მოქმედება 2008 წლის აგვისტოს ხდება თბილისში. გორის დაბომბვის შემდეგ რუსული ქვედანაყოფები თბილისში შემოდიან და რამდენიმე უბანს იკავებენ. რომანის მთავარი გმირის ქეთევანის მეუღლე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრია. რომელიც პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად რუსეთის მხარესთან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მართავს მოლაპარაკებებს. ქეთევანი მოწყენილია და ერთფეროვან დღეებს დაქალებთან ერთად ატარებს ოკუპირებულ თბილისში. ერთ მშვენიერ დილას, ვაკის პარკში გაიცნობს გორელ სოსოს, რომელიც კრწანისის რეზიდენციას ეძებს, მათი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზრდება, განსაკუთრებით მას შემდეგ როცა საერთო თავგადასავლის მონაწილეები ხდებიან. ერთ საღამოს ქეთევანი დაქალებთან ერთად მკითხავთან ვიზიტს გადაწყვეტს, რათა ომის დასრულების სავარაუდო დრო დაადგინონ. მკითხაობის პროცესი უჩვეულო ფორმით მიმდინარეობს, იქედან წამოსულები კი ჭავჭავაძის გამზირზე სრულიად შემთხვევით რუს ჯარისკაცს გაიტანენ, გვამს საბარგულში ათავსებენ და აქედან იწყება მთავარი ისტორია...
დაამთავრა ქუთაისის პირველი საჯარო სკოლა. აგრეთვე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუსიკალური კარიერა დაიწყო ჯგუფში „პარალელური თაობა“. 2010 წელს გამოსცა პოლიტიკურ-რელიგიურ თემებზე დაფუძნებული წიგნი „საიდუმლო სირობა“, რომელსაც საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. რელიგიურ წრეებში წიგნი მკრეხელობად და რელიგიის, კერძოდ კი, მართლმადიდებლობის შეურაცხყოფად მონათლეს. გაიმართა საპროტესტო აქციები წიგნის გაყიდვიდან ამოღების მოთხოვნით. საზოგადოების მეორე ნაწილში კი პირიქით, მოწონება დაიმსახურა და ერეკლე დეისაძის მხარდასაჭერი აქციები მოაწყვეს. 2012 წელს დააარსა პანკ-ჯგუფი „40 კილომეტრში“. გადაიღო პოლიტიკური ხასიათის კლიპები. მონაწილეობა მიიღო კლიპში „სისტემა უნდა დაინგრეს“, რომელიც საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარ სკანდალს მიეძღვნა და ქართველმა არტისტებმა გააპროტესტეს ძალადობა ციხეებში. 2013 წელს გამოსცა რიგით მეორე წიგნი „დამლაგებელი“. რომანში ასახულია საქართველოს რეალობის ავტორისებული ხედვა.