თუ რამეს ჰქვია კრიტიკული რეალიზმი, ჰქვია "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილ"-ს. ცინიზმით, ირონიით, სარკაზმით გაჯერებული ტექსტია. ჩვენში დარჩეს, ქართულ რეალიზმს იარაღად აქვს ის დეტალი, რასაც გვარის მნიშვნელობა ჰქვია. მხოლოდ ერთი მინიშნებით, მხოლოდ გვარით შეგიძლია, გაშიფრო პერსონაჟი... სოლომონ მეჯღანუაშვილი, მაკრინე ტუჩმოხეულიშვილი, ესენი ხო უკვე გაშიშვლებული პიროვნებები არიან... ისე, მიუხედავად ამ ფაქტისა, სოლომონი გარკვეულწილად გამოუცნობიც რჩება. მისი ფიქრები, ცვალებადი დამოკიდებულება ფულისადმი (ხან უყვარს, კაპიკს ვერ ხარჯავს, ხანაც ათასობით მანეთს ისვრის) გაურკვეველს ხდის მის ფენომენს...
კითხვისას გამახსენდა "ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს", იქაც მსგავსი სიტუაციაა იმ მხრივ, რომ გამდიდრდა სრულიად მდაბიო, გლეხური წარმოშობის ტიპი, იან დიტე. მახსოვს, ფილმში კარგად ჩანს, ბოლო მომენტი ამ ნაწარმოებისა: იან დიტე სიხარულით შედის დიდგვაროვნებით სავსე საკანში და მიუხედავად იმისა, რომ ფულით გაუტოლდა და გადაასწრო ბურჟუას, ციხის მაგიდაზეც ვერ დაიკავა მათ გვერდით ადგილი. ასეა სოლომონ ისაკიჩის ამბავიც, იშოვა ფული, მაგრამ მეჯღანუაშვილობას ვერსად გაექცა...
ეს არის რომანი, რომელშიც შესანიშნავად ჩანს სოლომონ მეჯღანუაშვილის შინაგანი ბუნების ცვლილება, რომელიც ტექსტს დასასრულამდე მიჰყვება. მიუხედავად ამისა, ის მაინც ბევრ კითხვას ტოვებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მთავარი პერსონაჟის ამბივალენტურ ბუნებაზე მიუთითებს და მის პიროვნებას მეტად საინტერესოს ხდის. მოკლედ, ყველას გირჩევთ.