"ყველა ტიტული მოვიცილე. დამრჩა ერთი - გელა ჩარკვიანი."
როდესაც ვფიქრობთ განათლებულ, საინტერესო და ღირსეულ პიროვნებაზე საქართველოს უახლოეს წარსულში, შეუძლებელი მგონია, არ გაგვახსენდეს გელა ჩარკვიანი. არადა, კაცმა რომ თქვას, საკმაოდ პროვოკაციული "ბექგრაუნდი" ჰქონდა - კანდიდის შვილი, თავადაც პოლიტიკურად აქტიური, ირაკლი ჩარკვიანის მამა...
ეს არ არის მხატვრული ნაწარმოები. ეს არის "თან საკითხავი" საფიქრალი და ნაფიქრალი მწერლის უბის წიგნაკიდან. ავტორის გამოცდილება, მოგონებები, გრძნობები, ნააზრევი, სხვადასხვა შეხედულება თუ იდეა განხილულია მარტივად და ლაკონიურად (როგორც თავად ამბობს "სათქმელი მოკლედ უნდა თქვა. დიდხანს არ უნდა გაატრაკო"). პასაჟები რიტმულად გაჟღენთილია არისტოკრატული, დახვეწილი იუმორით (ძირითადად) და სევდით (ხანდახან). სასიამოვნოდ და ადვილდ იკითხება. მოუცლელებისთვის კარგია - ჩახედავ, უცებ ჩაამთავრებ ერთ პასაჟს, საქმე გამოგიჩნდება, მიატოვებ, აზრი კი არ გიწყდება - უკვე დამთავრებულია.
"ამ ეტაპზე სამი რამ მართობს ამქვეყნად - ღვინო, დუდუკი და ფილოსოფია."