”ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე” ზაალ სამადაშვილის ბოლო წლების ჩანაწერებს აერთიანებს. ”მე ხომ იმ ადამიანებს, იმ სურათებს და იმ ხმებს ვიხსენებ, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს პიროვნების, სახელად ”ზაალ სამადაშვილის” ჩამოყალიბებაში. მე ხან ვიღაცასავით ვწერ, ხან ვიღაცასავით ვლაპარაკობ, ხან ვიღაცასავით ვიქცევი და მერე გონებას ვძაბავ, რომ დავადგინო - ვინ არის ის ვიღაც? ჯონ ლენონი, ტომას ვულფი თუ მამაჩემი... ”
გაჭირვება ყველა ეპოქაში განსხვავებული და ამავდროულად იდენტურია. ყველა ეპოქაში ალომბარდებენ სკოლაში აღებულ ოქროს მედლებს ფეხსაცმლის და კარტოფილის საყიდლად. ყველა ეპოქაში ბრუნდებიან სახლში ფეხით იმის გამო, რომ ფული არ აქვთ და შემდეგ მუდამ სწუხან ამაზე. ყველა ეპოქაში არის ისეთი მზიანი, ბედნიერი დღეები, როგორიც მაგალითად კინოში პირველად წასვლა, ნაყინის პირველად გასინჯვა, ტორტის და შამპანურის სახლში ატანა, ან ომის დამთავრებაა. ყველაფერი ზემოთთქმული, რამდენიმე Zeitgeist ძალიან მარტივად და ლამაზად არის დაჭერილი ამ პატარა, ჯიბის წიგნში, რომელიც სულ ერთ საათში შეგიძლიათ წაიკითხოთ, ამიტომ ყველას გირჩევთ.