ოლივერ რაისნერის „ქართველი ერის სკოლა“ მრავალწლიანი კვლევის საფუძველზე მოგვითხრობს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების — პირველი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციის — შექმნისა და მოღვაწეობის ისტორიას.
წიგნი აღწერს, თუ როგორ შეძლო ადამიანების მცირე ჯგუფმა ეროვნული იდეის გამოღვიძება, ცოდნის, განათლებისა და კულტურის გავრცელება, ქართველთა რამდენიმე თაობისთვის იმედისა და შთაგონების მიცემა.
„ქართველი ერის სკოლა“ წარმოაჩენს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, როგორც მოძრაობას, რომლის რიგებში სხვადასხვა წარმოშობის, სოციალური მდგომარეობისა და შეხედულებების ადამიანები საერთო მიზნისათვის ერთიანდებოდნენ.
მკითხველი გაიცნობს საზოგადოების რიგით წევრებსაც და სახელგანთქმულ მოღვაწეებსაც — ყოველდღიური მუშაობის სირთულეებსაც და დიდ წარმატებასაც.
სამეცნიერო ნაშრომების კითხვა მარტივი არ არის, თუმცა როდესაც ჩვენი ქვეყნის წარსულს გვახსენებს, აუცილებელიც კია. ოლივერ რაისნერის საფუძვლიანი კვლევა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შესახებ (რომელიც მაშინდელ არასამთავრობო ორგანიზაციად შეგვიძლია მივიჩნიოთ) დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობას მივაღწიეთ, რუსეთის იმპერიასთან ბრძოლა არ დასრულებულა და XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე განათლების გზით ეროვნული თვითმყოფადობისთვის მებრძოლთა დავიწყება არ გვმართებს, არც იმის უგულებელყოფა, რომ სწორედ ქართველი ერის სკოლის წიაღიდან იშვა ქართული სახელმწიფო.