Toresa Mossy-ის „სიბრძნე სიცრუისა“ ახალგაზრდა მწერლის პირველი წიგნია. ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირია ქალაქი. ქალაქი, რომელიც ძალიან ჰგავს ნოტების რვეულს, მასში „ჩაწერილი“ სანოტო ბგერებით, რომელთა სახელებიც ჰქვია რომანის გმირებს. მთხრობელი თავად ნოტია, ხან ერთ სანოტო ბგერას „შეკედლებული“ და ხან ‒ მეორეს. ნოტის დრამა ისეთივე რთული და მრავალმხრივია, როგორიც თვით ცხოვრება, ანუ ამ შემთხვევაში იგივე „ოქტავა“, რომლის სრულფასოვნებასაც თითოეული სანოტო ბგერის სუნთქვა განაპირობებს. ხოლო თუ როგორ ვითარდება თანამედროვე „სიბრძნე სიცრუისა“, რათა გვეყოს ძალა, ვიცოცხლოთ, არ ვიქცეთ ლანდად ან სულაც უთვისებო კაცად, ამას სადებიუტო რომანის გმირები „გვიამბობენ“.
ბოლო თავს თუ არ ჩავთვლი - 5 ვარსკვლავი. სასიამოვნო საკითხავი იყო სი-მდე. არ მომეწონა ძალადობის მსხვერპლი ქალების ზოგადი აღწერა, რადგან არ შეესაბამება სიმართლეს ასეთი ქალების დიდ ნაწილისთვის.
ეს არის ამბავი ნოტისა და ნოტებისა... მთხრობელი ნოტია, მთავარი გმირები - დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა და სი... თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში ეს არის ერთი პატარა ქალაქის ისტორია (მოსალოდნელზე მეტად კარგიც კი), რომელიც არასდროს იცვლება. მხოლოდ ასეთ ქალაქში შეიძლება ცხოვრობდეს 15 წლის ქვრივი გოგონა, არასტანდარტულობის გამო გიჟად შერაცხული მუსიკოსი, ბავშვობის მეგობარზე შეყვარებული გოგო, კეთილი აფერისტი, ევროპიდან მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული ქალი, "ქალების გულთამპყრობელი" ბიჭი, იდუმალი ქალი სახელად სი... და მათზე მხოლოდ ის ბიჭი თუ გვიამბობს, რომელიც ასეთ ქალაქში (ყველა ყველას რომ იცნობს, ისეთში) დაიბადა, გაიზარდა და ზურგს უკანაც მსგავსი ბედის 9 თაობა ჰყავს... ასეთი ბიჭები ქმნიან ასეთ ამბებს და მერე ტოვებენ მკვდრების ქალაქს, რათა იცოცხლონ...
არის ასეთი რუსული ანდაზა "начал за здравие, а кончил за упокой". აი ეგ ქნა ამ წიგნში ავტორმა.
პირველი თავი - განსაკუთრებით ერთ-ერთი პერსონაჟის მონოლოგი - უბრწყინვალესია, სრული 5 ვარსკვლავის ღირსი. მაგრამ რაც უფრო მეტს კითხულობ მით უფრო მოსაწყენი ხდება მოქმედება, უფრო უინტერესო პერსონაჟები და უფრო მარტივად საწინასწარმეტყველო სიუჟეტის განვითარება.
მოკლედ პირველი თავი მოკლე მოთხრობად დარჩენილიყო წუნი არ დაედებოდა. დანარჩენ წიგნში არის გამონათებები, მაგრამ იმდენიც არა, რომ მინუსთა სიმრავლეს უშველოს.