მოქმედება ვითარდება გამოგონილ სოფელში, სახელწოდებით ‘’ურუქი’’. რომანის სათაურის განმარტება - ყოველმან ჩემმან მპოვნელმან - ძველ აღთქმაში უნდა ვეძიოთ. ,,ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ კაენის სიტყვებს წარმოადგენს. მას მერე, რაც კაენმა მოკლა საკუთარი ძმა - აბელი და შეიგრძნო ნატვირთი ცოდვის სიმძიმე, სინანულით უთხრა ღმერთს ,,და უკუეთუ განმაძებ მე დღეს, პირისაგან ქუეყანისა და პირისაგან შენისა დავიმალო და იყოს, ყოველმან მპოვნელმან ჩემმან მომკლას მე.“
კაენის მოკვლა ყოველ შემხვედრს შეეძლო, მას ცხოვრება სიკვდილის შიშში უნდა გაეტარებინა, მაგრამ ღმერთმა აღუთქვა, რომ ვინც გაბედავდა კაენის მოკვლას, მას შვიდგზის მიეგებოდა. კაენს საკუთარი ცოდვა მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა ეზიდა და ამგვარად მოენანიებინა იგი.
კაენისა და აბელის ეპიზოდი, რომანში რამდენიმე ადგილას გვხვდება. რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირი ქაიხოსრო მაკაბელია. ადამიანი, რომელსაც ბავშვობიდანვე სდევს შიში, კაენის შიშის მსგავსი - რომ მოვა დრო და მას მდევარი აუცილებლად დაეწევა და გამოასალმებს სიცოცხლეს. მკვლელი კი, შესაძლოა ნებისმიერი შემხვედრი აღმოჩნდეს... საინტერესოა ის ფაქტი, რომ მაკაბელები ძველი აღთქმის ისტორიაში მამაცი, ღირსეული მეომრები იყვნენ, რისი თქმაც ქაიხოსროზე არ შეგვიძლია. ქაიხოსრო მაკაბელი, ფსევდო-მაკაბელია - ეს არის ადამიანი რომელმაც ვიღაც გარეშეს გვარი მიიღო, მას შეაფარა თავი და საკუთარი იდენტობაც მშობლიური გვარის მსგავსად მიჩქმალა, ჩაიმარხა გულში.
ყველანაირი ნეგატივის, უარყოფითის საწყისი, რომანში სწორედ ქაიხოსრო მაკაბელია. ადამიანი, რომელსაც მძიმე ბავშვობა ჰქონდა, ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ საერთოდ არ ჰქონდა ბავშვობა. პატარაობიდანვე, მის სულში ჩაიბუდა შიშმა, რომელიც სიკვდილამდე თან სდევდა და ჩადენილ ცოდვასთან ერთად, არსებობას უწამლავდა. მაკაბელი, ურუქში მკვიდრდება და ცოლად ირთავს ქვრივ ანას, რომელსაც ჰყავს შვილი - გიორგა. გიორგა, ასევე ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა რომანში. ჭილაძის რომანებში, ზოგადად არ არის მეორეხარისხოვანი პერსონაჟები ან ისეთი გმირები, რომლებსაც მკითხველი იყვარებს და მათ გულშემატკივრობს. მწერალი გვიხატავს ადამიანებს, თავიანთი ცოდვა-მადლით და ისინი მრავალ ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობას იწვევენ მკითხველში. თითოეული პერსონაჟი, რომელიც რომანში ჩნდება, რაღაც წინასწარგანსაზღვრული ნიშნის მატარებელია.
ანას, საყვარლად თათარი ჰყავდა. გიორგის ბავშვობიდანვე სძულდა თათარი და „მშველელად“ მაკაბელი წარმოიდგინა, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ქართული ანდაზა ,,ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო“ ზედგამოჭრილია. ქაიხოსრო ლაჩრულად დაჭრის თათარს და თავად დაეპატრონება დედა-შვილს. მაკაბელს მთელი ცხოვრება აწვალებს არმოკლული თათრის ცოდვა და მოწინააღმდეგის თვალებში ამოკითხული უეჭველი შურისძიება. ქაიხოსრო საძირკველს უყრის კაენის ცოდვას, სიმბოლურად ქაიხოსროს აღქმა კაენადაც შეგვიძლია, რომელმაც მუხანათურად და საკუთარი უპირატესობის წარმოსაჩენად მოკლა თათარი. ამასთან ერთად, ქაიხოსროს სიცოცხლეც, კაენის სიცოცხლის მსგავსად ხანგრძლივი და შფოთვით სავსე იყო, რაც კიდევ ერთ მსგავსებას წარმოადგენს ბიბლიურ პერსონაჟსა და ჭილაძის გმირს შორის.
ქაიხოსროსა და ანას საერთო შვილი, პეტრეა, რომელსაც ავტორი ,,პეტრიკელად“ მოიხსენიებს. ჭილაძე აკნინებს მის სახელს, რადგან სწორედ ასეთი დაკნინებული და დამახინჯებული გახლდათ პეტრეს ბუნება - ცოდვის სიმძიმე მემკვიდრეობით გადაეცა და მამის მსგავსად, თავადაც ვერ იგემა ბედნიერი ცხოვრება. კიდევ ერთი ადგილი, სადაც კაენისა და აბელის ეპიზოდი ჩანს წიგნში, ეს პეტრესა და გიორგის ურთიერთობაა. ქაიხოსროს შთამომავალი, კვლავ კაენის ამპლუაში გვევლინება, რომელიც მართალია არ კლავს ძმას, მაგრამ მის მიმართ უკიდურესად უარყოფითადაა განწყობილი. პეტრეს პიროვნება მხოლოდ შურს, ბოღმასა და სიავეს ასხივებს, რაც მის ირგვლივმყოფებზეც მოქმედებს. ამის მაგალითია ის ფაქტი, რომ პეტრეს სამივე შვილი (ალექსანდრე, ნიკო, ანეტა), რომლებშიც ცოდვის გადმონაშთი შედარებით ნაკლებია, - გარბიან სახლიდან; სახლიდან - რომელშიც არც სიყვარულია, არც სიკეთე, არც გულწრფელობა და არც თანადგომა.
,,– ყარს, ყველაფერი ყარს… რადგან სახლი საძირკველშივე იყო დამპალი და საძირკვლიდან ედებოდა ყროლის სუნი.“
ალექსანდრეშიც იჩენს თავს მემკვიდრეობით მიღებული ცოდვა, მასშიც გაიღვიძებს კაენი, რომელსაც შურს ძმის. ალექსანდრე და ნიკოს ერთობლივი ქმედების (ქაიხოსროსადმი პროტესტის ნიშნად საღორის აფეთქება) შედეგად, ალექსანდრე ცალ ხელს კარგავს, რასაც მტკივნეულად ეგუება და ითავისებს. ეს ფაქტი შურს აღუძრავს ძმისადმი, რომელიც ქალაქში სწავლობს, განათლებულია და მეგობრებიც ჰყავს. ,,ვიღაცა უნდა მომეკლა, დაღუპვას რომ გადავრჩენილიყავი, მთლად რომ არ ჩავფლულიყავი შურისა და სიძულვილის ჭაობში. ვიღაცა კი არა, პაპაჩემი უნდა მომეკლა, რადგან პაპაჩემს ჩამოვყევით ჩვენც საიდანღაც, პაპაჩემმა მოგვცა დასაბამი, მაგრამ ვერ შევძელი. მინდოდა, ვნატრობდი, მაგრამ ვერ შევძელი, უძმოდ და უმკლავოდ, და ისევ ჭაობში ჩახრჩობა ვამჯობინე..."
მაგრამ ალექსანდრე ჭაობზე ძლიერი აღმოჩნდება და რომანში იმედის ნაპერწკალი დაიწყებს კიაფს. ჭილაძის იმედები ხომ, მთლიანად ალექსანდრეს „მოქცევაზე“ იყო დამყარებული. გარდა ამისა, ალექსანდრეს ბუნებაში, უძღები შვილის დანახვაც შეგვიძლია - მის არსებაში კაენი და უძღები შვილი თანაბრადაა შერწყმული, თუმცა თითოეული მათგანი თავს, სხვადასხვა გარემოებაში ავლენს. მაკაბელების სახლში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ალექსანდრეში კაენი ჭარბობს, თუმცა იმ ეპიზოდში, როდესაც ალექსანდრე ციმბირისკენ მიმავალ გზას დაადგება, სადაც ძმის პოვნის და მასთან შერიგების იმედი აქვს - მის სულში უძღები შვილის დანახვაა შესაძლებელი. ციმბირისკენ მიმავალი გზა, სიმბოლურად განწმენდის გზაა, რომელიც შეგვიძლია ღვთის სასუფევლამდე მისასვლელ გზას შევადაროთ. ძე შეცთომილი ინანიებს საკუთარ ცოდვებს, გონებიდან იშლის უკეთურ ფიქრებს და ძმისადმი კვლავ სიყვარულით ევსება გული. ამ გზიდან დაბრუნების შემდეგ, ალექსანდრემ იცის ვინ არის, რატომ და რისთვის მოევლინა ამ სამყაროს - იგი ცხოვრების აზრს პოულობს.
ალექსანდრეს მიერ, საღორის აფეთქებაც, ძე შეცთომილის იგავის ანარეკლია. უძღები შვილი ღორების მწყემსი იყო, ალექსანდრე კი ღორს, რომელსაც ქაიხოსრო რუდუნებით ასუქებს (,,საღვთისმეტყველო სიმბოლიკით, ღორი უწმინდურებას, უგუნურებას, სიხარბეს განასახიერებს. ღორის გასუქებით ქაიხოსრო ცოდვას ამრავლებდა მაკაბელთა გვარში’’) - აფეთქებს და ამგვარად სახლში ჩაბუდებული ბოროტების წინააღმდეგ ილაშქრებს.
თავის მხრივ, ქაიხოსრო ანტი-ნოეს სახით გვევლინება - მისი მთავარი მიზანი და საწუხარი არა ირგვლივმყოფთა, არამედ საკუთარი თავის გადარჩენაა. მართალია, თავად არ იცის უნებურად ანტინოე რომ გამხდარა, მას თავი ჯერ კიდევ გადარჩენილ ადამიანად, ნოედ წარმოუდგენია: ,,ნოე ჩემი ღმერთია, რადგან სიკვდილი ყველას შეუძლია, გადარჩენა კი – არა.“. ქაიხოსრო გალავნიან სახლს აშენებს, სიმბოლურად კიდობანს, თუმცა ნოეს კიდობნისგან განსხვავებით, შენობა მხოლოდ დაუცველობის, უიმედობის შეგრძნებას ბადებს.
რომანი დახუნძლულია სიმბოლოებით. მაგ. ,,მაიორი - რუსეთის იმპერიის სიმბოლოა, გიორგა - იმდროინდელი ქართველობის, რომელსაც არ შეეძლო თავისი სამშობლოს (ანას) დაცვა, თათარი - მაჰმადიანობაა, გიორგას მამა კი - ძველი საქართველოს სიმბოლური ხატია; კარადისხელა საათი - ულმობლად წარმავალი დრო და გარდაუვალი სიკვდილის აჩრდილია, გაგიჟებული მამლის ყივილი - გიორგას დასასრულის მაუწყებელია, გზის ინჟინერი - განზოგადებული სახეა მართებული გზის მცოდნისა“, ირემი - გიორგას სულია, მართა კი - საქართველოს მომავალი.
ოთარ ჭილაძე გენიოსია და ამის დასტური, მისივე წიგნებია. კითხულობ რომანს და ხვდები რომ შენში, ისევე როგორც პერსონაჟებში, იბადება რაღაც დიდი, კეთილი და ადამიანური, რომელზეც სახელის დარქმევა მეტად ჭირს. გაოგნებული და აღფრთოვანებული ვკითხულობდი ჭილაძისეულ შედარებებს. არც ერთ წიგნში არ მოვუხიბლივარ ასე სიტყვათა კომბინაციებს და საოცრად ზუსტად შეხამებულ სიტყვებს, როგორც აქ:
,,ადევნებდნენ თვალყურს ქვრივის სარკმელს, სიზმრით შეშინებული ბავშვივით მოულოდნელად რომ დააჭყეტდა ხოლმე თვალს შუაღამისას;
,,...(ჩოხა) კუპრის შხეფივით ჩამოწუწულიყო კედელზე, ჩამოღვენთილიყო, ჩამოთითხნილიყო, მკვდარი კაცის მუქარასავით უნდილი და ცარიელი.
,,კაცის ოცნება და ლობიოს ყვავილი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ორივეს მაღლა-მაღლა უყვარს ძრომიალი! "