უნდა, ლათინური ამერიკის ლიტერატურაში ღრმად ჩაძირვას )) ავტორს ეს კარგად გამოსდის - "პირდაპირ ხაზებს" აბამს ჩვენსა და სხვა წიგნებს შორის.
ეს წიგნი არჩილ ქიქოძის ამ მიმდინარეობაში საუკეთესოა. იმდენად აღფრთოვანებულია პერუთი და იმდენი იცის და იმდენად უყვარს ეს ქვეყანა, რომ ალბათ ამ დღიურს მოგზაურობის გარეშეც დაწერდა. ყველაზე მთავარი, რაც ამ დღიურმა მომცა ისაა რომ დიდი ხანია ვფიქრობ ეს დღიურები კი კარგია( ინდურის გარდა რა თქმა უნდა) მაგრამ ახალი რომანი როდის იქნება მეთქი და აქ გავიგე, რომ თურმე მუშაობს ახალ რომანზე და ამან გამაბედნიერა.
არჩილ ქიქოძესთან ჩემი ურთიერთობის დასაწყისია ეს წიგნი. მახსოვს, გასულ წელს გმირთა მოედნისკენ დაძრული რომელიღაც მარშის დროს, და ასეთი მაშინ ძალიან, ძალიან ბევრი იყო, უკან მედგა, სერიოზული გამომეტყველებითა და მზით ოდნავ შეფერილი კანით. იმ დროს არჩილზე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ქართველია, მწერალია და ბევრისთვის დიდებული ავტორი თანამედროვე ლიტერატურაში. თუმცა მეტი არაფერი გამეგებოდა და ჩემი მეგობრის შენიშვნასაც, რომ არჩილ ქიქოძისნაირი მწერლობა ძალიან რთული და ძალიან მაგარი რამეა, მხოლოდ ზრდილობის გამო თუ დავეთანხმე.
მაგრამ ახლა პერუს ამბები წავიკითხე, არჩილის თვალით აღქმული ლათინო ამერიკული ლიტერატურა გავიცანი და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ სივრცეში არჩილი, ალბათ, ერთ-ერთი გამორჩეულად თავისთავადი, თვითმყოფადი და სპეციფიური ავტორია. რამდენიმე რევიუში აღნიშნეს, მეტს საუბრობს მწერლობაზე და ნაკლებს - პერუზეო, ვეთანხმები, მაგრამ მე მწერლობაზე საუბარი უფრო გამისწორდა რატომღაც. განა იმიტომ, რომ სამხრეთ ამერიკას სათანადოდ ვერ აღწერს, არც იმიტომ, თითქოს რამე დაეკლოს პერუსთვის, არა, უბრალოდ როცა საუბრობ ლათინო ამერიკულ ლიტერატურაზე, ავტომატურად ყვები ამ ქვეყნების ამბებს და პირიქით - ნაკლებად.
ამ წიგნმა აღმომაჩენინა, რომ მარკესის პატრიარქის გაცნობამდე უნდა წამეკითხა ერთი სიკვდილის პირას მისული გენერლის ამბავი, რომ თურმე ძალიან ბევრი რამე აიხსნება პატრიარქის შემოდგომაში, თუ გენერალი თავის ლაბირინთში წაკითხული გექნება.
“სხვანაირი იერი აქვთ მაგათ, სხვანაირი სისხლი უჩქეფთ ძარღვებში და სხვანაირ სისხლავსე წიგნებს წერენ - უცნაური და გიჟური ამბებით სავსეს. მაგიური რეალიზმიო და კიდევ რა არ დაარქვეს და, მგონი, ეგ მხოლოდ ევროპისთვისაა მაგიური, იქ კიდევ ჩვეულებრივი ამბებია” - ეს არის ლათინოამერიკული ლიტერატურა, ანუ კაცობრიობის ყველაზე დიდი მონაპოვარი და ყველაზე დიდი მოზაიკა აბსურდზე, პოლიტიკაზე, დიქტატურაზე, ძალადობაზე, უპირველესად კი, ყველა ტიპის ადამიანზე.
პერუს შესახებ დაწერილი თავების ცოტათი უგულებელყოფისთვის ბოდიში, თუმცა ერთი რამ ცხადია - მინდოდა და ახლა კიდევ უფრო მეტად მინდა ოდესმე, თუ არა ორ წელში, დავწერო ლათინოამერიკული ლიტერატურის პოლიტიკურ პარადიგმებზე დიქტატურის პერსონიფიკაციის კონტექსტში. და ამას აუცილებლად ვიზამ, გპირდებით.
იქამდე ან მერე ეგება მეც ვიმოგზაურო პერუში, ჩილეში, არგენტინაში და მექსიკაში - იქ, სადაც ერთი ძალიან მაგარი, ალბათ ყველაზე მაგარი კაცი დაიბადა და წერდა, ვგულისხმობ, ხუან რულფოს.
პ.ს იქნებ ვინმე ღვთისნიერმა აიღოს თავის თავზე ბოლანიოს ათასგვერდიანი წიგნის თარგმნა :(
ამ სერიაში საუკეთესო წიგნია. სამხრეთ ამერიკის მწერლობის გარეშე აღწერა უინტერესო იქნებოდა. იგრძნობა როგორ ელოდებოდა აქ მოხვედრას და ყველაზე გულწრფელი, გადამდები სიხარულითაა დაწერილი. მეც მეგონა, რომ ვიჯექი ნავში და ვუყურებდი ვარსკვლავებს
2025 ოქტომბრის ბოლო იყო, ჩემ მეგობარ ელენეს ვუყიდე "პერუს დღიური" სანამ მას შევხვდებოდი 4 საათი მქონდა თავისუფალი, მის ლოდინში გადავწყვიტე საჩუქრის დათვალიერება. ჯერ სურათების მიმოხილვით დავიწყე, განსაკუთრებით მომეწონა მთის ფონზე ალპაკა რომელსაც სასაცილოდ აქვს თავი ამოყოფილი, შემდგომ დავუბრუნდი ჩემს ცუდ ჩვევას რაც ბოლო თავის წაკითხვაა, ყველა მეგობარი მსაყვედურობს ხოლმე რომ ასე წიგნის წაკითხვის ხალისს დავკარგავ მაგამ პირიქით. პერუსთან და კონტინენტთან დამშვიდობება განსაკუთრებით ამაჩუყებელი აღმოჩნდა, თავისი ქართული სენტიმენტებით,მაშინ გადავწყვიტე რომ ეს წიგნი ჩემთვისაც შემეძინა. ბოლო თავის მსგავსად ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე მთელი წიგნი, ავტორის მსგავსად ჩემი საყვარელი მწერალიც ლიოსაა და მისი განხილვა ასჯერ უფრო სასიამოვნო იყო. 2024 წლის ნოემბრის ბოლო ყველასთვის მძიმე იყო, მაგრამ ერთი წლის შემდეგ როდესაც სიტუაცია უფრო დამძიმებულია იმედის ნაპერწკალივითაა თბილისური ამბების გახსენება.
თუ რომელიმე ქართველს შეუძლია, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, განსაკუთრებით, ლათინურ ამერიკაში გვამოგზაუროს - შთამბეჭდავი ლიტერატურის და სელვას ჯუნგლების გავლით, ის აუცილებლად არჩილ ქიქოძეა.
მიყვარს, რომ ასე ძალიანაა შეყვარებული იქაურობაზე. კიდევ უფრო მეტად მომინდა კუსკოს, რიო დე ლა პლატას და პოტოსის ხილვა ლიოსას, ბოლანიოს, არგედასის ჩანაწერების თანხლებით.
რაზეც ამდენი ხანია ფეხს ვითრევ, ამ წიგნის მერე აღარ დავაყოვნებ და თავით გადავეშვები სამხრეთ ამერიკულ ლიტერატურაში. პერუსთან ჩემი სენტიმენტები მაქვს, აუცილებლად ვიმოგზაურებ როცა იქნება და უკვე ვიცი, რითი გამოვტენი ჩემოდანს. მანამდე კი “მწვანე სახლით” დავიწყებ.