ცოტა სასაცილოდ და არასერიოზულად მომეჩვენა ამ დიადი ქალბატონის საუბარი ცრურწმენებზე, ჭინკებზე და ლეგენდებზე, სხვამხრივ ნამდვილად გამორჩეული პიროვნებაა და მაოცებს მისი განვითარების დაუშრეტელი სურვილი, იმ პირობებშიც კი რომელშიც მან მთელი თავისი სიცოცხლე გაატარა, ცივილიზაციას და თანამედროვე ყოფა-ცხოვრებას მოწყვეტილ შევიცარიის პროვინციაში.
"საჭირო გახდა ოცი წლის ასაკამდე მისვლა, რათა განვთავისუფლებულიყავი მას შემდეგ, რაც საკრალურთან ახლებური ურთიერთობა დავამყარე, უფრო გაშინაგანებული და რელიგიური წესების სრულებით არშემსრულებელი. ჩვენთან თუ სხვაგან - ეს შიში საერთო იყო კათოლიკური ქვეყნების ყველა ბავშვისთვის. თანაც ჩვენ მხოლოდ სიკვდილზე გველაპარაკებოდნენ მუდამ სიკვდილზე. ჩვენ, რომლებსაც ცხოვრება და ზრდა უნდა გვესწავლა.ვულგარულად რომ ვთქვათ, დღეს და ღამა ტრაკებისთვის უნდა მოგვეჭირა და გაჯგიმულებს სულ პირდაპირ გვევლო, რათა სიკვდილის წამს იმ ღმერთის ხელებში არ ჩავცვენილიყავით, პირდაპირ ჯოჯოხეთში რომ გაგვისტუმრებდა, იმიტომ, რომ არ გავაკეთეთ ის, რისი გაკეთებაც გვმართებდა.
ჩემი და ჩემი მშობლების თაობა დაღდასმული იყო ჯოჯოხეთის, სამსჯავროსა და დასჯის პანიკური შიშით. ეს სრული საზიზღრობაა. ადამიანებს ერთმეოდათ ის მცირეოდენი ბედნიერება და სიმშვიდეც, რომელიც შეიძლებოდა ჰქონოდათ. ვის და რის სასარგებლოდ ერთი მითხარით? თუ ღმერთი არსებობს, ის არ უნდა ამსხვრევდეს და არ უნდა სპობდეს ადამიანებს -მისსავე ქმნილებებს. მე გულწრფელად მწამს, რომ ის არსებობს. მას შეუძლია გარდაქმნას თავისი ქმნილებები ტანჯვის გზით, რომელიც ცოდნის გზაცაა. მაგრამ არა სამარადისო გაწირვით!
ადამიანებს აქვთ ნოსტალგია ისეთი არსებისა, რომელიც თვალყურს ადევნებს მათ. თვალყურის დევნებაში ვგულისხმობ რაღაც ზედამხედველობის საპირისპიროს, ჩვენს მეგზურად ყოფნას ადამიანური არსებობის წყვდიადში... მე ყოველთვის კათოლიციზმი მქონდა კანზე შემოკრული. მე მას არასოდეს უარვყოფ. მხოლოდ ის მსურს, რომ ის რაღაც სხვა იყოს და არა საეკელესიო ტირანია, ბრალმდებელი და დამსჯელი, რომელიც ყველას გვაფრთხილებს, რომ ღმერთი თითოეულ ჩვენს სიტყვას თუ ქმედებას აყურადებს და ყველაფერს დიდ წიგნში იწერს, რათა ესეც დაუმატოს ჩვენს ყველა სხვა დაუდევრობას!
"თუ ჩვენ ღმერთი გვქმნის, მაშინ ისიც არანაკლები სიმართლეა, რომ ჩვენც ვქმნით მას. ღმერთის ისე შესაცნობად, როგორიც ის არის, საჭიროა გათავისუფლება მთელი ადამიანური ცოდნისგან...სიყვარული აღემატება ყოველგვარ ცოდნას..."
შევამჩნიე, რომ ყველა ტრადიციას საერთო ჰქონდა ...სული თუ გნებავს. განსხვავდებოდა მხოლოდ მათი, ასე ვთქვატ, ხელწერა თუ დამწერლობა...ხშირად მახსენდებოდა ვოლტერის სიტყვა, რომელიც მას უთქვამს თავისი საათის შეხედვისას: "ვერ ვიჯერებ, რომ ის მუშაობს და შიგნით მესაათე არ ზის". უეჭველია, რომ სამყაროებს აღმატებული წესრიგი მართავს, რა სახელიც გნებავთ, ის ვუწოდოთ მას.რა რიცხვიც გვსურს, ის მივანიჭოთ. არსებობს მესაათე, სხვადასხვა რელიგიები კი - მისი განსხვავებული სასაუბრო ენებია.
როცა მე ნამდვილად გავაცნობიერე ქალის სიტუაცია, უკვე საბოლოოდ დავუპირისპირდი ეკლესიას, რადგან, რელიგიური სწავლების მიხედვით, ჩვენ, ქალები მეტ-ნაკლებად შეგნებულად წარმოავდგენდით კაცისთვის მისი ცოდვის იარაღს. მამაკაცს აძლიერებდა ის, რასაც საუკუნეთა განმავლობაში უმეორებდნენ: ქვეყნიერებას უბედურება ქალით მოევლინაო. ეს ჩაწერილია მის გენებში! ...მთელი ის უბედურება - ჩვენი უბედურება - დასაბამიერი ცოდვის გამოსყიდვაა. ქალს ამცირებდნენ, სჯიდნენ იმ შეცდომებისთვის, რაც მას პიროვნულად არ ჩაუდენია.
როდესაც დედაჩემი მიამბობდა ცოდვით დაცემის ისტორიას, მე ვუთხარი: "ეს შეუძლებელია. შენ ხომ მითხარი, რომ ღმერთი უსასრულოდ კეთილია და ყველაფერი წიანსწარ იცის. როგორ შეეძლო ერთი პატარა ცოდვისთვის მთელი დედამიწის გაწირვა. მე რომ ერთი ვაშლი ამეღო, რომლის აღებაც შენ ამიკრძალე, მარადიული ტანჯვისთვის გამწირავდი? ერთ-ორს მომცებდი და ეგ იქნებოდა..." მთელი ცხოვრების მანძილზე ვუსვამდი და ხლაც ვუსვამ ჩემს თავს ამ კითხვას, რომელიც დღემდე გამოცანად რჩება: რატომ გამოსცადა ღმერთმა მამაკაცი ქალის მეშვეობით? თუ ღმერთს ეს სურდა, მაშინ ეს სასჯელს არ ამართლებს, ან მხოლოდ იმ შემთხვევაში ამართლებს, თუ საჭირო იყო განტევების ვაცი: ქალი. ... დასაბამიერი ცოდვის იდეა მთელ ქრისტიანულ კულტურას განსმჭვალავს. ის ქალს უკანასკნელ მონად, უკანასკნელ კოლონიზირებულ არსებად აქცევს.
-ასე რომ, შენს თავს კვლავაც კათოლიკედ მიიჩნევ? - ეს ის რელიგიაა, რომელშიც მე დავიბადე, კულტურა, რომლის წიაღშიც გავიზარდე. იმის თქმა, თითქოს ეს რელიგია ერთადერთ გზას წარმოადგენს ღმერთისკენ, ვერ შეუთავსდებოდა მისივე სამართლიანობას. ქრისტიანები კაცობრიობის მეხუთედსაც კი არ შეადგენენ და ნუთუ ისურვებენ, რომ ერთადერთი რჩეულნი იყვნენ? სხვები? მაჰმადიანები, იუდაისტები, ანიმისტები, ურწმუნონი? მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ცხოვრება შესაბამისობაში იყოს ჩვენსავე რწმენასთან, ღმერთი თავს სხვადასხვა ფორმაში ავლენს, - იმდენად, რამდენადაც შეგვიძლია მისი მიღება. წარმოვიდგინოთ თუნდაც უზარმაზარი მთა, რომლის მწვერვალსაც ის წარმოადგენს. ჩვენ ყველანი სხვადასხვა გზებით ავდივართ. რაც იმას არ ნიშნავს, რომ ამ გზებში რომელიმე სხვებზე უკეთესია. ზოგი გზა უფრო ციცაბოა, ზოგი უფრო მიხვეულ-მოხვეული, ზოგი წრიული. მაგრამ მწვერვალზე ყველა ერთიანდება. აღარაფერი ჩანს ნაწილ-ნაწილ, მთელი ცა და მიწა ხელისგულზე მოჩანს და ამ დროს უკვე აღარ გვაინტერესებს ჩვენი აქამდე მომყვანი ბილიკების განსხვავებულობა.
ყოველთვის მირჩევდნენ, არასოდეს დამეკრიფა ყვავილები. გარდა საჭიროებისა. არ გამენდაგურებინა სასარგებლო მცენარეები. მათი კრეფისას მხოლოდ იმდენი უნდა მომეწყვიტა, რამდენსაც გამოვიყენებდი. წინააღმდეგ შემთხვევაში უსარგებლოდ გავანადგურებდი სიცოცხლეს. ამგვაარდ მყარდებოდა კავშირები ყოველივე არსებულთან! პატივს ვცემდით ბუნებას და ეკონომიურად ვიყენებდით. კარგია ამის გახსენება დღეს, როცა ყველაფერს ვანადგურებთ. ეს გაუცნობიერებელი თვითმკვლელობის ერთ-ერთი ფორმაა. ოდესღაც გვასწავლიდნენ არ გაგვენადგურებინა ჩვენი გარემოს შესაძლებლობები, გვეფიქრა მათზე, ვისაც ჩვენ შემდეგ უნდა ეკრიფა ეს ბალახი. ვფიქრობ, ეს მშვენიერი პრინციპია.ეს საყოველთაო სიყვარულის დასაწყისია!
აშკარაა, რომ ფულის შემოსვლამაც ბევრი რამ შეცვალა, ადამიანთა ხასიათიდან დაწყებული. უწინ ჩვენ არ ვფიქრობდით, რომ ყველაფერში გასამრჯელო უნდა აგვეღო. უბრალოდ სამსახურს გავწევდით, ეგ იყო და ეგ. ფ���ლმა გაზარდა კეთილდღეობა. ეს აუცილებელი იყო. მაგრამ მას არ გაუზრდია ადამიანთა ზნეობრივი სტატუსი, როგორც აქ, ისე მთელ დედამიწაზე. ეს კეთრი ყველაფერს ხრწნის. ურთიერთდახმარების გრძნობა დაიკრგა, გული დაყრუვდა. ადრე ჩვენ გაცილებით უფრო თავისუფლად ვგრძნობდით თავს ერთიმეორის წინაშე. არავის არაფერს ვთხოვდით, არავისი არაფერი გვმართებდა. აი მთელი თავისუფლების საიდუმლო, რომლის წყალობითაც გაგვაჩნდა სოციალური თანასწორობის არაჩვეულებრივი გრძნობა.
საბედისწერო წიგნი აღმოჩნდა მარი მეტრაიეს ”ღიმილის მტვერი”. რადგან მარი, ჰერენის ხეობის მთაში მცხოვრებმა გლეხის ქალმა, დაბადებულმა ევოლენში 1901 წელს, თავისი განვითარებითა და სიყვარულით ნებისმიერ რელიგიაზე, ნებისმიერ ფიზიკაზე, ნებისმიერ ფილოსოფიაზე მაღლა დადგა. როგორ შეძლო ეს? ის უბრალოდ ადამიანი იყო. უმარტივესი თეზაა. ადამიანი, რომელსაც ფერიებთან და მცენარეებთან საუბარი შეეძლო. დიახ, ეს ნებისმიერ ადამიანურ ადამიანს ძალუძს, ნებისმიერ თქვენგანს და სწორედ, ისაა ყველაზე გასაკვრი, ყველაზე შემაშფოთებელი, რომ თქვენ დაკარგეთ ეს უნარები... ჩამარხეთ, მოსპეთ, გათელეთ, დაივიწყეთ სამუდამოდ, უკიდურესი მიწიერების გამო...
ბევრი წიგნია ეგოისტურად რომ მიყვარს და სხვებისთვის გაზიარება საშინლად არ მინდა ხოლმე . ჩემთვის მაქვს შემონახული და დროის დიდი შუალედებით ვკითხულობ განმეორებით , რომ სიამოვნება თავდაპირველი შეგრძნებებით განვიცადო . აი , ასეთი წიგნია ''ღიმილის მტვერი '' , ჩემი ცხოვრების წიგნი , ჯადოსნური და ამავე დროს ძალიან რეალისტური . მთაში გაზრდილი , გლეხის ქალი მარი ჩემთვის უძვირფასესი ადამიანების სიაშია , მერე რა რომ ჩემს დაბადებამდე ოცი წლით ადრე გარდაიცვალა და არ ვიცნობდი . თარიღები უბრალო წვრილმანებია : )