გვ. 4, შურისძიება “ერთი მაინც დაბეჯითებით შეიძლება ითქვას: სოფელში ზოგი რამ სიამოვნებას ჰგვრიდა. მაგალითად, ცივ მდინარეში ბანაობა, ტყეში ხეტიალი და მელიის ხვრელის ძებნა, ნაწვიმარზე ტალახში ფეხშიშველა სიარული, განსაკუთრებით კი მუხნარში ასვლა, სადაც ერთხელ თვითონაც მუხად იქცა და მთელი სიმწვავით იგრძნო მუხის ძალაცა და უძლურებაც.”
გვ. 7, შურისძიება “მარტოობა შვება და ნუგეში იყო, საკუთარი თავი კი საუკეთესო მეგობარი და გულის მესაიდუმლე.”
გვ. 23, შურისძიება “უკვე რა ხანია არც ერთ ქვეყანაში, ამ ჩვენი ბედუკუღმართი საქართველოს გარდა, ხალხი მარტო მიწის შემყურე აღარაა. ჩვენ ხმალს ვიქნევთ და მიწას ჩავცქერით, იქ კი, ჩემო ისახარ, იმაზედ ფიქრობენ, თუ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, საით მივდივართ, რა გვინდა, რას ვაკეთებთ, რა არის ჩვენი ყოფა, რის მაქნისია ეს ამოდენა ხალხი, ჭიანჭველებივით რომ დაფუთფუთებს დედამიწის ზურგზე. მალე ხმლისა და შუბის ომი დამთავრდება, ისახარ, და გონების ომი დაიწყება, წიგნიერების ომი დაიწყება, სწავლისა და განათლების ომი.” - იგივე იდეა, რაც ილიას პუბლიცისტურ წერილშია “რა გითხრათ, რით გაგახაროთ”. - იოველ ბატონიშვილი
გვ. 25, შურისძიება “მხარი თუ არ მივეცით ერთმანეთს და ხელი ხელში არ ჩავჭიდეთ, იმ მთავარ მოსახვევს გავცდებით და ქვეყნიერება უჩვენოდ განაგრძობს გზას.” - იოველ ბატონიშვილი
გვ. 26, შურისძიება “დღეს რომ ყველამ მარტო ჩვენ-ჩვენ ოჯახებზე ვიზრუნოთ და ის ძაფები, მამა-პაპას რომ ფაქიზად დაურთავს და რუდუნებით შემოუვლია ირგვლივ ყველა ჩვენთაგანისთვის, რათა ქართველობა ერთ ხმა და ერთ პირ ყოფილიყო, ჩვენი უჯიათობითა და მოთავისეობით ისევ დავწყვიტოთ, დრო არ გვაპატიებს. დრო, ჩვენი მთავარი მოკეთეცა და მთავარი მტერიც, ვისაც ყველაფრის უფლება აქვს, კიდეც გაგვიწყრება და კიდეც დაგვძრახავს. ხოლო შთამომავლობამ, ჩვენი უგუნურებით გულგაქვავებულმა, ვაითუ ზიზღიც არ გვაღირსოს, ისე გულგრილად გადაუაროს ჩვენს გაპარტახებულ საფლავებს, თითქოს არასოდეს ვყოფილვართ და არასოდეს არაფერი გვტკენია...” - იოველ ბატონიშვილი
გვ. 88, სიყვარული “მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ ხმალი ეძრო, როდესაც წინამძღოლის ხმა შემოესმა: - ჩააგე ხმალი! - და, ზებულონი რომ ამ მბრძანებლურ, მაგრამ ამასთანავე მშვიდ ხმას უნებურად დამორჩილდა და ხმალი ჩააგო, დაუმატა, - ეგ ხმალი ქვეყნისა არის და არა შენი გულფიცხობისა. როცა ქვეყანამ გიბრძანოს, მაშინ ამოსწიე ქარქაშიდან.”
გვ. 97, სიყვარული “კარგად რომ გარკვეულიყო, ცდილობდა ხოლმე საკუთარი თავი წარმოედგინა მოღალატედ და წარმოუდგენია კიდეც, მაგრამ მოცინარ მოღალატედ ვერც ერთხელ ვერ წარმოიდგინა. თითქოს სიცილი ისეთი რამ ყოფილიყოს, რაც ღალატისთანავე უნდა ჩამოგერთვას და სამუდამოდ აგეკრძალოს.”
გვ. 117, სიყვარული “მე ეგრე მგონია, რომ უფალი ღმერთი ზოგ კაცს სწავ-ლისთვის აჩენს, ზოგს ბრძოლისთვის, ზოგს ღვთისმსახურებისთვის, ზოგს რისთვის და ზოგს რისთვის. რამდენიც რა საქმეა ქვეყნად, კაციც იმდენგვარია.” - იესე ერისთავი
გვ. 119, სიყვარული “კაცისა შველა ჭირს, თორემ მოკვლა ადვილია,” - იესე ერისთავი
გვ. 185-187, სიყვარული “ჩემი ბატონი ქართლია და არა ქართლის მეფე… ზოგჯერ გამკლავებაზე მეტად გადარჩენაა საჭირო. ქართლი განა მიწაა! ქართლი ხალხია.” - ბექა ამილახვარი
გვ. 199, სიკვდილი “რაც აქამდე სიმართლე ეგონა, ყველაფერი ტყუილი გამოდგა. ქვეყანაც, სამსახურიც, მოვალეობაც. ნამდვილად თურმე მხოლოდ სიცოცხლე არებობს. სიცოცხლე და სიცოცხლის ტკივილი, რომელიც, თუმც კი მოუთმენელია, მაინც უნდა მოითმინო, ვიდრე ცარიელ სხეულში დატრიალებული გრიგალი, ან მაჯლაჯუნად ქცეული უგრძნობი და უსხეულო ქვეყნიერება გულის კედლებს გაანგრევს და შიგ შვების სიკვდილს შემოუშვებს.”
გვ. 199, სიკვდილი “მთელ ქართლში უშიშარ კაცად ცნობილ ზებულონს თურმე ადამიანისა ეშინოდა. აქამდე ამაზე არ უფიქრია, ან თუ უფიქრია, თავს არ გამოსტყდომია, თორემ ადამიანის შიში მუდამ მოუშორებლივ თან დასდევდა.”
გვ. 269, სიკვდილი “სიკვდილის მოლოდინი იმას არ ნიშნავს, შენით მოიკლა თავი, ანდა ნებით ვინმეს მოეკვლევინო. ასე რატომ იყო, ამას ზებულონი ვერ იტყოდა, მაგრამ გრძნობდა, რომ გაიოლება არ შეიძლებოდა. დანებება არ შეიძლებოდა. იმისათვის, რომ მოკვდე, უნდა მოგერიონ, უნდა გაჯობონ, უნდა დაგამარცხონ... მაგრამ ზებულონის დამარცხება იოლი არ იყო,”
გვ. 283, სიკვდილი “ზებულონი მიხვდა, რომ სიცოცხლე, გაუთავებელი სატანჯველი რომ ეგონა, სინამდვილეში მყისიერი და მოუხელთებელი რამ ყოფილა, როგორც მუგუზლიდან ავარდნილი ნაპერწკალი, რომელიც ერთი აკიაფდება ჰაერში და მაშინვე ისევ ჩაქრება. ეს ნაპერწკალი შურისძიებისაა, სიყვარულისა და სიკვდილისა და ზებულონის სიცოცხლეც სხვა არა ყოფილა რა, გარდა განუწყვეტელი, ყოველწამიერი შურისძიებისა, განუწყვეტელი, ყოველწამიერი სიყვარულისა და განუწყვეტელი, ყოველწამიერი სიკვდილისა...”