ლაკონიური აბზაცები, აჩქარებულრიტმიანი, ზუსტი თხრობა, უჩვეულოდ მძაფრი ამბის საპირისპიროდ – ირონიული სტილი, სიმსუბუქითა და სისხარტით შეზავებული დრამატიზმი. მკითხველს უსაგნო სენტიმენტალიზმი კი არ ეძალება, მთავარი გმირის განსაცდელი კი არ თრგუნავს, პირიქით, გულშემატკივრობს ენერგიულ და მშფოთვარე ბორგვას, შემართებასა და ვნებებს ქალისა, რომელიც „შემოდის ეტლით”, თუმცა არა - ზღაპრულით. უფრო ზუსტად, მკითხველი უგულშემატკივრებს გმირს, რომლის ყოველი ნაბიჯი არის შეუპოვარი ბრძოლა სიცოცხლისთვის, სიყვარულისა და ბედნიერებისთვის და რომელიც, მიუხედავად დაბრკოლებებისა, ცდილობს სრულად შეიგრძნოს ცხოვრება... თუმცა, ბრძოლიდან გამოსული, ერთი შეხედვით, დამცირებული და უარყოფილი, უკვე სხვა თვალით შეხედავს რეალობას, თავისი გზით რომ მიედინება, მას კი ყოველდღიურობასთან ჭიდილში ბევრი რამ ასწავლა და ღირსებით აღავსო.
საკმაოდ უცნაური რომანია, არ აქვს ტრადიციული ჰეფიენდი. კი ბედნიერად სრულდება ყველაფერი, ლელა წარმატებას აღწევს, მაგრამ მისი ბედნიერება არ არის სრულყოფილი. თუმცა ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მთავარი ამ რომანში სხვა რამაა. ესაა თემა! ქართულ ლიტერატურაში, ისევე როგორც ჩვენს რეალობაში შშმ თემატიკა ძალიან მწირადაა წარმოდგენილი ან თუ არის მეორე და მეათეხარისხოვან გმირებად. მე როგორც თავად შენ პირს მიხარია ვიღაცამ რომ დაწერა ამ თემაზე წიგნი. ეტლით მოსარგებლე არ ვარ, მაგრამ ჩემთვისაც მტკივნეული თემაა ადაპტირებული გარემოს არარსებობა. მეც გარკვეული ადაპტირება მესაჭიროება. მთავარი გმირის ყოფა და პრობლემები ისე დეტალურად აქვს აღწერილი ავტორს, რომ ვერ დავიჯერებ ელლას პროტოტიპი არ ყავდეს. ისეთი ნაცნობი და ახლობელია პერსონაჯის გრძნობები და პრობლემები… ვფიქრობ ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს, მეტი ინკლუზიურობისთვის.