პირველად იყო ქრისტიანობისათვის წამებული ვიქტორინო, რომელსაც როცა აუწყეს, აი, ახლა დაგერხაო, თავისი ძმების “იყოს ნება შენი,უფალო” რეაქციისაგან განსხვავებით წადით თქვენი დედაცო, ასე დაუყვირა თავის შემპყრობლებს. ასე გამოიკვეთა, რომ ქრისტიანობა მისთვის ანარქისტული, რაღაცა რევოლუციის მომასწავებელი კაი იდეა იყო, ამიტომაც შეეწირა (თუმცა უფრო მეტად თავის მაგარბიჭობას შეეწირა) და არ იტირა, როცა შეიძლება ეტირებოდა კიდეც. აბა როგორია კვდებოდე მაშინ, როცა გიყვარდება. როგორია კვდებოდე და იცოდე, რომ არ მომკვდარიყავი სიყვარულით სავსე ცხოვრება გელოდა, რადგან სწორედ სიკვდილის დღეს მოასწრო და არანაირ ახალ რელიგიას არ შეპუებულმა კუპიდონმა ისრები არც შენ აგაცდინა და არც იმას.
მაგრამ ვიქტორინო მოკვდა ღიმილით და სიკვდილის წინ ქრისტეზე კი არა, იმ გოგოზე ფიქრობდა, ვინც ძალიან ეყვარებოდა, რომ ეტირა და ეთქვა, არ მომკლათო. არადა ხომ დაპირდნენ, უარყავი ქრისტე და კარგი მეომარო ხარ, რომს ჭირდებიო. არ იტირა პირველმა ვიქტორინომ. უფრო იღიმოდა აგონიაში მყოფს რა სიზმრებიც დაუდგა, იმის გამო.
გაივლის წლები და, ჰმ, ეს მარკესია, მიგელ ოტერო სილვამ კი შესანაიშნავად ახსნა თუ რამხელა ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, მათ ცხოვრებასა და თუ გადაწყვეტილებებზე, არსებული გარემო, ის გარემო, რომელიც მოგვიანებით ისტორიად იქცევა. ჩვენ ვცხოვრობთ და უცებ ახალი რელიგია ჩნდება, ჩვენი ცხოვრებაც ამის პარალელურად იცვლება, ვცხოვრობთ და უცებ ომი იწყება, ცხოვრებაც რადიკალურად იცვლება, ვიბადებით და 1965 წელია და თუ ქრისტესი გწამს აღარავინ გაწამებს, მაგრამ ვაიდა ბევრი საუკუნით ადრე დაბადებულიყავი? 2020 წელია და შეიძლება მალე ატომური იარაღებით ომი დაიწყოს, მაგრამ რამდენიმე საუკუნის წინ სულ ომი იყო და იქ რომ დაბადებულიყავი, შესაძლოა ვიღაცას ხიშტი ეტაკებინა შენთვის ფერდში. ამას მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი არის ქაოსი, მოძრავი ქაოსი, რამდენადაც კეთილი და მშვიდი, იმდენადვე ბოროტი და შმაგი, შესაბამისად სულ იპოვის შფოთის მიზეზს, სულ აუჯანყდება რაღაცას, სულ მოითხოვს ახალს. ქრისტიანობისთვის ეწამენ? მერე ქრისტიანებმა აწამეს. გავიდა საუკუნეები ქრისტეს მაგიერ, ჩე გევარა გახდა ჯანყის მიზეზი, მიაჭრეს ხელები მას თუ არა, ვინც მისი სახელი გაუმარჯოთი დაწერა კედელზე?! მიაჭრეს! აღიარა ვინმემ წმინდანად ხელებმიჭრილი? არა აღიარა. ცოტა განსხვავებული შედეგია.
მიგელ ოტერო სილვა ამბობს, მნიშვნელობა არ აქვს რა არის მოცემულ მომენტში გაიდეალებული ჭეშმარტიტება, ადამიანები მუდამ იპოვნიან მიზეზს იბრძოლონ და მოკვდენ რამისთვის, ხოლო ვინც იდეალისტურ სულისკვეთებას მოკლებულია უბრალოდ გარემოებებს ეწირება, გაბოროტებული ან გასაცოდავებული.
გაივლის წლები და რაღაცა ბედის დაცინვით, მაშინ როცა გაზეთები, რადიოები ან ტელევიზორები მიმდინარე პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ მოვლენებს აშუქებენ და როცა სამყაროსთვის არაფერი გამსაკუთრებული არ ხდება სამ ქალს ერთდროულად ეწყება მშობოარობა. წმინდანად შერაცხული ძმების ხსნების დღეს იბადება სამი ბიჭი და რაკი ძმების სახელებიდან ყველაზე ნორმალური ვიქტორინოა, ამ სამივე ბიჭსაც ვიქტორინოს არქმევენ, თუმცა მათი გზები არასდროს გადაიკვეთება. სიკვდილამდე. მაინც გადააქვს სახელს ბედისწერა.
სამივე მათგანი ცხოვრობს და არ ტირის, წვალობს და არ ტირის, ერთი ვ��რ იტანს დამარცხებას, ამიტომ არაფრით არ ტირის როცა მამა გამეტებით სცემს, არადა შეიძლებოდა რაღაც შეცვლილიყო რომ ეტირა, იქნებ ასეთი კრიმინალიც არ გამხდარიყო.
მეორე ვერ იტანს იმ სიყალბეს, რომელშიც იზრდება, ეზიზღება ის, რომ ყველაფერი შეუძლია ჰქონდეს და ამ დროს აკლია ყველაზე მთავარი. რა მოხდებოდა მასაც რომ ჰქონოდა ტირილის უნარი? რომ მთელი თავისი ზიზღი და ბრაზი ცრემლებისთვის გაეტანებინა და არა იმ საშინელებებისათვის, რასაც თავის ძმაკაცებთან ერთად აკეთებდა? ან მესამე ვიქტორინოს რომ ეტირა, მაშინ როცა მოღალატე ცოლი ნახა, ეტირა და დაევიწყებინა, რომ ხელში დანა ეჭირა. რამდენ რამეს შველის ხოლმე ცრემლები, მაგრამ არცერთმა ვიქტორინომ არ იტირა, არადა ეტირებოდათ, ძალიან, ძალიან ეტირებოდათ.
“მთელი უბედურება ისაა, რომ ანარქიზმი, კარგა ხნის დასამარებული რომ გვეგონა მარქსის, ენგელსის, ლენინის, პლეხანოვისა და სტალინის მიერ, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ისევ აღორძინდა და შენც ანარქისტივით მსჯელობ, ვიქტორინო; ეგ იგივეა, ბრმა ნაწლავუს სამკურნალოდ ექიმბაშს რომ მიაკითხო.” ეუბნება ერთ-ერთ ვიქტორინოს მამა. ვიქტორინო ვერ ხვდება, რომ მამა სიმართლეს ამბობს, რომ დროის სვლასთან ერთად მეთოდებიც უნდა შეიცვალოს, მაგრამ ვიქტორინოს მამა ვერ ხვდება რომ დროის სვლასთან ერთად ადამიანები არ იცვლებიან, მხოლოდ იდეები ანაცვლებენ ერთმანეთს. დანარჩენი იგივე რჩება: თვალთვალი, დასმენა, დახვრეტა, რეპრესიები, წამება, მოკვლა. ასე, ხან ერთი ექცევა სათავეში, რაკიღა კარგი გვეგონა და ყველაფრის ფასად დავეხმარეთ სათავეში მოსვლაში, მერე სწორედ ეგ “კარგი” ხდება ჩაგვრის მანქანა და ასე უსასრულოდ. (კაკუნი1)
1962 წლის 26 მაისს ვინმე როდრიგესიც გარდაიცვალა ვიქტორინო პედრომოსთან ერთად პოლიციის სამმართველოში, იგივე მიზეზით, თუმცა მისი სახელი მეტგან წიგნში ნახსენები არ არის, მხოლოდ ასე უბრალოდ თემიდან გადახვევასავით, რადგან წიგნი მასზე არ არის. აქ ავტორი იმ უამრავ ადამიანს ეხმიანება, რომლებიც კი დაიხოცნენ ქრისტესთვის, მაგრამ წმინდანის წოდება არ ეღირსათ. ხდება ხოლმე. ყველას არ უმართლებს. (კაკუნი2)
ახალგაზრდობა კიდევ აუცილებელ რევოლუციონერობას კი არ ნიშნავს, ახალგაზრდობის პერიოდს მართლა ყველა გადის, ანარქისტიც, ჯარისკაციც, პოლიციელიც და ყველა. ჭეშმარიტი რევოლუციონერი კიდევ ის არის, ვინც ყველაფერი გამოსცადა და მაინც რევოლუციონერად დარჩა. დანარჩენი კი უბრალოდ დახოცეს და არ აცადეს რომ თავის იდეაზე, ადრე თუ გვიან, უარი ეთქვათ. ან იქნებ არც ეთქვათ, მაგრამ არავინ აცადათ “შმაგი” ასაკითვის გადაბიჯება. ( კაკუნი3, იდეისთვის სიკვდილი ადვილია, ბრძოლაა რთული.)
არადა თითქოს რა მარტივ რამეს უკაკუნებს ავტორი, ყველა ვინც იდეისთვის მოკვდა, სიკვდილის წინ იდეაზე კი არა საყვარელ ქალზე ფიქრობდა, ან ბაბუას პორტრეტი როგორ მრავლისთქმელად საუბრობს, თუ როგორ მოიხვეჭა ქონება და სახელი, ამ დროს კი მის ქვეშ მისი შვილიშვილი თავის შეყვარებულს ჩუმად და ურცხვად ეალერსება, ფეხქვეშ თელავს ყველაფერს, რის გამოც ბაბუამისმა იცოცხლა და რის გამოც მდიდრული ხალიჩებია ახლა სახლში, მდიდრული და დიდი ბინლიოთეკაც, რომელიც საიმედოდ იფარავს შეყვარებულების საიდუმლო შეხვედრებს.
რას უკაკუნებს ავტორი, რომ ყველაფერი და ყველაფრისთვის ბრძოლა და სიკვდილი არი ამაოება და ერთადერთი ჭეშმარიტება ერთი ხელის გაწვდენაზეა, რაკიღა კუპიდონი ისარს არცერთ დროში და არავის არ აცილებს?
ეთანხმებით კი? მე ვერ ვიტყვი, რომ სრულიად ვეთანხმები, მაგრამ ფეხებზე არ კიდია ახლა ავტორს ეგ? შეიძლება სულაც არ უნდოდა ამის თქმა, მე ვარ რიგითი ჯარისკაცი მკითხველი.
პ.ს. გარემოებების საცოდავი მსხვერპლია ადამიანი და არაფერი, საერთოდ არაფერი სამყაროსთვის. სანამ ვინმე მეორე არ მოვა და სამყაროდ არ დასახავს. ვისაც ამაზე ეტირება, არ იტიროს. სატირალი არაფერია.