ასე მგონია, ფიცჯერალდისადმი ყველა ზედმეტად კრიტიკულად ხართ განწყობილნი.
ამ ციცქნა მოთხრობას რაც შეეხება, სულზე მომისწრო. კითხვისას მწუხარების ხუთი ეტაპი გამოვიარე. ოღონდ, მხოლოდ ისეთ დონეზე, ჩემი თავისთვის საშუალება მიმეცა დავკვირვებოდი, რას რატომ ვგრძნობდი. ახლაც ვაკვირდები და ეს წინადადება რა არაბუნებრივად ჟღერს...
ზოგადად, როდესაც ვკითხულობ ან საერთოდ, რაიმეს ვაკეთებ, ყოველთვის ვცდილობ, გარკვეული დისტანცია დავიჭირო ჩემსა და საქმიანობას შორის. ვაი და რაღაც ისე ვერ წავიდეს, გული რომ არ მეტკინოს. მოკლედ, ყველანაირად ვცდილობ არასასურველი გრძნობებისგან თავი დავიცვა.
ჰოდა, ამ მოთხრობასაც ტრადიციულად მივუდექი - ვკითხულობ ვიღაც ადამიანების ისტორიას, რომელთაც ჩემთან საერთო არაფერი აქვთ - ასე ვთქვათ, პროფესიული ცნობისმოყვარეობით.
ეს ერთი ბეწო მოთხრობა კიდევ წამებში გადაახტა ჩემს გალავანს. მერწმუნეთ, გამიკვირდა.
ახლა კი, საითკენ მიმყავს საუბარი - მართალია მოთხრობის გზამკვლევში სხვა საკითხზეა აქცენტი გაკეთებული, ("რა კავშირია სიყვარულსა და თვითშეფასებას შორის - რას გრძნობს ადამიანი, რომელსაც უარყოფენ?") მაგრამ ჩემი ყურადღება ცოტა კიდევ სხვა ჭრილმა მიიპყრო. როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ვიღაც უყვარს? რამდენად თავდაჯერებული უნდა იყო, რომ ვიღაცაზე ივარაუდო - მიყვარსო?
იმდენი ურთიერთგამომრიცხველი ვარიანტი არსებობს - შეიძლება ადამიანს უბრალოდ შეეჩვიე, შეიძლება მოგწონდეს თავს როგორც გაგრძნობინებს, შეიძლება მავანმა წარსულში გული გატკინა და შელახულმა თავმოყვარეობამ მისით შეპყრობილი გაგხადა და რა ვიცი, კიდევ რამდენი. ამდენ ჰიპოთეზას შორის, როგორ, რის მიხედვით, უნდა იფიქრო ადამიანმა რომ ვიღაც ნამდვილად გიყვარს? რომ ეგოს გავლენის ქვეშ არ ხარ? როგორ უნდა მიხვდე, რომ შეპყრობილი არ ხარ? ან კიდევ უარესი, შეჩვეული?
"სამი საათი რეისებს შორის" კარგი მაგალითია - 12 წლის რობერტს 10 წლის ნენსიმ გული ატკინა. 20 წლის შემდეგ რობერტი ნენსის მოინახულებს, იმედის კოშკებს ააგებს და უწყის, რომ ნენსის მიერ მისი გრძნობების გაზიარება სამყაროში ყველაზე ბედნიერ კაცად აქცევს. რატომ?
განა, ცალკე აღებულ ბავშვობის სულელურ სიყვარულს მაგხელა ძალა აქვს? რობერტი ნენსის ეუბნება: "ჩემი ერთადერთი და ნამდვილი სიყვარული შენ იყავი. გულში ჩაგისვი და როცა სხვა ქალაქში გადავედით, თან გაგიყოლე."
ნენსი სიყვარულით კი არ ჩაისვა გულში, არამედ წყენით. წყენა ატარა ოცი წელიწადი და არა სიყვარული. ბავშვური წყენის გაქარწყლება გააბედნიერებს და არა - სიყვარული. ჩემი თავისთვის ვაბრტყელებ ამ სიტყვებს, თორემ ყველაფერი ხომ ისედაც აშკარაა. თავად მინდა გონებაში შევუშვა.
სიუჟეტის მსგავს განვითარებას არ ველოდი, მიუხედავად იმისა, რომ ფიცჯერალდისთვის მაღალი სტანდარტები მაქვს. ერთი სიტყვით, ძალიან მომეწონა, მაგრამ დავუბრუნდეთ ზემოხსენებულს.
თუნდაც ეს ერთი ამბავიც საკმარისია, იმისთვის, რომ დაეჭვდეს კაცი - მართლა უყვარდებათ ადამიანებს ერთმანეთი? საერთოდ არსებობს სიყვარული, როგორც ცალკემდგომი გრძნობა, თუ ყოველთვის რაღაცის ნაკლებობით ან სიჭარბითაა განპირობებული?
საკუთარ გრძნობებს როგორღა უნდა ენდოს ადამიანი? მითუმეტეს ისეთ განუჭვრეტელ, განუსაზღვრელ, ქარაფშუტულ გრძნობას, როგორიც სიყვარულია.
ჰოდა, თუ რევიუს დასაწყისში გაგიჩნდათ შეკითხვა - რას ემსახურება ჩემი გალავანი და რატომ ვიცავ თავს ასე გადაჭრით, აგერ თქვენი პასუხი.
ნენსისა და რობერტის ისტორიის საკუთარ გამოცდილებებთან დაკავშირებას, მირჩევნია სულიერი სიმშვიდე ვარჩიო.
ოღონდ ისეთი ჭკუათხელიც არ ვარ, რომ
ყველაფერი ზედაპირულად, ისტორიების დონეზე ვიკითხო. მხოლოდ ის ნაწარმოებები, რომლებზეც ინტუიცია მიკარნახებს, რომ შესაძლოა ჩემი კეთილდღეობისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენდნენ. ეს ისე.