სახელგანთქმული მეცნიერი, ასტროფიზიკაში მნიშვნელოვანი კვლევების ავტორი დავით გიორგაძე უკურნებელი სენითაა ავად. საავადმყოფოში მოხვედრილ ხანდაზმულ აკადემიკოსს ძალიან ნიჭიერი და ავანტურისტი ექიმი წარმოუდგენელ გამოსავალს სთავაზობს - მეორე სიცოცხლის შანსს, ანუ აკადემიკოსის ტვინის გადანერგვას სხვა, ახალგაზრდა სხეულში. მეცნიერებისათვის უკანასკნელი სამსახურის გაწევის მიზნით, გიორგაძე ექსპერიმენტს თანხმდება და მის ტვინს ავტოავარიაში მოხვედრილი ახალგაზრდის, რამაზ კორინთელის სხეულში გადანერგავენ...
გურამ ფანჯიკიძე დაიბადა 1933 წლის 22 აპრილს თბილისში. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. პარალელურად, იყო გაზეთ „ლენინელის“ რედაქტორი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 50-იანი წლების დამლევს. მისი პირველი მოთხრობები, „საღამო“, „რაშიდა“, „თოვლიანი დღე“ 1964 წელს გამოიცა. პირველი რომანი – „მეშვიდე ცა“ – ასევე „ცისკარში“ 1967 წელს გამოქვეყნდა და იმთავითვე დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში. ასევე ფართო გამოხმაურება მოჰყვა მწერლის მეორე როამანს – „თვალი პატიოსანი“, შემდგომ კი რომანებს – „აქტიური მზის წელიწადი“ (რომლისთვისაც შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემია მიენიჭა) და „სპირალი“. გურამ ფანჯიკიძის კალამს აგრეათვე ეკუთვნის არაერთი პუბლიცისტური ნარკვევი, სამეცნიერო-პოპულარული სტატია და დოკუმენტური პროზის ნიმუში. სხვადასხვა პერიოდში გურამ ფანჯიკიძე რედაქტორობდა ლიტერატურულ გამოცემებს: ალმანახ „განთიადს“, ჟურნალ „ცისკარს“; 1979 წლიდან გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ დირექტორი იყო. იყო მისივე ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების – „ლევან ხიდაშელი“, „თვალი პატიოსანი“ და „სპირალი“ – სცენარის ავტორი. გურამ ფანჯიკიძე მოულოდნელად გარდაიცვალა 1997 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
3.5 პირველ რიგში, პატივისცემა ავტორს - არ ვართ განებივრებული ქართულ ლიტერატურაში ამ ჟანრით და მითუმეტეს 70-80იან წლებში სიახლე იყო. ისე, დამღალა წიგნმა, რაღაცებს იმდენჯერ იმეორებდა, ძნ ხელოვნური ხდებოდა თხრობა. ვერ ჩამოვყალიბდი დიდად. ჰოდა, თავს ვიკავებდი შეფასებისგან. არც ახლა დავწერ არაფერს რევიუსმაგვარს. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ბრედბერს ან ვინმე მსოფლიოში ცნობილ სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორს რომ დაეწერა, ძნ პოპულარული წიგნი იქნებოდა.
რთულია შესაფასებლად. სიუჟეტი საინტერესოდ ვითარდებოდა და დასასრულიც ისეთი იყო, როგორიც ამ წიგნს სჭირდებოდა.
ტექსტი ზედმეტად გაწელილი და განმეორებადი იყო. ერთი და იმავე სათქმელს ავტორი რამდენჯერმე იმეორებდა. უკეთესი იქნებოდა, აზრი უფრო ლაკონურად ყოფილიყო ჩამოყალიბებული.
რაც ძალიან არ მომეწონა, იყო ავტორის დამოკიდებულება ქალი პერსონაჟებისადმი. ყოველი აღწერისას ან მკერდის ზომა, ან ფეხის სიგრძე იყო მთავარი და კი, ჩავთვლიდი რომ ასე მთავარი პერსონაჟის თვალით ვხედავდით, მარინეს თვალთახედვითაც რომ არ ყოფილიყო ერთ-ერთი თავი დაწერილი. ყველა ქალის აზრი მხოლოდ კაცების გარშემო ტრიალებდა, მხოლოდ რამაზ კორინთელი იყო მათთვის მთავარი საფიქრალი. საკუთარ თავსაც მხოლოდ გარეგნული სილამაზით აფასებდნენ, და სარკეშიც როგორც ხორცის ნაჭერს, ისე უყურებდნენ. ინდივიდუალიზმსა და ხასიათს მოკლებული იყვენენ, რის გამოც რთული იყო მათი აღქმა ნამდვილ ადამიანებად.
კითხვის პროცესში ძალიან მაღიზიანებდა ასეთი დამოკიდებულება. ვიცი, რომ საბჭოურ პერიოდში დაწერილ წიგნს ქალის ჩვეულებრივ ადამიანად წარმოდგენა არ უნდა მოვთხოვო, მაგრამ მაინც დასანანია. რომ მომეხერხებინა ამაზე თვალის დახუჭვა, იქნებ მომწონებოდა კიდეც ეს წიგნი.
მთავარი თემა აქ რამაზ კორინთელის სხეულისა და დავით გიორგაძის ტვინის შერწყმა იყო. როგორ გაუჭირდა გონებას ახალი სახლის მიღება, მთავარი პერსონაჟის შინაგანი ბრძოლა, რომელიც გარეთაც აღწევდა და ის დასასრული, რასაც ეს ისტორია ლოგიკურად მოითხოვდა.
ძაან დასაფასებელია ქართულ ლიტერატურაშიც რომ მოიძებნება ამ ჟანრის ნაწარმოები და თან 90-იან წლებში დაწერილი, თუმცააა მიუხედავად იმისა რომ წიგნი საკმაოდ საინტერესოდ იწყება, შუა ნაწილი საერთოდ ამოვარდნილია კონტექსტიდან და ვერ ვხვდები რა საჭირო იყო ოთარ კახიშვილის დიალოგებზე ამდენი დროის და ენერგიის დახარჯვა, დასასრულიც მეტ-ნაკლებად მოსალოდნელ-მოულოდნელია. ჩემი აზრით უფრო მეტი დაძაბულობა და თრილერი მოუხდებოდა, თან ისეთი უშუალოდ წიგნის მთავარ თემასთან, რომელიც იქნებოდა დაკავშირებული და არა კრიმინალურ საქმიანობასთან.
ვითვალისწინებ იმ ეპოქას და შეხედულებებს რა დროშიც ეს წიგნი დაიწერა, მაგრამ რავი მაინც მგონია, რომ პროზაიკოსს ქალი პერსონაჟების შექმნისას ოდნავ მეტის თქმა უნდა შეეძლოს და მარტო ფეხის სიგრძესა და მკერდის ზომაზე არ უნდა ფოკუსირდებოდეს. აღარ ვიტყვი არაფერს დანარჩენ მიზოგინიაზე და ქალის ნივთად წარმოჩენის საკმაოდ ხშირ მომენტებზე.
3 ვარსკვკლავს არ იმსახურებს ნამდვილად, მაგრამ ორისთვისაც არ მემეტება სიუჟეტის გამო.
პატარა ვიყავი რომ წავიკითხე (12-13 წლის) და, ეხლა რაღა დასამალია და, ძალიან ვისიამოვნე :)
90-იანები ახალი დაწყებული იყო და იმ დროის ნეგატივს მაინც ცოტა თინეიჯერულად რომანტიული ფონი გასდევდა. ამას დამატებული - ფანტასტიკა უკვე ასე თუ ისე მომწონდა და "პროფესოდ დოუელის თავიც" უკვე წაკითხული მქონდა. შესაბამისად, როცა წავიკითხე წიგნი, სადაც ფანტასტიკა და კაიბიჭური დრამა ერთ კამპოტში იყო მოხარშული, თანაც ქართულად - აღტაცებული ვიყავი. ისიც გავითვალისწინოთ ფანკიჯიძე ქართული საბჭოთა პოპულარული მწერლობის კვალობაზე კიდეც წაიმოდერნებდა თუ წაიპოსტმოდერნებდა და მოზარდის ტვინზეც მშვენვრად ზემოქმედებდა თვითონ სამწერლო ენით - ცოტა უხეშით და, იმ დროს როგორც მეგონა, პირდაპირით.
რაც მახსოვს - ახლა ნამდვილად აღარ მომეწონებოდა ეს წიგნი, არც ვაპირებ ვცადო ბედი :)
80-იანი წლების ბოლოს იყო მგონი, უცებ რომ გახდა ძალიან პოპულარული ეს, იმ დროისთვის, უახლესი წიგნი. ბიძაშვილისგან გავიგონე პირველად, რომ მგონი ცნობილი უცხოელი მწერლისგან აქვსო აღებული სტილიო. მართლაც, წლების მერე, ჩემი საყვარელი მწერლის, ჯ. ჰ. ჩეიზის ერთ ნაწარმოებში მართლაც შემხვდა ფილატელიის და ცნობილი, ძვირფასი მარკის შესახებ სიუჟეტის აგების მსგავსი კონცეფცია. თუმცა იმ დიდი ოსტატის წიგნი ძალიან დიდი ხნით ადრე დაიწერა. მსგავსება აშკარა იყო. უეჭველია, ისესხა ჩვენმა მწერალმა ბევრი რამ, მაგრამ სპირალი მაინც არაჩვეულებრივი, უნიკალური ატმოსფეროთი გაჟღენთილი ნაწარმოები გამოვიდა. ისეთი წიგნია, რომ დაჯდები და შეიძლება ფეხზე მდგომმა წაიკითხო, დაჯდომაც დაგავიწყდეს. თუმცა ვერა, სქელტანიანი რომანია და ფეხზე დამდგარი ნამდვილად ვერ მოასწრებს ვინმე მაგის წაკითხვას ;-)
უფრო კარგი რომანებიც აქვს. ცოტა ზედაპირულად მომეჩვენა დაწერილი მაგრამ მთავარი აზრი რაც დავინახე საკმაოდ კარგია. ზოგადადაც ძალიან კარგი მწერალია! წაკითხვა ნამდვილად ღირს
ვაუ არ ველოდი, უფრო თრილერის ემოციები იყო და შემდეგ ფანტასტიკა, დრამაც.. მთელი წიგნის კითხვისას დაძაბული ვიყავი, რაღაც საშინელების მოლოდინში... ძალიან ვისიამოვნე