„ევაკუაციის გეგმა“ თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლის, პრემია „საბას“ ლაურეატ ეკა ქევანიშვილის მორიგი კრებულია. მას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ერთგვარი მანიფესტი, ლოზუნგების, ამბოხისა და ბრძოლისკენ მოწოდებების კრებული. ეს არ გახლავთ ლექსები სიყვარულსა და სიცოცხლეზე, ეს გახლავთ ლექსები სიყვარულის აუცილებლობასა და სიცოცხლის უფლებაზე. კრებულს რამდენიმე პერსონაჟი ჰყავს, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები განსხვავებული წინაღობებითა და მათგან განთავისუფლების მეთოდებით, ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით თხრიან და დღითიდღე სულ უფრო აფართოებენ იმ გვირაბს, რომლის ბოლოს გამოჩენილი სინათლეც აძლევს მათ ასე აუცილებელ სიყვარულს, ღირსეული სიცოცხლის უფლებასა და სასოწარკვეთაზე გამარჯვებულ იმედს.
ყველაფერი თითქოს საყოველთაო იყო და ადვილად მოსარგები. ზოგი კი იმდენად ახლო, პირდაპირ ადამიანები მედგნენ თვალწინ, ვისთვისაც ჩვენება მინდოდა(ესეც ვქენი;)
(დიცი-დვანი,ურწმუნოს ლოცვა,როგორ მინდა)
ასევე წარმოსახვითი ბაბუის მემორიალური დაფა, რაღაც პონტში სულ მინდოდა ეგეთი ცხოვრება.
ამ კრებულის ლექსები წლების წინაც მომეწონა. ახლაც მომეწონა. მამაჩემსაც წავუკითხე. დედაჩემსაც წავუკითხე. ეკას ლექსებში არის ძალიან დიდი გულწრფელობა და მე ყველაზე მეტად რასაც ვაფასებ, რამეს თუ ვაფასებ ხელოვნებაში, გულწრფელობაა. ეკა ისეც ძალიან მიყვარს და ვფიქრობ რო მართლა კარგი ადამიანია. რადიო თავისუფლებიდანაც და ზოგადადაც, მგონია სულ ცდილობს რომ ეს ქვეყანა ოდნავ უკეთესი იყოს, ამ ქვეყანაში ხალხს ოდნავ მაინც დაეხმაროს, აზრი ჰქონდეს ამ ქვეყანაში რამის კეთებას.
ამ კრებულში არის ძალიან დიდი დოზით სოციალური კრიტიკა. როგორც პოლიტიკური თუ რელიგიური ავტორიტეტების, ასევე საზოგადოების. ჯანდაცვის თუ სხვა ქართული ინსტიტუციების რომლებიც წლებია ჩამყაყებულია. საკუთარ თავსა და ჟურნალისტურ საქმიანობასაც აკრიტიკებს ავტორი. ყველაფერს ედება.
და ხალხი. ხალხი ამ ლექსებში. მეშახტეები და მათი ცოლები და გზატკეცილზე მდგომი მაყვალის გამყიდველი ქალები. ჩვენი მამიდები და მამები და დედები რომლებიც ეწამებიან ამ ქვეყანაში. ყოველდღიურად ეწამებიან და არ ვიცი, მართლა არ ვიცი, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ რომ დავეხმაროთ.
ძალიან დიდი როლი უჭირავს ამ ლექსებში სიბერეს. საკუთარ სიბერეს, მშობლების სიბერეს. დამოკლეს მახვილივით რომ გვკიდია თავზე და მოსვენებას არ გვაძლევს. როგორ ვუძლებთ ჩვენი მშობლების დაბერებას, როგორ ვუძლებთ ჩვენი მშობლების მოახლოევებულ სიკვდილს, როგორ ვცხოვრობთ ჩვენი მშობლების გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკაში.
და სიყვარული. მურაბასავით აფეთქებული სიყვარული. ისეთი ახლოა, ისეთი ჩემია. მატარებელში ტირილით და, საკუთარი თავის დაკარგვით და, ძველ ტომრებში ჩატენილი გრძნობებით და, მეც დაბალი ვიყავი, როგორი დაბალი ვიყავი როცა მიყვარდა, და მეც როგორ მეგონა სანამ ჩემამდე დაიხრებოდა სხვა მოხვდებოდა ხელში, როგორ მეგონა.
ჩემი შემოქმედება ბოლო პერიოდში მგონია ძალიან ახლოსაა ამ ლექსებთან და მართლა, მართლა ძალიან კარგი იყო ამ კრებულთან დაბრუნება. უძღები შვილივით. მადლობა ეკა.
3.5. ევაკუაციის გეგმა, (სათაური) მიგანიშნებს, რომ წიგნი უნდა იყოს გაქცევაზე. კატასტროფის, ძარცვის, ხანძრის და ა.შ. მაგრამ წიგნში თავი აქვს მოყრილი, ლექსებს, პოეზიით შემოსული ადამიანი, ამ ლექსებით ცდილობს თავი უფრო თავისუფლად აქციოს. მარტივად ისაუბროს, შეცდომეზე. ეს არის დიდი აღიარება, იმ უხერხულობებზე რაც (ამ შემთხვევაში მთავარ პერსონაჟს) ჩაუდენია. და როცა ყველაფერი ერთფერონავია, ყველაფერს თავისი სახელი აქვს... აუცილებლად გექნება ევაკუაციის გეგმა.
ეს წიგნი საქართველოს ბანკისგან მივიღე საჩუქრად, რადგან ჩემი საიდუმლო სანტა ზედმეტად ზარმაცი აღმოჩნდა :)
მიუხედავად იმისა, რომ პოეზია არ მიყვარს, თითქმის ყველა ლექსი სიამოვნებით წავიკითხე. ზოგიერთი ზედმეტად მარტივი იყო, ზოგიერთი ძალიან საინტერესო და ზოგიც სევდიანი ("ჰარპერ ლი, ყველასი" <3)
საბოლოო ჯამში, კარგი კრებულია. უბრალოდ, მე პოეზიის ადამიანი არ ვარ :)