სამოთხიდან გაქცეულები ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსულის მხატვრული რეტროსპექტივაა. სამი მეგობრის ოდისეა სულისშემძვრელი ამბებით, სევდიანი, ზოგჯერ ტრაგიკული შინაარსით, იმ ეპოქის ფონზე იშლება, რომელიც ბოლომდე ჯერაც ვერ წაიკითხა და გაიაზრა ჩვენმა საზოგადოებამ;
უამრავი პერსონაჟის მიუხედავად, რომანს მთავარი გმირი მაინც არ ჰყავს, რადგან აქ ყველა და ყველაფერი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, მთავარი გმირი კი არა კონკრეტული ადამიანები, არამედ სწორედ დროა – ეპოქა, და ეს წიგნიც ამ ეპოქის მხატვრული წაკითხვის იღბლიანი მცდელობაა.
და, მთავარი გმირია ენაც – ამ ვნებიანი, სისხლიანი და სიხარულიანი ამბების მთხრობელი ენა, ბუნებრივი და ცოცხალი აღმქმელი ეპოქისაც და ადამიანისაც. ეს ენაა პროტესტიც – ყველა სისტემის, ყოველგვარი ძალადობის, მორჩილების წინააღმდეგ. ეს ყოველივე მკითხველს კიდევ ერთხელ მიაბრუნებს უკან, მომავლისკენ – სადაც ბრწყინავენ წარსულში ვერგაცემული ძნელი და ტკივილიანი კითხვების პასუხები...
დაიბადა 1974 წელს. 1991 წელს დაამთავრა თბილისის I ექსპერიმენტული სკოლა. 1991-1996 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, დრამის ხელოვნების ფაკულტეტზე (თამაზ ჭილაძის სახელოსნო).
პირველი ნოველები დაბეჭდა 1991 წელს. ამის შემდეგ მისი მოთხრობები სისტემატურად იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში.
1999-2004 წლებში იყო გაზეთ დილის გაზეთის რეპორტიორი, საქართველოსა და კავკასიის კონფლიქტურ რეგიონებში. ხშირად იყო მივლინებული სხვადასხვა ცხელ წერტილებში. აკეთებდა რეპორტაჟებს აფხაზეთიდან (გალის რაიონი, კოდორის ხეობა), ცხინვალის რეგიონიდან (ცხინვალი, ნიქოზი, დიდი ლიახვის ხეობა, თამარაშენი), ჩრდილოეთ ოსეთიდან და ინგუშეთიდან (ვლადიკავკაზი, ნაზრანი, მაგასი), აზერბაიჯანიდან (ბაქო), პანკისის ხეობიდან.
გამოცემული აქვს წიგნები: წერტილი... დაკარგული ტერიტორიის დაკარგული ადამიანები (2004 წ.), სახლი სხვაგან (2005 წ.), შეხვედრა მას შემდეგ (2010), ორი მთვარის ამბავი (2011), ზაფხულის მოკლე ღამე (2012), ქალაქი თოვლში (2013), ჩანაწერები 1993-2011 (2013), ღია კარის ქვეყანა (2014), სამოთხიდან გაქცეულები (2015).
ბექა ქურხულის სამოთხიდან გაქცეულები ლიტერატურული პრემია საბას 2016 წლის გამარჯვებულია „წლის საუკეთესო რომანის“ ნომინაციაში.
მთელი რომანი განცდა მქონდა, რომ "მობი დიკს" ვკითხულობდი. ჩვეულებრივ, თბილისურ ამბებს უცებ არსაიდან ერთვოდა "ვეშაპთმცოდნეობასავით" მკაცრად, ენციკლოპედიურად მონათხრობი სრულიად ნამდვილი ამბები ბოროტების იმპერიაზე, მის დაშლაზე, ავღანეთის, აფხაზეთის და სამოქალაქო ომებზე. ამ გლობალურ და ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ამბებს კი გასაოცრად ერწყმიან რომანის მთავარი გმირები- უბრალო თბილისელი ბიჭები, რომლებიც ქართული "დაკარგული თაობაა". თაობა, რომელიც მუდმივ ომში იყვნენ, ხან ავღანელებთან, ხან ოსებთან, ხან რუსებთან, ხან აფხაზებთან და გამუდმებით- საკუთარ თავთან. რომანს რამდენიმე გმირი ჰყავს, თუმცა ჩემთვის მთავარი მაინც "ეხლა ნახე, რა ვქნა" თემურაა- ჰო, აი ეგრე ქვია და სხვათაშორის მთელი საბურთალო იცნობს. თემურა ჩემთვის თბილისელი დონ კიხოტია, თავისი სრულიად უადგილო თავგამოდებით, ავანტიურული ხასიათით და რაც მთავარია- რეალობასთან მკაცრი შეურიგებლობით. რა ვქნა და ვერანაირად ვერ დავძლიე სიყვარული ფოლკნერის ბაიარდ სარტორისივით თავიდანვე განწირული პერსონაჟების მიმართ. მოკლედ, ესაა რომანი რაღაც ძალიან ახლობელზე და თან ძალიან მტკივნეულზე. ეს რომანი დაკარგულ სამოთხეზეა. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ როცა წიგნს ხურავ ხვდები, რომ ის დისტოპია, რომელიც წაიკითხე სრულიად ნამდვილია და ვერც უკან მოიტოვებ და ვერც თვალს დახუჭავ. ეგაა შენი და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ეგაა და მორჩა.
ეს წიგნი დაკარგულ თაობაზეა ავღანეთის ომიდან 2000-იანების დასაწყისამდე ყველა სისხლისღვრა რომ გამოიარა, ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა და გაქცევის გარდა სხვა გზა აღარ დარჩა. ზოგმა ნარკოტიკს ან სასმელს შეაფარა თავი, ზოგმა - ომს ან პოლიტიკას. ასე დაიფანტნენ "ეხლა ნახე, რა ვქნა" თემურა, ძესნა ლალე, ძია ბარადა, შოთიკო, ტურა, მიშო, ელე და სხვები... ასე გავიდა ჩვენი სამოთხესავით ქვეყნის მონობის ბოლო და დამოუკიდებლობის პირველი წლები... წლები, რომლებიც არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ არასდროს განმეორდეს...
ერთ-ერთი ყველაზე მართალი და პირდაპირი გააზრება ჩვენი უახლოესი წარსულის, დაწყებული ავღანეთის ომიდან, ნაციონალური მოძრაობით დამთავრებული. მაგრად დაწერილი, მაგარი წიგნი! ერთადერთი რის გამოც ოთხ ვარსკვლავს ვუწერ, არის ის რომ ამავე ავტორის დიდი მოთხრობა "მკვლელი", რომელიც შესულია მოთხრობების კრებულში "ქალაქი თოვლში", ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობა მგონია რაც ბოლო წლებში წამიკითხავს საქართველოში.